ტექნიკური რეგლამენტის - ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №256
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019965
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის პროექტი - „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული
ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით
სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №256
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის –
ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ.
მუხლი 2🔗
1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5-მე-9 და მე-11 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5-მე-9 და მე-11 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
საქართველოს მთავრობამ 2021 წლამდე განსაზღვროს თხევადი საწვავის სინჯის აღების, ანალიზის მეთოდებისა და ინსპექტირების წესი.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი –
ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი – ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოხმარებულ ზოგიერთ თხევად საწვავში (საზღვაო საწვავი, მძიმე საწვავი და გაზოილი) გოგირდის შემცველობის ზღვრებს, ასევე მათი ანალიზის მეთოდების შესახებ მოთხოვნებს.
2. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს თხევადი საწვავის მიმართ მოთხოვნებს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების, მოხმარებისა და მიწოდებისას.
3. ტექნიკური რეგლამენტის რეგულაციები არ ვრცელდება:
ა) საავტომობილო ბენზინსა და საავტომობილო დიზელის საწვავზე;
ბ) ტესტირებისა და სამეცნიერო კვლევებისთვის გამიზნულ საწვავზე;
გ) ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში დამუშავების მიზნებისთვის მოხმარებულ საწვავზე;
დ) საბრძოლო ხომალდებისა და სხვა სამხედრო დანიშნულების მცურავ საშუალებებზე მოხმარებულ საწვავზე;
ე) საწვავის ნებისმიერ მოხმარებაზე მცურავ საშუალებებზე, რომელიც აუცილებელია გემის უსაფრთხოების ან ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზნებისთვის.
მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზნები და ამოცანები
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება და გარემო თხევადი საწვავის წვის შედეგად მოსალოდნელი ზიანისგან.
2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს ზოგიერთი თხევადი საწვავის წვის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის ოქსიდების გაფრქვევების შემცირება მასში გოგირდის შემცველობის მაქსიმალური ზღვრული მნიშვნელობების დაწესებით;
ბ) ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის სფეროში დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან ეტაპობრივ მიახლოებას.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გაზოილი – ნებისმიერი თხევადი საწვავი, გარდა საზღვაო საწვავისა, რომელიც შეესაბამება შემდეგ CN კოდებს: 2710 19 25, 2710 19 29, 2710 19 47, 2710 19 48, 2710 20 17 ან 2710 20 19; ან ნებისმიერი თხევადი საწვავი (გარდა საზღვაო საწვავისა), რომლის მოცულობის 65%-ზე ნაკლები (დანაკარგების ჩათვლით) გამოიხდება 250°C-ზე და მისი მოცულობის სულ მცირე 85% (დანაკარგების ჩათვლით) გამოიხდება 350°C-ზე ASTM D86 მეთოდით ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდებით და სტანდარტებით. ეს განმარტება არ მოიცავს იმ დიზელის საწვავს, რომელიც განსაზღვრულია „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით და ასევე არასაგზაო მობილური ტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისთვის განკუთვნილ საწვავს;
ბ) გაზოილი განკუთვნილი საზღვაო ტრანსპორტის მიერ მოხმარების მიზნებისთვის (შემდგომში - საზღვაო გაზოილი) – ნებისმიერი საზღვაო საწვავი, რომელიც წარმოადგენს ნავთობის გამოხდით მიღებულ თხევად საწვავს, გააჩნია დაბალი სიბლანტე (5.5-6.0 მმ2/წმ) საზღვაო დიზელთან შედარებით და გამოიყენება საწვავად შედარებით მცირე მოცულობის შიგაწვის ძრავებისთვის (< 5ლ), როგორც ეს განმარტებულია ISO 8217 სტანდარტის I ცხრილში (მხედველობაში არ მიიღება გოგირდის შემცველობა) ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდებით და სტანდარტებით;
გ)გემი ნავმისადგომთან – გემი, რომელიც უსაფრთხოდ მიადგა ან გაჩერდა პორტში, ასრულებს ჩატვირთვის/გადმოტვირთვის საქმიანობას ან დროებით ღუზაზე დგომას და ასევე მოიცავს იმ დროსაც, როდესაც ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს;
დ) დიზელი განკუთვნილი საზღვაო ტრანსპორტის მიერ მოხმარების მიზნებისთვის (შემდგომში - საზღვაო დიზელი) – ნებისმიერი საზღვაო საწვავი, რომელიც წარმოადგენს მძიმე გაზოილის და ძალიან მცირე რაოდენობით ნავთობის ნარჩენი ნედლეულის ნარევს, რომელიც გამოირჩევა დაბალი სიბლანტით 11 მმ2/წმ (სანტისტოქსი) 40°C-ზე, გამოიყენება მე-2 (5-30 ლ) და მე-3 (> 30 ლ) კატეგორიის ძრავების საწვავად და არ ესაჭიროება გათბობა შიგაწვის ძრავებში გამოსაყენებლად, როგორც ეს განმარტებულია ISO 8217 სტანდარტის I ცხრილში (მხედველობაში არ მიიღება გოგირდის შემცველობა) ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდებითა და სტანდარტებით;
ე) თხევადი საწვავი – წიაღისეული ნავთობის გადამუშავებით მიღებული სითხე, რომელიც გამოიყენება ენერგომოხმარებისთვის ნახშირწყალბადების ქიმიური ენერგიის თბურ ენერგიად გარდაქმნის გზით;
ვ) მძიმე საწვავი - ნებისმიერი თხევადი საწვავი, გარდა საზღვაო საწვავისა, რომელიც შეესაბამება შემდეგ CN კოდებს: 2710 19 51 - 2710 19 68, 2710 20 31, 2710 20 35 ან 2710 20 39; ან ნებისმიერი თხევადი საწვავი (გარდა ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაზოილისა და „ბ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საზღვაო საწვავისა), რომელიც მისი დისტილაციის (გამოხდის) ზღვრების გამო მიეკუთვნება საწვავად გამოყენებადი მძიმე ნავთობპროდუქტის კატეგორიას და მისი მოცულობის 65%-ზე ნაკლები (დანაკარგების ჩათვლით) გამოიხდება 250°C-ზე ASTM D86 მეთოდით ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდებითა და სტანდარტებით. იმ შემთხვევაში, თუ ASTM D86 მეთოდის ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდებისა და სტანდარტების საშუალებით ვერ განისაზღვრება დისტილაცია (გამოხდა), მაშინ ნავთობპროდუქტი მიეკუთვნება მძიმე საწვავის კატეგორიას;
ზ) ნავთობპროდუქტი – ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება;
თ) საზღვაო საწვავი – ნებისმიერი თხევადი საწვავი, რომელიც განკუთვნილია ბორტიან გემებზე გამოსაყენებლად და ასევე მოიცავს სხვა საწვავს, განმარტებულს ISO 8217 სტანდარტით ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდებითა და სტანდარტებით. იგი მოიცავს ნებისმიერ თხევად საწვავს, რომელიც გამოიყენება გემებზე, რომლებიც განკუთვნილია ძირითადად შიდა წყლებში სანაოსნოდ და რეკრეაციული მცურავი საშუალებების ბორტებზე, რომლებიც განმარტებულია „რეკრეაციული მცურავი საშუალებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №452 დადგენილებით;
ი) ASTM D86 მეთოდი – „ტესტირებისა და მასალების ამერიკის საზოგადოების“ ნავთობპროდუქტებისა და საპოხი მასალების სტანდარტის განსაზღვრისა და სპეციფიკაციების 1976 წლის გამოცემით დადგენილი მეთოდი;
კ) CN კოდი – კომბინირებული ნომენკლატურის კოდი – (შემდგომში – CN კოდი) ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის წარმოადგენს სასაქონლო ნომენკლატურას, რომელიც ერთდროულად პასუხობს როგორც ერთიანი საბაჟო ტარიფის, ასევე ევროპის თანამეგობრობის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მოთხოვნებს;
ლ) SOx ემისია – გოგირდის ოქსიდების გაფრქვევები;
მ) SOx ემისიის კონტროლის ზონა – ზღვაში გამოყოფილი ზონა, სადაც მოითხოვება სპეციალური სავალდებულო ზომების მიღება გემებიდან SOx გამონაბოლქვისა და მისი თანმდევი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით.
მუხლი 4🔗. კომპეტენტური ორგანოები
ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თხევადი საწვავისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი);
ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობების მიმართ;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური – თხევადი საწვავის იმპორტზე.
მუხლი 5🔗. გოგირდის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა მძიმე საწვავსა და გაზოილში
1. იკრძალება ისეთი სახის მძიმე საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, წარმოება და მოხმარება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საწვავის საერთო მასის 1%-ს.
2. იკრძალება ისეთი სახის გაზოილის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საწვავის საერთო მასის 0.10%-ს.
მუხლი 6🔗. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებსა და დაბინძურების კონტროლის ზონებში, მათ შორის, SOx ემისიის კონტროლის ზონებში მცურავი საზღვაო ტრანსპორტის მიერ გამოყენებულ საზღვაო საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობები
1. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, მათ შორის, დაბინძურების კონტროლის ზონებში, ასევე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომლებიც ექცევა SOx ემისიის კონტროლის ზონაში, იკრძალება ისეთი საზღვაო საწვავის გამოყენება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საერთო მასის 0.10 %-ს. ამ პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე, მათ შორის, იმ გემებზეც, რომელთა მარშრუტიც იწყება ქვეყნის გარეთ.
2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, მათ შორის, დაბინძურების კონტროლის ზონებში, ასევე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში იკრძალება ისეთი საზღვაო საწვავის გამოყენება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საერთო მასის 0.50%-ს. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე, მათ შორის, იმ გემებზეც, რომელთა მარშრუტიც იწყება ქვეყნის გარეთ ისე, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ SOx ემისიის კონტროლის ზონად გამოცხადებულ საზღვაო სივრცეში, მათ შორის, ნავსადგურებში, კონტროლის ზონის სტატუსის ოფიციალურად ძალაში შესვლიდან 12-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ.
4. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულებას:
ა) საკუთარი დროშით მცურავ გემებთან მიმართებაში;
ბ) SOx ემისიის კონტროლის ზონების მოსაზღვრედ საქართველოს ნავსადგურში განთავსებულ ყველა დროშით მცურავ გემებთან მიმართებაში.
მუხლი 7🔗. გოგირდის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა ნავმისადგომებთან განთავსებული გემების მიერ გამოყენებულ საზღვაო საწვავში
1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს ნავსადგურში ნავმისადგომებთან განთავსებული გემების მიერ არ მოხდეს ისეთი საზღვაო საწვავის გამოყენება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საწვავის საერთო მასის 0,10%-ს.
2. გემის ეკიპაჟს საკმარისი დრო უნდა მიეცეს საწვავის ჩანაცვლების პროცედურების ჩასატარებლად, რომელიც უნდა განხორციელდეს გემის ნავმისადგომთან ჩამოდგომის შემდეგ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში და რაც შეიძლება გვიან მის გამგზავრებამდე. საწვავის ჩანაცვლების თითოეული პროცედურის თარიღი აღირიცხება გემის ჟურნალში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) როდესაც გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით გემის ნავმისადგომთან დგომის დრო შეადგენს 2 საათზე ნაკლებს;
ბ) გემებზე, რომლებიც ნავსადგურში ნავმისადგომთან დგომის დროს აქრობენ ყველა ძრავს და იყენებენ სანაპიროს ელექტროენერგიას.
მუხლი 8🔗. გოგირდის შემცველობის მაქსიმალური ზღვრები საზღვაო დიზელსა და გაზოილში
1. საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება ისეთი საზღვაო დიზელის იმპორტი, წარმოება, მიწოდება და მოხმარება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საერთო მასის 1.50 %-ს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება ისეთი საზღვაო გაზოილის იმპორტი, წარმოება, მიწოდება და მოხმარება, რომელშიც გოგირდის შემცველობა აჭარბებს საერთო მასის 0.10 %-ს.
მუხლი 9🔗. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მცურავი გემის მიმართ დაწესებული მოთხოვნები
1. გემი ვალდებულია, ინფორმაცია საზღვაო საწვავის ცვლილების შესახებ სრულყოფილად ასახოს გემის ჟურნალში.
2. იმ შემთხვევაში, თუ გემის საზღვაო საწვავის შემადგენლობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, დეპარტამენტი ვალდებულია, გემს მოსთხოვოს:
ა) საზღვაო საწვავისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის მისაღწევად განხორციელებული ქმედებების შესახებ ჩანაწერის წარდგენა;
ბ) დაგეგმილი მარშრუტის ფარგლებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისი საზღვაო საწვავის შეძენის მცდელობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. თუ დაგეგმილი მარშრუტის ფარგლებში ასეთი საწვავი ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა, ასევე – ასეთი საზღვაო საწვავის ალტერნატიული წყაროდან მოპოვების მცდელობის დამადასტურებული მტკიცებულების წარდგენა.
3. გემს არ მოეთხოვება დასახული მარშრუტიდან გადახვევა ან ასეთი მარშრუტის განხორციელების არაგონივრული ვადით დაგვიანება საზღვაო საწვავის ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
4. თუ გემი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას, დეპარტამენტი, არსებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს შესაბამის ზომებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი საზღვაო საწვავი არ არის ხელმისაწვდომი შესაძენად, გემი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოში „გემებისგან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ 1973 წლის საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) განხორციელების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოს.
მუხლი 10🔗. საზღვაო საწვავის ადგილობრივი მიმწოდებელი
1. საზღვაო საწვავის ადგილობრივი მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ რეალიზებულ ყველა საზღვაო საწვავში გოგირდის შემცველობის დადასტურება ბუნკერში ჩატვირთვის ჩანაწერით, რომელსაც თან უნდა ახლდეს დალუქული ნიმუში მიმღები გემის წარმომადგენლის ხელმოწერით.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, საზღვაო საწვავის ადგილობრივი მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია და შესაძლებელია, მოპოვებულ იქნეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მუხლი 11🔗. თხევადი საწვავის სინჯების შერჩევისა და ანალიზის მეთოდები
1. თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან კონტროლდება სინჯების აღების გზით.
2. სინჯების აღება უნდა განხორციელდეს პერიოდულად, საკმარისი სიხშირითა და ოდენობით იმგვარად, რომ ნიმუში იყოს გამოსაკვლევი საწვავის რეპრეზენტატიული, ხოლო საზღვაო საწვავის შემთხვევაში, რეპრეზენტატიული იყოს ზღვის შესაბამის ზონებსა და ნავსადგურებში ყოფნისას გემების მიერ გამოყენებული საწვავისა. ნიმუშების გამოკვლევა უნდა განხორციელდეს გაუმართლებელი შეფერხების გარეშე.
3. თხევადი საწვავის სინჯის აღების, ანალიზის მეთოდებისა და ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.