1. სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად, შესასწავლად და საბჭოს სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა სამსახურის აპარატს.
2. აპარატი საჩივარს, თანდართულ მასალებთან ერთად, დასკვნისათვის/ ინფორმაციის მიღებისთვის უგზავნის სამსახურს. სამსახური მისთვის კორესპონდენციის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ამზადებს ინფორმაციას და სათანადო მასალებთან (მათ შორის, მტკიცებულებებთან) ერთად უგზავნის აპარატს.
3. საჭიროების შემთხვევაში აპარატი უფლებამოსილია, საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე, საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად ჩაატაროს მოსამზადებელი შეხვედრა მხარეებთან.
4. აპარატი საჩივარში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი და საჩივრის ავტორს განუსაზღვროს არანაკლებ 7 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
5. აპარატი საჩივარზე ადგენს ხარვეზს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ გარემოებებს:
ა) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;
ბ) საჩივარი ან მასზე დართული დოკუმენტები არ იკითხება;
გ) საჩივარი ხელმოუწერელია;
დ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტები არ არის სახელმწიფო ენაზე შედგენილი.
6. აპარატის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს, ამავე ვადაში საჩივრის ავტორის/წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, არაუმეტეს 7 სამუშაო დღით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი საჩივრდება საბჭოში.
8. საჩივრის ავტორი უფლებამოსილია, საბჭოს სხდომამდე გამოითხოვოს მის შესახებ სამსახურის სისტემაში დაცული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. საჩივრის ავტორის თანხმობის გარეშე მესამე პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემა დაუშვებელია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საბჭოს წევრებსა და საბჭოს აპარატზე.
9. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის ავტორისთვის/მისი წარმომადგენლისათვის კორესპონდენციის ჩაბარების ყველა შესაძლო მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, აპარატს გააქვს საკითხი საბჭოს სხდომაზე და ატყობინებს საბჭოს წევრებს საჩივრის ავტორის მოძიების შეუძლებლობის შესახებ.
10. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, პოზიციებისა და დასკვნების შეკრების შემდეგ, აპარატი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენასა და მის შეთანხმებას საბჭოს თავმჯომარესთან.
11. თუ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საჩივარი აპარატის მიერ მიიჩნევა დასაშვებად, იგი თანდართულ მასალებთან ერთად, აპარატის მიერ, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით წარედგინება საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
12. გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულისა, აპარატის მიერ საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ პირებს საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ეგზავნებათ შეტყობინება საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის თაობაზე. შეტყობინება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს აპარატის ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებებით.