აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/237
2017 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 22 მარტისა (04/1128) და 2017 წლის 25 აპრილის №04/1633 განცხადებები სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ,,ახალციხე-ბათუმის” 220 კვ. საჰაერო ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №2530 განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №103 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე - ბათუმის 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის” და ,,კორომხეთის” ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.
მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი, სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მოცემულ პროექტს ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხის არსებული 500/400 კვ-იანი მუდმივი ძაბვის ქვესადგურიდან დაიწყება და ბათუმის არსებულ 220 კვ-იანი ქვესადგურს დაუკავშირდება. ხაზის მთლიანი სიგრძე 150 კილომეტრია.
„ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა ბეჟან ბოლქვაძისა (პ/ნ 61009006906) და გელა შოთიძის (პ/ნ 61006049925) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
დასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობისათვის.
2017 წლის 22 მარტსა და 2017 წლის 25 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებებით მომართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და „ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობა და მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, მათ შორის, ხორციელდება ,,ახალციხე - ბათუმის” 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, აუცილებელია გამოსყიდულ იქნეს კერძო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც უნდა განთავსდეს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძები.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა შემდეგი უძრავი ქონება: 1. ქ. ბათუმში, კაბანდიბის დასახლებაში მცხოვრები ბეჟან ბოლქვაძის (პ/ნ 61009006906) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 05.35.26.223 და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. 2. ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩა №8გ-ში მცხოვრები გელა შოთიძის (პ/ნ 61006049925) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 05.35.26.055 და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.
ვინაიდან მითითებულ მესაკუთრეებთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით _ ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.Э
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 2 მაისის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ახალციხე-ბათუმის” 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება: ა. მესაკუთრე ბეჟან ბოლქვაძე (პ/ნ 61009006906), მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი, კაპანდიბის დასახლება, ს/კ №05.35.26.223 (წინა საკადასტრო კოდი №05.35.26.222) 759 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა; ბ. მესაკუთრე გელა შოთიძე (პ/ნ 61006049925), მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩა №8გ-ში, ს/კ №05.35.26.055 (წინა საკადასტრო კოდი 22.27.03.160) 209 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი გიორგი გახარია