აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

 

 

 

ბრძანება №1-1/244

2017 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ ( შემდგომში „კომისია“) განიხილა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ 2017 წლის 28 მარტის №684-  განცხადება (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი 28.03.2017; რეგისტრაციის ნომერი: 4022/12) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

პროექტის მოკლე აღწერილობა:

2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ჭიათურაში მიმდინარეობს 4 რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1415 და 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებებით, დასახელებული პროექტის განსახორციელებლად შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა და მასვე დაევალა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა.

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1612 განკარგულების შესაბამისად, 2016 წლის 10 აგვისტოდან ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქონების გამოსყიდვა დაევალა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს.“

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია „Pomagalski“ განახორციელებს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციის სფეროში. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს. ახალი საბაგირო გზების მშენებლობა დაფინანსებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ.

ამჟამად, მიმდინარეობს საბაგირო გზა – „მუხაძის“ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნაწილთან ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ ქ. ჭიათურაში, დავით აღმაშენებლის ქ. №108- ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე ზურაბ კაპანაძესთან (პ/ნ 54001017044), ს/კ №38.10.41.028 და მიმდინარე ეტაპისათვის მასთან მედიაციის ყველა რესურსი ამოწურულია.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტი „ქალაქ ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაცია“ წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების პროექტს.

ასევე დადასტურებულია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება ს/კ 38.10.41.028 (მდებარე ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის №108, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 833 კვ.მ) რეგისტრირებულია ზურაბ კაპანაძის საკუთრების უფლებით.

ზურაბ კაპანაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი (74.16 კვ.მ) და მასზე განთავსებული ნარგავები წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.

ვინაიდან, სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 2 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ქ. ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს “ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ( მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები 74. 16 კვ.მ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება – მესაკუთრე ზურაბ კაპანაძე (პ/ნ 54001017044. მის.: ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის ქუჩა №108, ს/კ: 38.10.41.028).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ. მ, №6).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                             ნინო ჯავახაძე