შ.პ.ს. ,,არლის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 9942 -201 7
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2017 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს ,,არლის” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,არლის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით შპს ,,არლის” დირექტორს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განჩინება გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და განემარტა კრედიტორებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით სს ,,საქართველოს ბანკის” განცხადება შპს ,,არლის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, შპს ,,არლის” დავალიანება სს ,,საქართველოს ბანკის” მიმართ მთლიანობაში შეადგენს: ძირი თანხა – 481,689,84 აშშ დოლარი, პროცენტი – 6,823,17 აშშ დოლარი, სულ 488,513,01 აშშ დოლარი.
მეურვის მოხსენების მიხედვით, ორგანიზაციის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 8701,96 ლარს და 485083,56 აშშ დოლარს. საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. მოთხოვნა შეადგენს 5954,01 ლარს. ასევე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია არაუზრუნველყოფილი კრედიტორის – შპს ,,ტექნო ფიქსის“ მოთხოვნა 4115,7 ლარის ოდენობით. ორგანიზაციას დებიტორული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია. შპს ,,არლის” სახელზე რიცხული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შპს ,,არლის” სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შპს ,,არლის” საკუთრებად ავტომანქანა რეგისტრირებული არ არის, მოვალეს მოძრავი ქონება არ აქვს. შპს ,,არლის” ანგარიში აქვს გახსნილი სს ,,საქართველოს ბანკში“ და სს ,,ლიბერთი ბანკში“. ანგარიშებზე კომპანიას თანხა არ ერიცხება და მოვალის მიერ გადახდისუუნარობის განცხადების სასამართლოში შეტანამდე ქონება გასხვისებული არ ყოფილა.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორების განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,არლის” მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში, მეურვის მოხსენებით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული გარემოება დადასტურდა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,არლი” გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,არლის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.
ვინაიდან, შპს ,,არლის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება, კრედიტორის – სს ,,საქართველოს ბანკის” მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს მეურვის – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკის” მიერ გადახილი სახელმწიფო ბაჟი – 5000 ლარი, უნდა დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,არლის” (ს/ნ 402018758) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,არლი”გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,არლის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. სს ,,საქართველოს ბანკის” მიერ 2017 წლის 24 აპრილს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE74BR0000010517463483 ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.
3. სს ,,საქართველოს ბანკს“ დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 5000 (ხუთი ათასი) ლარი (გადახდის თარიღი – 13.04.17; საგადახდო დავალება – №2142; გადამხდელი – სს ,,საქართველოს ბანკი“; სახაზინო კოდი – 300773150; მიმღები: სახელმწიფო ხაზინა).
4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი