აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/329    

2017 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ 2017 წლის 28 მარტის №684-გ, 2017 წლის 05 ივნისის №1301-გ, 2017 წლის 30 ივნისის №1625-გ განცხადებები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პროექტის მოკლე აღწერილობა:

 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ჭიათურაში მიმდინარეობს 4 რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია.

 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1415 და 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებებით, დასახელებული პროექტის განსახორციელებლად შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა და მასვე დაევალა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა.

 შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1612 განკარგულების შესაბამისად, 2016 წლის 10 აგვისტოდან ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქონების გამოსყიდვა დაევალა სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს.“

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”Pomagalski” განახორციელებს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციის სფეროში. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.

ამჟამად, მიმდინარეობს საბაგირო გზა – ,,მუხაძის“ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნაწილთან ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ ქ. ჭიათურაში, დავით აღმაშენებლის ქ. №93-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებთან დემურ გველესიანთან (პ/ნ 01024028971) და ციური ქოქოშვილთან (პ/ნ 01009012933) ს/კ №38.10.44.029. ფონდისა და უძრავი ქონების მესაკუთრეთა შეუთანხმებლობის მიზეზია, საექსპროპრიაციო უძრავ ქონებაზე საბაგიროს სადგურის მშენებლობა, რადგან, მესაკუთრეთა მოსაზრებით, აღნიშნული გამოიწვევს მათი საცხოვრებელი პირობების გაუარესებას და მიუთითებენ ხაზობრივი ნაგებობის ექსპლუატაციით გამოწვეულ ხმაურზე.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს მოთხოვნა და სსიპ ,,მუნუციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტი – ქალაქ ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაცია წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების პროექტს.

დადასტურებულია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონებაზე ს/კ 38.10.44.029 (მდებარე ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის №93, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 960 კვ.მ) რეგისტრირებულია დემურ გველესიანისა და ციური ქოქოშვილის საკუთრების უფლება.

დემურ გველესიანისა და ციური ქოქოშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი (142 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.

ვინაიდან სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან,

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ 2017 წლის 20 ივლისის №08/1077 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ ,,მოწყობილობა უნდა იქნეს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ ნებისმიერი შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა, მავნე აირების, ხმაურის ან ვიბრაციის ჩათვლით შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრებს (2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №320 ,,ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2.9.1). სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ წარმოდგენილ კომპანია „Pomagalski“-ს დაპროექტებულ რევერსული საჰაერო საბაგირო მშენებლობის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოწყობილობის ქვესისტემებს და უსაფრთხოების კომპონენტებს გავლილი აქვს ბაზარზე განთავსებამდე აუცილებელი პროცედურები – პროდუქტის შესაბამისობის შეფასება ევროპული აკრედიტებული ნოტიფიცირებული ორგანოს ევროდირექტივის EC 200/9 მიხედვით, რაც გულისხმობს მოწყობილობა დამზადებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად (EN12929-1, EN12929-2, EN13223, EN13243, EN13796, EN12927, EN13107, EN12930)"'.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. ქ. ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები – 142 კვ.მ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება – თანამესაკუთრეები დემურ გველესიანი (პ/ნ 01024028971) და ციური ქოქოშვილი (პ/ნ 01009012933, მის.: ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის ქუჩა №93, ს/კ №38.10.44.029 ).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

მინისტრი გიორგი გახარია