2017 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1588
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1588

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

2017 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის – „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო), მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს:

ა) ღვინის დისტილატის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისგან (შემდგომში - ყურძნის ჩამბარებელი) კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ ღვინის კომპანიებზე სუბსიდიის გაცემა შემდეგი ოდენობით:

ა.ა) 1 კგ რქაწითელისათვის – 0,35 ლარი;

ა.ბ) 1 კგ კახური მწვანისათვის – 0,35 ლარი;

ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელი მეწარმე სუბიექტისთვის (შემდგომში – ღვინის კომპანია) ჩაბარებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისთვის სუბსიდიის გაცემა ყურძნის ჩამბარებელზე  2,00 ლარის ოდენობით.

2. დაევალოს სააგენტოს, 2017 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების (კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში) ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთა და კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

3. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში), ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.

4. ეთხოვოთ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოსთვის კანდიდატურების წარდგენა და ყურძნის ჩამბარებლებზე,   სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად, ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობების გაცემა.

5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ყურძნის ჩაბარების პროცესზე კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.

6. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სუბსიდიის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ყურძნის ჩაბარების თაობაზე ყურძნის ჩამბარებელსა და ღვინის კომპანიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  ღვინის კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ყურძნის ჩამბარებელი.

7. ღვინის კომპანიები, რომლებსაც აქვთ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და დასახელება – „საფერავის“ გამოყენების განზრახვა,  ვალდებულები არიან, რეგისტრაცია გაიარონ სამუშაო ჯგუფში. სააგენტომ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დასახელება „საფერავის“ გამოყენების უფლება მისცეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფში რეგისტრირებულ ღვინის კომპანიებს და მხოლოდ სამუშაო ჯგუფის მიერ აღრიცხული ყურძნისგან მიღებულ და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარმოებულ ღვინოებზე.

8. ამ განკარგულების მე-6 პუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულოა:

ა) ყურძნის ჩაბარების დაწყებამდე ღვინის კომპანიის მიერ სამუშაო ჯგუფში რეგისტრაციის გავლა;

ბ) ღვინის კომპანიის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავება სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული არანაკლებ 500 კგ-იანი სასწორით აღჭურვილ საწარმოში;

გ) ყურძნის ჩამბარებლის მიერ ყურძნის ჩაბარების პროცესში ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული ცნობის წარდგენა.

9. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ ღვინის კომპანიას, რომელიც:

ა) ღვინის დისტილატის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, 2017 წლის რთველზე შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 500 ტონა რქაწითელის ან/და კახური მწვანის ჯიშის ყურ ძენს;

ბ) შესყიდული 1 კგ რქაწითელის ან/და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,70 ლარს;

გ) 2017 წლის რთველზე შესყიდული და გადამუშავებული არანაკლებ 500 ტონა ყურძნისგან დაამზადებს კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილს ან/და გამოხდის ღვინის დისტილატს.

10. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სუბსიდიის თანხის მისაღებად ღვინის კომპანიასა და სააგენტოს შორის ფორმდება ორმხრივი შემაჯამებელი აქტი, რისთვისაც ეს ღვინის კომპანია ვალდებულია:

ა) ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესის დაწყებამდე სააგენტოსთან გააფორმოს ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება), რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოაწესრიგებს:

ა.ა) გადამუშავებული ყურძნისგან ღვინისა და ღვინის დისტილატის  ან/და ყურძნის ტკბილისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის გამოსავლიანობის ზღვრებს;

ა.ბ) ღვინის დისტილატის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების სავალდებულო აღრიცხვის ფორმებს;

 ბ) 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტოში წარადგინოს ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტები,  ყურძნის ჩამბარებლისთვის რქაწითელის ან/და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ არანაკლებ 0,70 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტოში წარადგინოს 2017 წლის რთველის ფარგლებში გადამუშავებული არანაკლებ 500 ტონა ყურძნისგან ღვინის დისტილატის გამოხდის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამზადების დამადასტურებელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

11. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის კომპანიას არ აქვს დასრულებული ამ განკარგულების მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღვინის დისტილატის გამოხდის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამზადების ტექნოლოგიური პროცესი, მას უფლება აქვს, მიიღოს სუბსიდიის თანხა ორმხრივი შემაჯამებელი აქტის გაფორმების გარეშე, რისთვისაც ღვინის კომპანია ვალდებულია:

ა) ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესის დაწყებამდე სააგენტოსთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოაწესრიგებს:

ა.ა) გადამუშავებული ყურძნისგან ღვინის დისტილატის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის გამოსავლიანობის ზღვრებს;

ა.ბ) ღვინის დისტილატის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების სავალდებულო აღრიცხვის ფორმებს;

 ბ) 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტოში წარადგინოს ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტები, ყურძნის ჩამბარებლისთვის/ჩამბარებლებისთვის რქაწითელის ან/და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ არანაკლებ 0,70 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტოში წარადგინოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომერციული ბანკის მიერ სააგენტოს სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია (ბენეფიციარი – სააგენტო), რომლის ოდენობაც 10%-ით უნდა აღემატებოდეს ღვინის კომპანიის მიერ მისაღები სუბსიდიის თანხას.

12. ღვინის კომპანია, რომელსაც ამ განკარგულების მე-11 პუნქტის საფუძველზე ჩაერიცხება სუბსიდიის თანხა, ვალდებულია, 2018 წლის 30 აპრილამდე სააგენტოში წარადგინოს 2017 წლის რთველის ფარგლებში შესყიდული და გადამუშავებული ყურძნისგან ღვინის დისტილატის გამოხდის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამზადების დამადასტურებელი,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

13. ღვინის კომპანიაზე ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სუბსიდია გაიცემა ამავე განკარგულების მე-10 პუნქტში მითითებული ორმხრივი შემაჯამებელი აქტის გაფორმებიდან ან მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 

14. ყურძნის ჩამბარებელზე ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სუბსიდია გაიცემა ყურძნის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ.

15. ღვინის კომპანიის მიერ ამ განკარგულების მე-11-მე-12 პუნქტებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, ღვინის კომპანიასა და სააგენტოს შორის ფორმდება ორმხრივი შემაჯამებელი აქტი, რაც სააგენტოსთვის წარმოადგენს საბანკო გარანტიის გასაუქმებლად მისი გამცემი კომერციული ბანკისადმი მიმართვის საფუძველს.

16. ღვინის კომპანიის მიერ ამ განკარგულების მე-11-მე-12 პუნქტებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ღვინის კომპანიის მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის თანხა სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

17. დაევალოს სააგენტოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბსიდიის მიმღები ღვინის კომპანიების მიერ  ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა ყურძნის მიღება-გადამუშავებიდან ღვინის დისტილაციისა და კონცენტრირებული ტკბილის დამზადების მთლიანი  პროცესის ჩათვლით.

18. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ღვინის კომპანია, ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი  საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით გათვალისწინებული ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ყურძნის გადამუშავების შედეგად დარჩენილი ჭაჭის გამოხდა ან მისი სხვა სახით გამოყენება/განადგურება და არ დაუშვან მისი ფიზიკური პირისთვის/პირებისთვის გადაცემა.

19. ეთხოვოთ თვითმმართველი ქალაქების აღმასრულებელ ორგანოებს   2017 წლის რთველის პერიოდში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ადგილების გამოყოფა.

20. დაევალოს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, უზრუნველყოს მის მმართველობაში არსებული სს „აკურას“ (ს/კ:  231165583) მიერ 2017 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

21. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1  ნოემბრამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის №454 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით   სააგენტოსთვის განსაზღვრული შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობის გარდა, დამატებით განსაზღვროს არაუმეტეს 100 (ასი) ერთეულით, რომელთა ანაზღაურება უნდა განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის – „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი:   37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი