2013 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1090
2013 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
2013 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ
1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა - მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში –სააგენტო) მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის კომპანიებზე გასცეს სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
ა) 1 კგ რქაწითელისათვის – 0,40 ლარი;
ბ) 1 კგ კახური მწვანისათვის – 0,40 ლარი;
გ) 1 კგ საფერავისათვის – 0,25 ლარი.
2. დაევალოს სააგენტოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
3. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.
4. ეთხოვოს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის მუნიციპალიტეტებს უზრუნველყონ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოსთვის კანდიდატურების წარდგენა.
5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ყურძნის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.
6. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სუბსიდიის მიღების უფლება ენიჭება იმ ღვინის კომპანიებს, რომლებიც ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისაგან ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვას განახორციელებენ არანაკლებ ერთ ლარად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქონლის (ყურძნის) ადგილწარმოშობის შესახებ ცნობის საფუძველზე.
7. სააგენტომ ღვინის კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ განკარგულების მე-6 პუნქტში მითითებული საფასურის ფიზიკური პირებისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი ფიზიკური პირი და ღვინის კომპანია) მიერ შედგენილი (ხელმოწერილი) მიღება-ჩაბარების აქტისსააგენტოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.
8. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანა.
9. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის, საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი