1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;
დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) მისი პოზიციიდან შესაბამისად იცის დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;
თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ;
ი) იცის თემში არსებული რესურსის შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.
2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ) პოზიტიურ აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას;
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმები და გზების განსაზღვრა;
ზ) ინტერვენციების განხორციელება ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში ბავშვის ჯგუფის ძირითად ოთახში;
თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღების კუთხით;
კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ) ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება;
მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების თანხვედრა სოციალური მოდელის მიხედვით.