„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. „რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში საიჯარო ურთიერთობათა დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 22 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად დადებული სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებები 1996 წლის 31 დეკემბრამდე მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“საქართველოს კანონთან. 1997 წლის 1 იანვრიდან ამ კანონთან შეუსაბამო ხელშეკრულებები ბათილია.

3. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიღებული მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული აქტები ბათილია.

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მაქსიმალური ვადა განსაზღვრულია 49 კალენდარული წლით.

6. ერთი იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზღვრულ ფართობს ადგენს და რაიონებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, მათ შორის საზამთრო და საზაფხულო საძოვრებით სარგებლობის საკითხს არეგულირებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 28 ივნისი.

330–IIს