საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 31.07.2017
ძალაში შესვლა 20.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №6-7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი;
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები, და
სურთ რა გაამარტივონ თავიანთი სახელმწიფოების იმ მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლა, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტს, უფლება აქვს, ვიზის გარეშე შევიდეს, ტრანზიტით გაიაროს და დატოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს მოქმედ ზემოხსენებულ პასპორტს, უფლება აქვს, ვიზის გარეშე იმყოფებოდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180)-დღიან პერიოდში.
მუხლი 2🔗
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის ესაჭიროებათ ვიზა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს.
3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.
მუხლი 3🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეს, რომელსაც ის მიუღებლად მიიჩნევს.
მუხლი 4🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
მუხლი 5🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეთა დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის დღეს, მოქმედი უნდა იყოს სულ მცირე 6 (ექვსი) თვის მანძილზე
მუხლი 6🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.
მუხლი 7🔗
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
2. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. ამ შეთანხმების მოქმედების შეჩერება გავლენას არ იქონიებს იმ მოქალაქეების უფლებებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით, ნებისმიერი მესამე პირის ან საერთაშორისო ტრიბუნალის ჩარევის გარეშე.
მუხლი 10🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.
ზემოაღნიშნულის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ უფლაბამოსილნი ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას,
შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 31 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჰინდი და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
დავით ჯალაღანია
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილე
ინდოეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
იოგეშვარ სანგვანი
ინდოეთის ელჩი
საქართველოში