ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.10.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2017 წლის 10 ნოემბერი
დაბა ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა
დანართი
ჩხოროწყუ მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში –მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗.
მერიის სამართლებრივი სტატუსი
1.მერია არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდეგში-მუნიციპალიტეტი) აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი (შემდეგში – მერი) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
3. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან – მერიის სამსახურებისგან (შემდეგში – მერიის სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში – საკრებულო) და მერის დავალებების შესრულებას.
მუხლი 3🔗.
მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗.
მერიის ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5🔗.
მერიის ბეჭედი, ბლანკი და ადგილსამყოფელი
1. მერიას აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
2. მერიის ადგილსამყოფელია: დაბა ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №1.
თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗.
მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მერიის სამსახურის უფროსი (შემდეგში – სამსახურის უფროსი).
2. მერიის თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეჩერების და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
3. მერიის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
3. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.თ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.ი) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ ქვეპუნქტში აღნიშნული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.კ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში:
ვ.ა) ამტკიცებს დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმას;
ვ.ბ) ამტკიცებს ამომრჩეველთა სიის ფორმას;
ვ.გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვას;
ვ.დ) განსაზღვრავს საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს (სტრუქტურულ ერთეულს);
ვ.ე) საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.
4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.
5. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 8🔗.
მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. მერის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს მერის მოადგილე (მერის ერთ-ერთი მოადგილე), ხოლო მერის მოადგილის არყოფნისას – მერის დავალებით, მერის სხვა მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მერის პირველი მოადგილე.
4. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 9🔗.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თავი III
მერიის სტრუქტურა
მუხლი 10🔗.
მერიის სტრუქტურა
1. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირების (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე (მოადგილეები)) და მერიის სამსახურებისაგან.
2. მერიის სამსახური იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. მერიის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
5. მერიის თანამდებობის პირების და მერიის საჯარო მოხელეთა რაოდენობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 11🔗.
მერიის სამსახური
1. მერიის სამსახური, შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებების და მერის დავალებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების, შესაბამისი სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმების და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური;
დ) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;
ე) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური;
ვ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
კ) შიდა აუდიტის სამსახური.
5. მერიის სამსახურების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 12🔗.
მერიის საჯარო მოსამსახურეები
1. მერიის საჯარო მოსამსახურეები არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე (შემდეგში მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ, მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებებს დებს მერი.
3. მერიის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საკრებულო.
მუხლი 13🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 14🔗.
მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდეგში – მერის წარმომადგენელი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც საჯარო სამსახურში მიიღება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.
3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერის წარმომადგენელი:
ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ზ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.
თ) ხელს უწყობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის პროცესში და წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს;
ი) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 15🔗.
საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მერი. ცნობა გაიცემა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
2. ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
მუხლი 16🔗.
მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. მერიის მოხელის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და მერიის შინაგანაწესით.
2. მერიის მოხელეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს შესაბამისი სამუშაო პირობებით, მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისგან, სტრუქტურული ერთეულებისგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი მოკვლევა;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს კარიერული განვითარება;
ზ) დადგენილი წესით მოითხოვოს და ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;
თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ობიექტური შეფასება;
ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ ინსტრუქციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
მ) მოითხოვოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება;
ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;
ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მერიის მოხელე ვალდებულია:
ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე;
ბ) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამსახურის რეპუტაციას;
გ) ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს ორგანიზაციული პროცესი სამსახურში;
დ) პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს;
ე) საქმიანობა განახორციელოს გამჭვირვალედ და ღიად;
ვ) სამუშაო დრო გამოიყენოს ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ზ) სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები საჯარო სამსახურის მიერ შეთავაზებულ მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით;
თ) სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულების, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებისა და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით;
ი) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, სამსახურის ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა მოხელის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს;
კ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით;
ლ) როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი;
მ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 17🔗.
მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მერიის მოხელის თითოეული თანამდებობისთვის დგება სამუშაოს აღწერილობა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. მერიის მოხელის თანამდებობის სამუშაოს აღწერილობით განისაზღვრება თანამდებობის სახელწოდება, თანამდებობის მიზანი, ფუნქცია-მოვალეობები, პასუხისმგებლობის არეალი, სამუშაო პირობები, თანამდებობის იერარქიული მდებარეობა მერიის სტრუქტურაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ამ თანამდებობაზე დასანიშნი მოხელისთვის აუცილებელი კომპეტენციები, პროფესიული განათლება და უნარ-ჩვევები. სამუშაოს აღწერილობაში აისახება მოხელის თანამდებობისთვის დადგენილი სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილებით.
4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებით ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და მტკიცდება მერის ბრძანებით.
თავი V
მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება
და მოხელის კარიერის მართვა
მუხლი 18🔗.
მერიაში ვაკანსიის წარმოშობა
1. მერიის მოხელის ვაკანსია წარმოიშობა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში მოხელის ახალი საშტატო ერთეულის (მოხელის თანამდებობის) დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ამ თანამდებობის შემცირების საფუძველზე;
გ) მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე.
2. ვაკანსიის შევსებამდე, მერიის შეუფერხებელი საქმიანობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს:
ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია ან არასაკმარისია – მერიის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ ფუნქციისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მერიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
გ) მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ თანამდებობაზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
დ) მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 19🔗.
მერიის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.
2. მერიის მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:
ა) კონკურსის წესით;
ბ) უკონკურსოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. შრომითი ხელშეკრულებით პირი მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე.
4. მოხელის თანამდებობაზე უკონკურსოდ პირი შეიძლება დაინიშნოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, მოხელის გადაყვანის ან მოხელის მობილობის პროცედურების შემთხვევაში.
5. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი და მოხელის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით.
მუხლი 20🔗.
მერიის მოხელის გადაყვანა და მობილობა
1. მერიაში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებამდე, ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ხორციელდება მოხელის გადაყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები.
2. მოხელის გადაყვანა დასაშვებია მოხელის ინიციატივით ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მერის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით.
3. მოხელის გადაყვანა დასაშვებია მერიაში მოხელისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მქონე თანამდებობაზე (ჰორიზონტალური გადაყვანა). დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
4. მერიის რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს მერიის ან სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ მერიაში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
5. მოხელის მობილობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით.
მუხლი 21🔗.
მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
1. მერიის საქმიანობის პროცესში სამსახურის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.
2. მერის ბრძანებით, მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროებით დაეკისროს:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება – წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულება (მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლებით) – საჯარო სამსახურის სისტემაში ჯამურად არაუმეტეს 3 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მოხელისთვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მოხელის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
4. მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მერიის შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით, დამატებითი ან სხვა ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს:
ა) მერიის სამსახურის უფროსის არყოფნისას – სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
ბ) მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნისას – განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ თანამდებობაზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
გ) მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის მოხელის არყოფნისას – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნისას – შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს (ერთ-ერთ მოხელეს).
6. მოხელისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 22🔗.
მოხელის კარიერული და პროფესიული განვითარება
1. მოხელის კარიერული განვითარება ხდება:
ა) ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადასვლისას;
ბ) დაბალი თანამდებობიდან იმავე იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადასვლისას.
2. მოხელის კარიერული განვითარება ხორციელდება დახურული კონკურსის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. მერია, მისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია მოხელის პროფესიულ განვითარებაზე და ამ მიზნებისთვის უნდა უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებში მონაწილეობა და ხელი შეუწყოს მოხელის საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობას.
4. მოხელე ვალდებულია, სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები სამსახურის მიერ შეთავაზებულ მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით.
5. მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროება განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროფესიული განვითარების სტანდარტის საფუძველზე, მერიის საქმიანობის პროცესში საჭიროებების ანალიზისა და მოხელეთა შეფასების შედეგების შესაბამისად. მოხელეს უფლება აქვს, დამატებით თავადაც განსაზღვროს მისი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამის საჭიროება და ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით მოითხოვოს შესაბამისი შვებულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თუ პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეს აღემატება და ეს პროგრამა მერიის მიერ ფინანსდება, მოხელესა და მერს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხელეს უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ პროგრამის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მერიას აუნაზღაურებს მისი პროფესიული განვითარებისათვის გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 23🔗.
მოხელის შეფასება
1. მერიის ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე ფასდება წელიწადში ერთხელ მაინც, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.
2. მოხელის შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე მერიის ორგანიზაციული განვითარება.
3. შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაო.
4. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს არანაკლებ 3 თვის განმავლობაში. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.
5. მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად, დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.
6. შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან და შესაფასებელი მოხელის (მოხელეების) სამსახურის უფროსთან (სამსახურის უფროსებთან) განხილვის საფუძველზე მომზადებული მერის ბრძანებით განისაზღვრება შეფასების მეთოდი, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი.
7. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით. მოხელის ინიციატივით, მოხელის შეფასების პროცესს შეიძლება დაესწროს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. მოხელის შეფასებისთვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
8. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა ითვლება მძიმე დისციპლინურ გადაცდომად.
9. მოხელეთა შეფასების შედეგები აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
თავი VI
მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 24🔗.
მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრული შემთხვევებში:
ა) მერიის ვალდებულება, შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მერიის ვალდებულება, უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;
გ) მერიის თანამდებობის პირის ან/და მოხელის ვალდებულება, გამოსცეს ბრძანება;
დ) მერიის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) დაინტერესებული პირის განცხადება;
ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.
მუხლი 25🔗.
მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია:
ა) მერიის ვალდებულება, შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მერიის ვალდებულება, უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;
გ) მერის ვალდებულება, გამოსცეს ბრძანება;
დ) მერიის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) დაინტერესებული პირის განცხადება;
ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.
მუხლი 26🔗.
მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვით;
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება მერიის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებებით.
მუხლი 27🔗.
მერიის საქმისწარმოება
1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.
4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე
–
ავტომატიზებული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.
5. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 28🔗.
მერიის შინაგანაწესი
1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;
ე) მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ვ) მივლინების გაფორმების, მივლინებისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესი;
ზ) შვებულების გაფორმებისა და შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
თ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;
ი) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ლ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი;
მ) მოსამსახურის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
ნ) მერიასა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 29🔗.
მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურები) სამუშაო გეგმები
1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მერიის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია
–
6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის და ტერიტორიულ ერთეულში წარმომადგენლის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.
3. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
4. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მერი.
მუხლი 30🔗.
ანგარიშგება
1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით
2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია – 6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის, სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მერიის სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
დ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“.
მუხლი 31🔗.
საქმიანობის შეფასება
1. მერიის მოხელის შეფასება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დადგენილი წესით. (პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.)
2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
3. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
4. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 32🔗.
მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
1. მერიაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:
ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;
ე) ლობისტური საქმიანობა.
2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი". მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:
ა) მერიის სამართლებრივი აქტები;
ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;
გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი);
დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ვ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;
ზ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
თ) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;
ი) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;
კ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ლ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
მ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურობათა შესახებ;
ნ) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);
ო) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
პ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
ჟ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;
რ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ს) სხვა საჯარო ინფორმაცია.
თავი VII
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
მუხლი 33🔗.
მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.
2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
3. მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია ხელმოწერისთანავე.
4. მერიის მოხელე, ამ დებულების მე-7 მუხლის მე–3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
–
ბრძანება.
5. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი;
7. ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 34🔗.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. მერიის თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ –სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან, საკრებულოს დავალებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი.
თავი VIII
მერიის რეორგანიზაციის წესი
მუხლი 35🔗.
მერიის რეორგანიზაციის არსი
1. რეორგანიზაცია არის მერიის ან მისი ცალკეული სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება მერიის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე მერიის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება.
2. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება მერიის ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება ასევე ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება და მასზე არ გავრცელდება რეორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები.
3. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიციირება ხდება მერის მიერ, რისთვისაც გამოიცემა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის ბრძანება. ბრძანება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა განსაზღვრავდეს რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
4. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის ბრძანება ეგზავნება ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, თითოეული მოხელისთვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს.
5. მერიის რეორგანიზაციის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მერიის რეორგანიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მერიის რეორგანიზაციის დაგეგმვა;
ბ) მერიის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება;
გ) მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.
7. მერიის რეორგანიზაცია სრულდება ამ დებულებაში ან/და მერიის საშტატო ნუსხაში
განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
მუხლი 36🔗.
მერიის რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა
1. მერიის რეორგანიზაციის დაგეგმვა იწყება მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რაც გულისხმობს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის ბრძანების გამოცემას. დაგეგმვის ეტაპზე, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამოცემული მერის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამსახური ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეიმუშაოს რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. სამართლებრივი აქტით ასევე უნდა განისაზღვროს რეორგანიზაციის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი.
2. დაგეგმვის ეტაპი გრძელდება მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა.
3. მერიის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია, მერიის შესაბამის სამსახურთან (სამსახურებთან) ან/და პასუხისმგებელ პირთან (პირებთან) ერთად შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი.
4. მერიის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი შესაძლებელია გაგრძელდეს დაგეგმვის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ მერიის რეორგანიზაციას თან სდევს მერიის საშტატო რიცხოვნობის შემცირება სავალდებულოა, რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და ეცნობოს მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები.
6. მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე მერია ვალდებულია, ითანამშრომლოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.
7. მობილობის ეტაპი გრძელდება მერიის რეორგანიზაციის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.
8. რეორგანიზაციის თოთოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი და წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
თავი IX
დასკვნითი დებულებები
მუხლი 37🔗.
მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. მერიის დებულებას მერის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
2. მერიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, საკრებულოს დადგენილებით.