1. მერიის საქმიანობის პროცესში სამსახურის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.
2. მერის ბრძანებით, მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროებით დაეკისროს:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება – წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულება (მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლებით) – საჯარო სამსახურის სისტემაში ჯამურად არაუმეტეს 3 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მოხელისთვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მოხელის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
4. მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მერიის შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით, დამატებითი ან სხვა ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს:
ა) მერიის სამსახურის უფროსის არყოფნისას – სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
ბ) მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნისას – განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ თანამდებობაზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
გ) მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის მოხელის არყოფნისას – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნისას – შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს (ერთ-ერთ მოხელეს).
6. მოხელისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი