1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი, ნათელი ფორმულირებით, ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე. საკრებულოს წევრის შენიშვნა გათვალისწინებული იქნება, თუ მას დაეთანხმა საკითხის ინიციატორი. სხვა შემთხვევაში საკრებულოს წევრის ეს წინადადება ჩაითვლება ალტერნატიულ წინადადებად და იგი კენჭისყრაზე დაისმება რიგითობის დაცვით საერთო წესით.
2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:
ა) ინიციირებული პროექტის არმიღების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზების ავტორებთან შეთანხმებით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ ალტერნატიულ საკითხთა რიგითობა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები კენჭისყრაზე უნდა დადგეს შემოთავაზების რიგითობის მიხედვით;
ბ) წამოაყენოს კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად. კომპრომისული ფორმულირება კენჭისყრაზე დადგება, მხოლოდ შესაბამისი ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით, მათ მიერ დასმული ვარიანტების სანაცვლოდ და შესაბამისი რიგითობით. იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებული წინადადებების ავტორები წინააღმდეგი არიან კომპრომისული ფორმულირების სანაცვლოდ მოხსნან თავიანთი წინადადება, კომპრომისული ფორმულირებით დასმული საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული წინადადება. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული წინადადება კენჭისყრაზე დგება ყველაზე ბოლოს;
გ) თუ ვერც ინიციირებულმა და წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ კენჭისყრის შედეგად ხმები იმგვარად გადანაწილდა, რომ ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აქვს უფლება კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენოს ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო;
დ) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მერი აუცილებლობის მოტივით.
3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა) მიუხედავად კენჭისყრის სახისა უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე;
ბ) მოითხოვოს ფარული კენჭისყრის ჩატარება. მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს დაუყოვნებლივ აყენებს კენჭისყრაზე და საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით;
გ) თუ დღის წესრიგით განხილული საკითხზე ვერც ინიციირებულმა და ვერც ალტერნატიულმა წინადადებებმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, მოითხოვოს ხელმეორე კენჭისყრაზე იმ ორი წინადადების დაყენება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. სხდომის თავმჯდომარე თუ დაეთანხმა ამ წინადადებას, მასზე მსჯელობის გარეშე ტარდება ხელმეორე კენჭისყრა იმ ორ წინადადებაზე, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი წყდება საკრებულოს მიერ ასევე მსჯელობის გარეშე ღია კენჭისყრით.
დ) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად მოითხოვოს ამ საკითხზე შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
4. საკრებულოს ფრაქციას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უფლება აქვს მოითხოვოს რიგგარეშე შესვენება, არაუმეტეს 10 წუთისა. ფრაქციის ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. თუ საკრებულოს ერთმა ფრაქციამ მოითხოვა რიგგარეშე შესვენება, შესვენების დამთავრების შემდეგ სხვა ფრაქციას უფლება არ აქვს ეს მოთხოვნა ხელახლა დააყენოს.
5. საკრებულოს ფრაქციას და/ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს:
ა) კენჭისყრის პროცედურის გადადება;
ბ) საკითხის დამატებით შესასწავლად მისი დაბრუნება კომისიაში საკითხის დღის წესრიგიდან მოუხსნელად;
გ) მოითხოვოს დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით. ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მოვალეა კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას პირველ რიგში კენჭისყრაზე დასვას ეს საკითხი. თუ საკრებულო კენჭისყრით დაეთანხმა წამოყენებულ წინადადებას, საკითხი ითვლება ურაყოფილა