ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2017
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.144.016296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.07.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2017 წლის 16 ნოემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 21/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.144.016154).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მერია
1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია) არის ქარელის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულების – სამსახურებისაგან.
მუხლი 2🔗. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 4🔗. მერიის ადგილსამყოფელი
მერიის ადგილსამყოფელია: ქარელი, ნინოშვილის ქ. №3.
თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 5🔗. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ამ დებულებით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.
3. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულების შესაბამისად ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ზ) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, ან უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით, პირობით, ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით, მიმღების/მართვის უფლებით, მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია, გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
დ.მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანას;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი.
4. მერი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.
5. მერი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 7🔗. მერის პირველი მოადგილე
მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
მუხლი 8🔗. მერის მოადგილე
1. მერის მოადგილე, ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერის მოადგილეს, ამ დებულებით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 9🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“.
თავი III
მერიის სტრუქტურა
მუხლი 10🔗. მერიის სტრუქტურული აგებულება
1. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან – მერიის სამსახურებისაგან.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულები – მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
მუხლი 11🔗. მერიის სამსახურები
1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც, შესაბამისი სფეროს მიხედვით, უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 12🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, ბუღალტრული საქმისწარმოება, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა, საფინანსო ოპერაციების წარმოება. მუნიციპალური შესყიდვების წარმოება.
3. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
4. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებისა და პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
5. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
6. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
8. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით.
9. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობის უზრუნველყოფა, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან, მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენი სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავება, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, პროექტების შეთანხმების პროცესის კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 13🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 14🔗. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.
3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერის წარმომადგენელი:
ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ზ) დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თობაზე შეტყობიდან, ან, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ – დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში;
თ) პირის გარდაცვალების თაობაზე ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ და გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არარსებობისას, ოქმის შედგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ატყობინებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თობაზე ოქმის შედგენის გარეშე;
ი) აწარმოებს შემოსული განცხადებებისა, გასული ცნობების და მიმართვების რეესტრს, რომელზეც ანგარიშს, ასლებთან ერთად კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტალის პირველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენს მერს;
კ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომელიც გამოიყენება წარმომადგენლისათვის ამ დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად.
მუხლი 15🔗. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
მუხლი 16🔗. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები
1. თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები.
2. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) ქარელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქარელი);
ბ) დირბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი დირბი);
გ) აბისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აბისი, აბისის თავი, ბერძენაული);
დ) ავლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ავლევი, ცერონისი,კნოლევი);
ე) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ოქროსოფელი, სუქითი, ჯაგარაანთ კარი, კუდა ტყე);
ვ) ბრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, დოღლაური, წვერი);
ზ) ბებნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბებნისი, ლეთეთი, აფნისი);
თ) დვანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დვანი, ტახტიძირი);
ი) ბრეძის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბრეძა, აბანო, საციხური, ჭვრინისი, კოდა, ატოცი, გულიკაანთ უბანი);
კ) ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, ღვლევი, ქვენაფლავი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა);
ლ) ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზღუდერი, ყინწვისი, სუქანაანთ უბანი, იმერხევი, ორთუბანი, ბანი, ბატიური, მუხილეთი, წითელი სოფელი, ძაძვის მონასტერი, ელბაქიაანთ კარი, არცევი, კოდმანი, აბუხალო, ქვათეთრი, ლოშკინეთი, ტყემლოვანა, წიფლოვანა, გვერძინეთი, ორბოძალა, ველისციხე, სათერძე);
მ) კეხიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კეხიჯვარი, სამწევრისი, თათანაანთუბანი, სანებელი, ვედრება, ქობესაანთ უბანი, კლდუ, კრობანი);
ნ) მოხისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხისი, კოდა ვარდისუბანი, ზემოშაქშაქეთი);
ო) რუისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი რუისი);
პ) ურბნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ურბნისი);
ჟ) ფცის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფცა, თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, ღოღეთი);
რ) აგარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აგარა, სოფელი ქვენატკოცა).
ს) გიგანტის ადმინისტრაციული ერთეული – (სამოქმედო ტერიტორია – სასირეთი, ძლევიჯვარი, ბრეთის მეურნეობა).
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უფლებამოსილებას ახორციელებს მერის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
მუხლი 17🔗. მერიის მოხელე, საჯარო მოსამსახურე
1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე და, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და, რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-6 მუხლისა და IX თავის მოთხოვნები.
მუხლი 18🔗. მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. მერიის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. მერიის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს საკითხის სამსახურებრივი მოკვლევა;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 57-58-ე მუხლების შესაბამისად;
მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღით;
ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მერიის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 19🔗. მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა მერიის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს მერიაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
4. მერის პირველი მოადგილის, მოადგილის ფუნქციებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.
5. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მერის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთნხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობით დადგენილი სამუშაო აღწერილობების შინაარსის გათვალისწინებით.
თავი V
მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება
მუხლი 20🔗. მერიაში ვაკანსიის გახსნა
1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.
2. ვაკანსია უნდა შეივსოს,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 21🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი VI
მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 22🔗. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
1. მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:
ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
გ) ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;
ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
2. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 23🔗. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:
ა) მერიის ვალდებულება, შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მერიის ვალდებულება, უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;
გ) მერის ვალდებულება, გამოსცეს ბრძანება;
დ)მერიის უფლებამოსილი პირის ვალდებულება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) დაინტერესებული პირის განცხადება;
ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.
მუხლი 24🔗. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვით.
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიის და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებებით.
მუხლი 25🔗. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.
2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნებთან უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება.
მუხლი 26🔗. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
1. მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება ამ დებულებითა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით.
2. მერიის საქმისწარმოებაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 27🔗. მერიის საქმისწარმოება
1. ამ დებულებით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური ყველა სტრუქტურულ ერთეულთან უზრუნველყოფს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;
ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვას;
გ) მერიის მოხელეთა სწავლებას, ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.
4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.
5. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 28🔗. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა
1. ამ დებულებით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური ეტაპობრივად ყველა სტრუქტურულ ერთეულთან უზრუნველყოფს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;
ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვას;
გ) მერიის მოხელეთა სწავლებას, ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.
2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე, მერიის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.
მუხლი 29🔗. მერიის შინაგანაწესი
მერიის შინაგანაწესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 122-123-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 30🔗. მერიის მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები
1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მერიის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია – 6 თვე ან/და ერთი წელი.
3. მერიის ექვსთვიან ან/და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
4. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მერი.
მუხლი 31🔗. ანგარიშგება
1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია – 6 თვე ან/და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების საანგარიშგებო პერიოდებია 6 თვე ან/და ერთი წელი.
4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით".
მუხლი 32🔗. საქმიანობის შეფასება
1. მოხელე, ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებას ექვემდებარება შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში მერის მიერ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შეფასების მეთოდებითა და პერიოდულობით განსაზღვრული წესით.
2. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 33🔗. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში
1. მერიაში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:
ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;
ე) ლობისტური საქმიანობა.
2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს და კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს:
ა) მერიის სამართლებრივი აქტები;
ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;
გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი);
დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;
ზ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;
თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;
კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;
ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
მ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;
ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);
პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;
ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ტ) სხვა საჯარო ინფორმაცია;
უ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
ფ) დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;
ქ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;
ღ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ დებულებით გათვალისწინებული ანგარიში, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად.
თავი VII
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
მუხლი 34🔗. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტები.
2. მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
3. მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 35🔗. მერიის კომისიების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი
ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
მუხლი 36🔗. მერიის სხვა მოხელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების დელეგირებისას მერიის სხვა მოხელე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
მუხლი 37🔗. მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. მერიის თანამდებობის პირების და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.
2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 38🔗 მერიის და მისი სამსახურების რეორგანიზაცია
1. მერიის და მისი სამსახურების რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ XI თავისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.