1. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ღონისძიებები მისი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისათვის.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობასთან, მათ შორის, კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და მათ საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის საკრებულო აგრეთვე ვალდებულია, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოაქვეყნოს ან/და საჯაროდ გამოაცხადოს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
ბ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;
დ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ზ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
თ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, შესაბამისი გადაწყვეტილებით გააფართოოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ან/და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა.