ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები: კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ქრისტინე კოპალიანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს მენეჯერი, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ავთანდილ კვინიკაძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა.შ.
2017 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,92” განცხადება, მათ შორის:
შემოსული განაცხადებებიდან 61 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 14 განცხადება არ დაკმაყოფილდა, 16 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 განცხადება გადაიგზავნა განსჯადობით.
14 განცხადებიდან, რომლებზეც განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე: 3 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაცული არ იყო, მოთხოვნილი მონაცემი არ იყო დამუშავებული და სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ფორმები ასეთი ინფორმაციის აღრიცხვას არ ითვალისწინებს; 2 მოთხოვნა ეხებოდა ვიდეოჩანაწერის (კომპიუტერული მონაცემის) მიწოდებას, რომლის გამოთხოვაც ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ჩანაწერში პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვა ტექნიკურად შეუძლებელია; 9 შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა კონკრეტული საქმეების მასალები იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს, არ წარმოუდგენიათ ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გადაცემაზე, ასევე, ვინაიდან განმცხადებლები პირდაპირ უთითებდნენ საქმეში მონაწილე მხარეებს, მასალების პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკაციის გარეშე გადაცემა იყო შეუძლებელი.
16 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მიეწოდა სტატისტიკური მონაცემები მთლიანად/ ნაწილობრივ ან არ გადაეცა საქმის მასალები, კერძოდ: 11 შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ისეთი ინფორმაციის (საქმის მასალების) გაცემის ნაწილში, რაც საჭიროებდა დიდი რაოდენობით საქმეების სისტემატიზაციასა და საარქივო დამუშავებას, მათში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით; 3 შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა საქმის მასალების (გადაწყვეტილებების) გადაცემაზე, ვინაიდან საქმე განხილული იქნა დახურულ სასამართლო სხდომაზე (არასრულწლოვნის ან სხვა პირთა პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით) და ასეთი მასალების დაშტრიხული ფორმით გადაცემაც არ გამორიცხავდა პირდაპირ ან არაპირდაპირ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას; 1 შემთხვევაში განმცხადებელს არ გადაეცა სასამართლოს განჩინებები, რომლებიც ეხებოდა საიდუმლო საქმისწარმოებას; 1 შემთხვევაში განმცხადებელს მიეწოდა სტატისტიკური მონაცემი კონკრეტული საქმეების სახელობითი სიის (მხარეები, საქმის ნომერი) აღნიშვნის გარეშე.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 9 განცხადება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების და სასამართლოს გადაწყვეტილებების გადაგზავნის მოთხოვნით, რაც სრულად დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით ან ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
პატივისცემით
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ქრისტინე კოპალიანი