საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „იუსტიციის სახლის“ 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „იუსტიციის სახლის“ 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „იუსტიციის სახლში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სსიპ „იუსტიციის სახლში“საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 13 განცხადება, რომლებიც, განმცხადებელთა მითითებით ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეფასებით, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას. აღნიშნული განცხადებებიდან 5 – შემოტანილ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ, 8 – ფიზიკური პირის მიერ;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ „იუსტიციის სახლში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE – მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სსიპ „იუსტიციის სახლში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 3 მოთხოვნა;
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე, მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სსიპ „იუსტიციის სახლში“ შემოსული განცხადებებიდან:
1) 1 შემთხვევაში – განცხადებაში დასმული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს, შესაბამისად, განცხადება გადაიგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში;
2) იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ კომპეტენციას (12 განცხადება):
● 7 შემთხვევაში – გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;
● 5 განცხადება – განხილვის პროცესშია;
● საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
სსიპ „იუსტიციის სახლში“ შემოსული ყველა განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „იუსტიციის სახლის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, თეა გიუნაშვილმა.
გ) სსიპ „იუსტიციის სახლის“ სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სსიპ „იუსტიციის სახლში“ დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით;
დ) სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი;
ე) საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის თაობაზე შემოტანილ იქნა ერთი საჩივარი, რომელზეც, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება.
აღმასრულებელი დირექტორი გ. აზაურაშვილი