შპს „არბიტრაჟის სახლის“ ს/კ 411322359 დებულება ვერსია №01

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „არბიტრაჟის სახლის“

ს/კ 411322359

დებულება ვერსია №01

მიღების ადგილი: თბილისი

დამტკიცებულია: დამფუძნებელის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით

პრეამბულა

-            წინამდებარე დებულების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შპს „არბიტრაჟის სახლის“ (ს/კ 411322359 ) მიერ საარბიტრაჟო წარმოების წესების განსაზღვრა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით.

-            საარბიტრაჟო წარმოების წესები წარმოადგენს იმ მხარეებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს, რომლებმაც დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართეს არბიტრაჟს.

თავი1.ტერმინთა განმარტება

შპს „არბიტრაჟის სახლი“– არბიტრაჟი/არბიტრაჟის შესახებ კანონით განსაზღვრული დავების განმხილველი დაწესებულება.

არბიტრაჟი –ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი არბიტრთა ერთობლიობა, რომელიც განიხილავს დავას;

არბიტრი – დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დებულების შესაბამისად დანიშნული პირი;

მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და სარბიტრაჟო მოპასუხე;

თავმჯდომარე შპს „არბიტრაჟის სახლის“თავმჯდომარე (დირექტორი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან სპეციალურად დანიშული პირი);

საარბიტრაჟო შეთანხმება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმება;

საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის არსებული დავის განხილვა;

არბიტრაჟის გადაწყვეტილება – საარბიტრაჟო განხილვის დროს არბიტრაჟის მიერ დავის გადაწყვეტის მიზნით მიღებული საბოლოო არსებითი გადაწყვეტილება.

არბიტრაჟის დადგენილება – საარბიტრაჟო საპროცესო პოროცედურების ჩატარებისას მიღებული გადაწყვეტილება, სარჩელის წარმოებაში მიღების, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სხვა მსგავს საკითხებზე,გარდა არსებითი გადაწყვეტილებისა.

კანცელარია შპს „არბიტრაჟის სახლის“ სტრუქტურული ერთეული ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე და დოკუმენტბრუნვაზე.

თავი 2.საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი წესები

2.1  შპს არბიტრაჟის სახლი არის ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებს და, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის სხვა პირებთან,შორის წამოჭრილი კერძო სამართლებრივი ურთერთობიდან გამომდინარე  დავების განმხილველი დაწესებულება, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს იმ ქონებრივ დავებს, რომელთა მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით.

2.2  შპს არბიტრაჟის სახლი დავებს განიხილავს მოქმედი კანონმდებლობის და დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქციის დებულებით დადგენილი წესებით, თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება დებულების რომელიმე პუნქტს, მაშინ მოქმედებს საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი შესაბამისი ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საარბიტრაჟო შეთანხმება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

2.3  არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით, მათ შორის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.

2.4  სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის არარსებობის პირობებში არბიტრაჟი იყენებს კანონის ანალოგიას (კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას), ხოლო კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟი იყენებს სამართლის ანალოგიას ( საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს).

2.5  საარბიტრაჟო წარმოება იწყება დებულებაში და კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გზით.

2.6  მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი, ხოლო მეორე მხარეს სრულად ან ნაწილობრივ ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.

2.7  საარბიტრაჟო დავის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

2.8  მხარეებს უფლება აქვთ, მათთვის კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდონ/გადასცენ მესამე პირებს.

2.9  საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

2.10                არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კანონს, ხოლო საარბიტრაჟო წარმოებას ახორციელებს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაიმე ზემოქმედება არბიტრზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, დაუშვებელია.

2.11                საარბიტრაჟო განხილვისას არბიტრაჟი გამოიყენებს მხარეთა შეთანხმებაში მითითებულ სამართალს, ხოლო თუ ამის შესახებ მხარეთა შეთანხმება არ არის – საქართველოს სამართალს.

2.12                საარბიტრაჟო განხილვის ენაა ქართული ენა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი.

2.13                საარბიტრაჟო განხილვის ადგილია არბიტრაჟის იურიდიული მისამართი. არბიტრაჟის დადგენილებით და/ან მხარეთა შეთანხმებით საარბიტრაჟო განხილვის ადგილად შესაძლებელია დადგინდეს შემდეგი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

2.14   სასამართლოში საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა არ იწვევს საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.

თავი 3. შპს „არბიტრაჟის სახლის“ სტრუქტურა

3.1    შპს „არბიტრაჟის სახლს“ ხელმძღავნელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს შეიძლება იყოს შპს „არბიტრაჟის სახლის“ დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

3.2    მუდმივმოქმედ არბიტრაჟს აქვს კანცელარია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე თანამშრომლისაგან შემდგარი სტრუქტურული ერთეული, ისე ერთი თანამშრომლით წარმოდგენილი. კანცელარია პასუხისმგებელია შემოსული ნებისმიერი კორესპონდენციის (მათ შორის სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებლის რეგისტრაციაზე,) კორესპონდენციის მხარეებს შორის ბრუნვის უზრუნველყოფაზე.

3.3    შპს „არბიტრაჟის სახლის“არბიტრთა რეესტრში რეგისტრირებულნი არიან არბიტრად დასანიშნი კანდიდატები. მხარეთა შეთანხმებით ან თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საქმის განხილვის მიზნით ხდება ამ რეესტრიდან წევრის არბიტრად დანიშვნა.

3.4    თითოეულ შემოსულ საქმეს წარმოების განმავლობაში ჰყავს მდივანი, რომელიც ამავე დროს შეიძლება იყოს კანცელარიის თანამშრომელი. მდივანი უზრუნველყოფს საქმის მომზადებას საარბიტრაჟო სხდომისათვის, საარბიტრაჟო განხილვის და სხვა საპროცესო მოქმედებების შესახებ ოქმის შედგენას და საარბიტრაჟო საქმის დოკუმენტების შენახვას.

თავი 4.არბიტრაჟის შემადგენლობა

4.1    არბიტრაჟი შედგება ერთი წევრისაგან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.2    მხარეთა შეთანხმებით, ან შპს „არბიტრაჟის სახლის“თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,შესაძლებელია დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟის სამწევრიანი შემადგენლობის განსაზღვრა, საიდანაც თითო-თითო წევრს ნიშნავენ მხარეები, ხოლო ერთს შპს „არბიტრაჟის სახლის“თავმჯდომარე.

4.3    არბიტრები ინიშნებიან შპს „არბიტრაჟის სახლის“არბიტრთა რეესტრში მოცემული კანდიდატებიდან, რომელსაც ამტკიცებს თავმჯდომარე.

4.4    არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეთა შეთანხმების არარსებობის ან დანიშვნაზე უარის გაცხადების შემთხვევაში არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს თავმჯდომარე.

4.5    არბიტრაჟის სამწევრიან შემადგენლობის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში, მოსარჩელე არბიტრის კანდიდატურას წარადგენს საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად, ხოლო მოპასუხე _ შესაგებელთან ერთად. თუ მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად არ დაასახელებს არბიტრობის სასურველ კანდიდატს, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა არბიტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობაზე.თუ მოპასუხე დებულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს, ან შესაგებლის წარდგენასთან ერთად არ დაასახელებს არბიტრობის სასურველ კანდიდატს, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა არბიტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობაზე.

4.6    სამარბიტრიანი არბიტრაჟის ფორმირებისას ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი.

4.7    თავმჯდომარეს უფლება აქვს უფლებამოსილება შეუწყვიტოს დანიშნულ არბიტრს, თუ:

Ø  არბიტრმა წერილობით განაცხადა, რომ არ სურს თავისი ფუნქციების შესრულება;

Ø  არბიტრმა განაცხადა თვითაცილება, ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება;

Ø  არბიტრმა დაარღვია ხელშეკრულება, ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს, ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს.

Ø  სხვა ობიექტური გარემოების გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვას და გადაწყვეტას, ან მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას.

4.8    მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.

4.9    მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევაში შეთანხმების მიუღწევლობისას, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამისილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

4.10არბიტრაჟის წევრის (წევრების) შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟის ახალი წევრი (წევრები) ინიშნება იმავე წესით, როგორითაც დაინიშნა არბიტრაჟის შესაცვლელი წევრი (წევრები). ამისათვის არბიტრის კანდიდატურა შესაბამისი მხარის მიერ დასანიშნად წარმოდგენილი უნდა იქნეს შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

თავი 5. არბიტრის აცილება

5.1    ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს კანონით ან ამ დებულებით დადგენილი საფუძვლები.

5.2    აცილება შეიძლება გაცხადებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არბიტრი არ ფლობს იმ კვალიფიკაციას, რომელიც მხარეთა შეთანხმებით ან ამ დებულებით არის განსაზღვრული, ან /და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.

5.3    მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შემდეგ.

5.4    მხარეებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.

5.5    მხარის მიერ არბიტრის აცილების შემთხვევაში განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული აცილების საფუძვლებით

5.6    აცილების საკითხს არბიტრაჟი წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან განცალკევებით.

5.7    თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, თვითაცილების საკითხს წყვეტს თვითონ ეს არბიტრი. აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს გადასცემს სხვა არბიტრს.

5.8    თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს, მაშინ ამ არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტენ ამ არბიტრაჟის სხვა დარჩენილი არბიტრები.

5.9    თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით. აცილების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს გადასცემს სხვა კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობას.

5.10 ამ პუნქტში აღნიშნული საფუძვლით შეიძლება აცილებულ იქნეს ექსპერტი და სპეციალისტი. ამ შემთხვევაში აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.

თავი 6.შპს „არბიტრაჟის სახლის“ არბიტრთა რეესტრში გაწევრიანების წესი და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

6.1    არბიტრთა რეესტრში გასაწევრიანებლად არბიტრობის მსურველმა კანდიდატმა უნდა მიმართოს შპს „არბიტრაჟის სახლის“დირექტორს განცხადებით და დაურთოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

6.2    შპს „არბიტრაჟის სახლი“დირექტორი განიხილავს კანდიდატის შესაბამისობას არბიტრის პოზიციასთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აფორმებს მასთან ჩარჩო-ხელშეკრულებას.

6.3    არბიტრთა რეესტრში შეიძლება გაწევრიანდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კვალიფიკაციის შემდეგ მინიმალური მოთხოვნებს:

Ø  უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ხარისხი და ზევით;

Ø  მოსამართლის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვადიანი სერტიფიკატი;

Ø  მინიმუ 5-წლიანი გამოცდილება მოსამართლედ ან ადვოკატად ან არბიტრად მუშაობის.

6.4    არბიტრი არ შეიძლება იყოს:

Ø  შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

Ø  სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოსამსახურე;

Ø  მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა.

თავი 7. შეტყობინებები და მხარეებთან კომუნიკაციები

4     

5     

6     

7     

7.1    დავის განხილვისას არბიტრაჟს მხარეებთან ურთიერთობისას შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება წერილობითი, ელექტრონული ფოსტით, ტეფელფონით,ფაქსით და სხვა.

7.2     წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა:

Ø  პირადად ან გადასაცემად;

Ø  იურიდიულ მისამართზე;

Ø  საცხოვრებელ ადგილას;

Ø  უკანასკნელ ცნობილ სამუშაო ადგილას;

Ø  ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით;

Ø  საჯარო გამოქვეყნებით.

7.3    შპს „არბიტრაჟის სახლი“თვითონ იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გაგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა ან გამოიყენოს შეტყობინების ყველა ფორმა.

7.4    შპს „არბიტრაჟის სახლს“შეუძლია ადრესატს ჩააბაროს შეტყობინება ხელზე, ხოლო იმ მხარის თანხმობით, რომელიც წარმოდგენილია ადვოკატით ან იურიდიული პირია, გადასცეს შეტყობინება ადრესატისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) ჩასაბარებლად.

7.5    შეტყობინების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელმაც აიღო ვალდებულება შეტყობინების ადრესატისათვის გადაცემაზე, ვალდებულია წარმოადგინოს შეტყობინების მეორე პირი მიმღების ხელმოწერით.

7.6    უწყება/გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

7.7    მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს საარბიტრაჟო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ არბიტრაჟში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის საკმაო დრო დროულად გამოცხადებისათვის, ან საარბიტრაჟო სხომამდე 5 დღით ადრე მაინც, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.8    საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადების შესახებ უწყება უნდა შეიცავდეს:

Ø  არბიტრაჟის სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;

Ø  მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;

Ø  საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს,და მითითებას,დავის საგნის შესახებ;

Ø  არბიტრაჟში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;

Ø  მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაბარებული პირის მიმართ გამოსაყენებელი ზომების და/ან გამუცხადებლობის შედეგის შესახებ;

7.9    ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი საარბიტრაჟო უწყება/გზავნილი მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სრულწლოვან პირს გადასაცემად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ისევე როგორც ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება/გზავნილი,უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში,ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყება/გზავნილს გადასცემს ადრესატს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით.

7.10 თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების/გზავნილის მიღებაზე,უწყება/გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.

7.11 მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება/გზავნილი გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

7.12თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია,ან მისთვის არბიტრაჟის უწყების/გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის/ან მაუწყებლობის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

7.13მხარე უფლებამოსილია, არბიტრაჟის განჩინების საფუძველზე, თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

7.14საარბიტრაჟო უწყება/გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7დღეს.

თავი 8. საარბიტრაჟო ხარჯები

5     

6     

7     

8     

8.1    საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

8.2    საარბიტრაჟო ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები.

8.3    არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარის მიერ გაწეული სხვა აუცილებელი ხარჯები.

8.4    საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდევინება და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

8.4.1  საარბიტრაჟო სარჩელზე, შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე, დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე, დავის საგნის ღირებულების 2% დღგ-ის გარეშე, არანაკლებ 250 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო არაუმეტეს 20 000 ლარი დღგ-ის გარეშე;

8.4.2  განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ – 50 ლარი დღგ-ის გარეშე,

8.4.3  განცხადებაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ 250 ლარი დღგ-ის გარეშე.

      

8.5    დავის საგნის ფასს უთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დროისათვის, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.

8.6    არბიტრაჟის დამატებით ხარჯებს შეადგენს:

8.6.1     საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ ადგილას საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების ხარჯები;

8.6.2     სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

8.6.3     თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

8.6.4     ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯები;

8.7    იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო და არბიტრაჟის გარეშე ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ეკისრება მეორე მხარეს.

8.8    ექსპერტების, სპეციალისტების, თარჯიმნების სამუშაო და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, აგრეთვე ადგილზე დათვალიერებით გამოწვეულ ხარჯებს, თავდაპირველად გაიღებს ის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის შესახებ.

8.9    არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

8.10 არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა.

8.11არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხარეს შეუმციროს საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა ან საერთოდ გაათავისუფლოს იგი ამ ხარჯების გადახდისაგან მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე).

8.12 მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე ურის თქმის, უკან გახმობის ან მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მინიმალურ ოდენობაზე ზევით გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა მცირდება 70%-ით.

8.13 მთავარ საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე ურის თქმის, უკან გახმობის ან მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მინიმალურ ოდენობაზე ზევით გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა მცირდება 50%-ით.

8.14 საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეებს მორიგებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ხარჯების განაწილების წესი, ასეთი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო მოსაკრებლის ის ნაწილი, რომელიც უკან არ ბრუნდება და ასევე არბიტრაჟის გარეშე ხარჯები მხარეთა შორის ნაწილდება თანაბრად.

თავი 9. საარბიტრაჟო სარჩელი, წარდგენა და რეგისტრაცია

4     

5     

6     

7     

8     

9     

9.1    საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია სარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

Ø  არბიტრაჟის დასახელება;

Ø  საარბიტრაჟო მოსარჩელის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;

Ø  წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;

Ø  საარბიტრაჟო მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოპასუხე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;

Ø  საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;

Ø  გარემოებები, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

Ø  მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

Ø  დავის საგნის ფასი, თუ შესაძლებელია მისი წინასწარ შეფასება;

Ø  მითითება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;

Ø  საარბიტრაჟო სარჩელის დართული საბუთების ნუსხა.

9.2    ამ დებულებით განსაზღვრული ოდენობით, გადახდილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

9.3    საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენიც საარბიტრაჟო მოპასუხეა.

9.4    საარბიტრაჟო სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ არბიტრაჟმა მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე.

9.5    საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ, თუ საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება ან მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან. ასეთ შემთხვევაში თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელის ან საარბიტრაჟო მოპასუხე მეორე მხარის მიმართ განხილვაში გამოდის დამოუკიდებლად.

9.6    საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია ერთ საარბიტრაჟო სარჩელში გააერთიანოს არბიტრაჟის განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე სარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ არა.

9.7    არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელში გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.

9.8    რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებისას, სარბიტრაჟო სარჩელის განმხილველ არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.

9.9    იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ არის სრულყოფილი, ან არ არის დაცული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კანცელარიას შეუძლია განუსაზღვროს ვადა მოსარჩელეს სარჩელის სრულყოფისათვის, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანცელარიას შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციაზე. უარი სარჩელის რეგისტრაციაზე არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ დააყენოს იგივე მოთხოვნები.

9.10 სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად კანცელარიას შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფორმით გადაცემის შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ამ დოკუმენტების ორიგინალი (ან დამოწმებული ასლი) წარუდგინოს კანცელარიას სარჩელის წარდგენიდან 07 დღის ვადაში.

9.11 თუ კანცელარია ჩათვლის, რომ დაცულია დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ახდენს საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციას,რის შემდეგაც გადასცემს სარჩელს „არბიტრაჟის სახლის“ თავმჯდომარეს საქმის საარბიტრაჟო განხილვისათის მოსამზადებლად.

თავი 10. საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადება

7  

8  

9  

10  

10.1 თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი შემოტანილია ამ თავით დადგენილი წესების დაცვით,იგი ამზადებს საქმეს საარბიტრაჟო განხილვისათვის.

10.2საარბიტრაჟო წარმოების დაწყებნის მიზნით,არბიტრაჟის თავმჯდომარე:

Ø  იხილავს და წყვეტს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

Ø  წარმოებაში იღებს საარბიტრაჟო სარჩელს და განსაზღვრავს არბიტრს, ან ადგენს სამ-არბიტრიანი არბიტრაჟის მიერ დავის გადაწყვეტის აუცილებლობას და ნიშნავს კოლეგიის თავმჯდომარეს.

Ø  წინადადებას აძლევს,დანიშნოს არბიტრი (არბიტრები) არბიტრაჟის არბიტრთა რეესტრიდან მოპასუხე მხარეს, ან ორივე მხარეს,თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია არბიტრების დანიშვნა მხარეთა მიერ.

Ø  ავალებს კანცელარიას, გადაუგზავნოს საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები, ხოლო თუ არბიტრებს ნიშნავენ მხარეები, აგრეთვე არბიტრაჟის არბიტრთა სიას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ დანიშნული არბიტრის (არბიტრების) მითითებით.

Ø  დაუნიშნავს საარბიტრაჟო მოპასუხეს მაქსიმუმ 07 დღის ვადას,წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარბიტრაჟო სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები საარბიტრაჟო სარჩელზე დართული საბუთების შესახებ.

10.3სარბიტრაჟო მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს:

Ø  ცნობს თუ არა საარბიტრაჟო მოპასუხე სარბიტრაჟო სარჩელს, სრულად ცნობს თუ ნაწილობრივ;

Ø  თუ საარბიტრაჟო სარჩელს არ ცნობს, ან ნაწილობრივ არ ცნობს, რა ნაწილში არ ცნობს და რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ;

Ø  რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები;

Ø  რა საშუალებებით აპირებს საარბიტრაჟო მოპასუხე საარბიტრაჟო სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს საარბიტრაჟო სარჩელის დასაშვებობას და ა.შ;

Ø  ვინ შეიძლება ჩაებას განხილვაში თანამონაწილეებად;

Ø  რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული არბიტრაჟის სხდომაზე;

Ø  ხომ არ აქვს აცილება არბიტრის ან მთლიანად არბიტრაჟის მიმართ,და თუ აქვს, რა საფუძვლით.

10.4თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნის ცნობად, მაგრამ ასევე არ განიხილება საარბიტრაჟო განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად.

10.5საარბიტრაჟო შესაგებელი არბიტრაჟს შესაძლოა წარედგინოს როგორც წერილობით,ასევე ელექტრონულად, ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში ორიგინალი ჩააბაროს არბიტრაჟს ელექტრონული ფორმით წარმოდგენიდან07 დღის ვადაში.

10.6საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს მიღებიდან 07 დღის ვადაში ვადაში.

10.7 საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს არბიტრაჟს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 07 დღის ვადაში.

10.8ამ თავით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ საქმე მზადაა არბიტრაჟის მიერ განსახილველად.

თავი 11. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარი

11.1 შპს „არბიტრაჟის სახლი“არ მიიღებს სარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

ა) საარბიტრაჟო სარჩელი არ ექვემდებარება არბიტრაჟს;

ბ) არსებობს არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე (სარჩელზე) უარის თქმის, საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის (სარჩელის) ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) ამ ან სხვა არბიტრაჟის წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) დაინტერესებული პირის სახელით საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

11.2არბიტრაჟის უარი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელს არ უშლის საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომ განმეორებით მიმართოს არბიტრაჟს იმავე საარბიტრაჟო სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

 თავი 12. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი

10 

11 

12 

12.1საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს,მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად განსახილველად.

12.2შეგეგებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

Ø  შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი აკმაყოფილებს წინამდებარე დებულებით საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

Ø  შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

Ø  შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

Ø  შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელს და პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.

Ø  პირვანდელი და შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.

 თავი 13. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა

10 

11 

12 

13 

13.1თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე განიხილოს დავები, სადაც დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 ლარს, ხოლო 30 000 ლარის ზევით ჩაატაროს საქმის ზეპირი განხილვა , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე .

13.2მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.

13.3განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.

13.4თუ ამ დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

13.5არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

13.6თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.თუ საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.

13.7არბიტრი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს კოლეგიური არბიტრაჟი, – ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხსნის არბიტრაჟის სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.

13.8არბიტრი აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად.

13.9არბიტრი ან საქმის მდივანი აცხადებს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები დებულებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არბიტრაჟი ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.

13.10   მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს არბიტრაჟმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული საარბიტრაჟო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით,საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

13.11   საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის ხელახლა განხილვა მისი გადადების შემდეგ თავიდან დაიწყება. არბიტრაჟი საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს დღეს ახალი საარბიტრაჟო სხდომისათვის და ამას აცნობებს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახლად ჩაბმულ პირებს ახალი საარბიტრაჟო სხდომის დღეს აცნობებენ დებულებით დადგენილი წესით.

13.12   საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს. ახალ საარბიტრაჟო სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

13.13   საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაავალებს მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი მოწმისა, რომლის დაკითხვაც მას სურს.

13.14   თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე დაასახელებს მოწმეთა ვინაობასა და მისამართს მხოლოდ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, არბიტრაჟს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღოს ეს მტკიცებულებები და არ გამოუძახოს მოწმეებს.

13.15   საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მოხსენებით არბიტრაჟის მიერ, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, მაშინ – ამ სხდომის მასალებსა და ოქმს.

13.16   არბიტრაჟის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა. პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

13.17   მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრაჟს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.

13.18   მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი დაკითხავს მოწმეებს. ჯერ დაიკითხებიან საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები, ხოლო შემდეგ– საარბიტრაჟო მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები.

13.19   არბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია არბიტრს ერთპიროვნულად, ანდა არბიტრაჟს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი განიხილავს. იგივე წესი მოქმედებს მოწმეთა დაკითხვის დროს.

13.20   არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური არბიტრაჟის თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და არბიტრაჟში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას, მხარეთა მოსაზრებებისა და მოთხოვნების დაზუსტებას.

13.21   არბიტრაჟი იღებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს, არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.

13.22   მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას.

13.23   თუ მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას ახსნა-განმარტების მისაცემად, არბიტრაჟს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე.

13.24   საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს დავასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.

13.25   საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ არბიტრაჟი ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.

13.26   პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

13.27   მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით საარბიტრაჟო მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.

13.28   მხარეთა პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს, რითაც მთავრდება მთავარი საარბიტრაჟო სხდომა.

თავი 14. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

11 

12 

13 

14 

14.1საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არაუმეტეს 180 დღით.

14.2საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

14.3საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სავალდებულო რეკვიზიტებია:

Ø  დავის არსის მოკლე აღწერა – ფაქტობრივი გარემოებები;

Ø  მტიცებულებები, რომლებიც შეაფასა არბიტრაჟმა;

Ø  სამოტივაციო ნაწილი იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება;

Ø  არბიტრაჟის გადაწყვეტილება-სარეზოლუციო ნაწილი.

14.4 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

14.5 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

14.6 რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

14.7 რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.

თავი 15. მხარეთა მორიგება

12 

13 

14 

15 

15.1თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.

15.2არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

15.3მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

15.4მხარეთა შორის მორიგება შეიძლება შედგეს არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მისი ცნობა-აღსრულების პროცედურის დაწყებამდეც, რა დროსაც მხარეებს შეუძლიათ მიმართოთ არბიტრაჟს გამოტანილი გადაწყვეტილების გადახდევის მოთხოვნით მხარეთა მორიგების გამო, და მოითხოვონ მათ შორის მიღწეული მორიგების დამტიცება ახალი გადაწყვეტილებით.

თავი 16. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება

11 

12 

13 

14 

15 

16 

16.1საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

16.2არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

Ø  თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

Ø  თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

Ø  თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

Ø  თუ საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღების შემდეგ გამოვლინდება სარჩელის წარმოებში მიღებაზე უარის თქმის რომელიმე კანონით ან ამ დებულებით გათვალისწინებული საფუძველი ან საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების, ლიკვიდაციის შემდეგ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

16.3არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

Ø  თუ მოსარჩელემ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი უკან დავის საგანზე უარის თქმის გარეშე;

Ø  მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

Ø  საქმის განხილვის შეჩერების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში.

თავი 17. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

17.1თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

Ø  მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები;

Ø  მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

17.2არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

17.3არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.

17.4თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

17.5არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არაუმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ თავის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის,ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

თავი 18. საქმის განხილვის შეჩერება და გადადება

15 

16 

17 

18 

18.1მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:

18.1.2 უფლებამონაცვლის დადგენამდე ერთ წლამდე ვადით;

18.1.3 ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში ექსპერტის პასუხის მიღებამდე 07 თვემდე ვადით;

18.1.4 სხვა ობიექტური მიზეზით მხარეთა შუამდგომლობის ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე არაუმეტეს 07 თვის ვადით.

18.2საქმის განხილვა განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია განხილვის შეჩერება და გაგრძელდება საერთო წესით.

18.3მხარეთა განცხადების საფუძველზე საქმის განხილვის შეჩერების შემთხვევაში მხარე ვალდებულია მიმართოს არბიტრაჟს განახლების მოთხოვნით, ასევე წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელი განუხილველი დარჩება.

18.4თუ საქმის განხილვას ვერ ესწრება რომელიმე მხარე ისეთი მიზეზით, რასაც არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს, არბიტრაჟს შეუძლია გადადოს საქმის განხილვა.

თავი 19. საარბიტრაჟო ოქმი

16 

17 

18 

19 

19.1არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი. ოქმს ადგენს საქმის მდივანი.

19.2ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს.

19.3მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც,მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

19.4ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 03 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.

19.5ოქმს ხელს აწერენ არბიტრი და მდივანი, ხოლი თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი.

19.6არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს ხმის ჩამწერი, ვიდეოგადამღები ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ ელექტრონული, ციფრული ჩანაწერები ინახება საქმეში, ხოლო ჩანაწერის განხორციელების შესახებ დგება ოქმი.

თავი 20. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

16 

17 

18 

19 

20 

20.1მხარეს შეუძლია ისარგებლოს როგორც სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაყენებით პირდაპირ სასამართლოს წინაშე, ასევე დააყენოს შუამდგომლობა არბიტრაჟში.

20.2საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე,საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია განცხადებით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

20.3განცხადებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

20.4 განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა შესაბამისი უწყებიდან. უძრავი ქონების შემთხვევაში საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან,მოთხოვნის უფლების ყადაღის შემთხვევაში დოკუმენტი,რომელიც ადასტურებს მოთხოვნის უფლებას და სხვა.

20.5თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ დებულებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს,არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში არბიტრაჟი დადგენილებით განცხადებას განუხილველად დატოვებს.

20.6საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არბიტრაჟს დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოსარჩელე ვალდებულია წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი,წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

20.7განცხადებას სარჩელის,უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟი განიხილავს განცხადების შეტანიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად,და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას.

20.8დადგენილებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია არბიტრაჟმა, უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.

20.9სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

20.10   მხარეთა თხოვნით, საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

20.11   როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის განცხადება არბიტრაჟის მიერ განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

20.12   საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს არბიტრაჟი მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

20.13   სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

Ø  ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

Ø  სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

Ø  მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა ან დავალება;

Ø  არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალოს მხარეს:

Ø  საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;

Ø  ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

Ø  ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

Ø  იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.

20.14     თუ არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და განუსაზღვროს ვადა აღნიშნულის განსახორციელებლად. უზრუნველყოფის გარანტია არბიტრაჟმა შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

20.15     თუ პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არ განახორციელებს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში, არბიტრაჟი გამოიტანს დადგენილებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

20.16     თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, ან/და არბიტრაჟმა სარჩელის აღძვრის ვადის გადაცილების მიზეზით გააუქმა სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

20.17     სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი დადგენილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში არბიტრაჟი აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

20.18     არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან,განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

20.19     მხარეები ვალდებულნი არიან არბიტრაჟს დაუყოვნებლივ აცნობონ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

20.20     არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, კანონით დადგენილი წესით.

თავი 21. მხარეთა უფლებები

17 

18 

19 

20 

21 

21.1მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ,გაეცნონ სარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებულ მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები. ისარგებლონ ამ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

21.2სარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს,საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც არბიტრაჟი ვალდებულია აცნობოს სარბიტრაჟო მოპასუხეს.

21.3 საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის მოთხოვნის ოდენობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება, მაგრამ არაუმეტეს07 დღით. მოთხოვნის ოდენობის შეცვლად არ ჩაითვლება მოთხოვნის დაზუსტება, დაკონკრეტება და გაღებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.

21.4 დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც საარბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.

21.5 მხარეები საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნენ წარმომადგენლის ან ადვოკატის მეშვეობით. წარმომადგენელმა ან ადვოკატმა უნდა წარუდგინოს არბიტრაჟს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს,თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა განხილვაში.

21.6 მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, გაიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი,ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.

თავი 22. უფლებამონაცვლეობა

18 

19 

20 

21 

22 

22.1სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) არბიტრაჟი დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

22.2უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში არბიტრაჟი შეაჩერებს საქმის წარმოებას საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

22.3უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო განხილვაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

22.4სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი 23. მტკიცებულებები

19 

20 

21 

22 

23 

23.1არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.

23.2თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23.3თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

Ø  საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;

Ø  გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;

Ø  საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.

23.4არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

23.5თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:

Ø  დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;

Ø  მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.

23.6თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით, მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.

23.7ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლებით. აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი მხარის, თავად ექსპერტის მომართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

თავი 24. არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა

21 

22 

23 

24 

24.1არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ არის დადასტურებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და გაცემული არ არის შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი და/ან მიმდინარეობს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესი.

24.2არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის განხილვის განახლება დასაშვებია მხარეთა მომართვის საფუძველზე ან არბიტრაჟის ინიციატივით შემდეგ შემთხვევებში:

Ø  მხარეებს შორის შედგა მორიგება არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მხარეებს სურთ ამ მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურება;

Ø  თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების განმხილველი სასამარლო აჩერებს საჩივრის განხილვას არბიტრაჟს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, რის შესახებაც ეცნობება საერთო სასამართლოს და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს.

Ø  თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღიარება იმ მიზეზით, რომ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო დებულებით ან/და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განხილვის წესები.

თავი 25. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

21 

22 

23 

24 

25 

25.1არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

25.2დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს ნებისმიერ დროს. ამასთან, ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომლის საარბიტრაჟო განხილვაც დაიწყო ცვლილებების/დამატებების ამოქმედებამდე.

25.3ეს დებულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.