ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26657/07
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Сourt Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

მეხუთე სექცია

 

საქმე „მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

 

 

(საჩივარი № 26657/07)

 

 

გადაწყვეტილება

 

სტრასბურგი

 

2017 წლის 7 სექტემბერი

 

საბოლოო გახდა

07/12/2017

 

 

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.


გადაწყვეტილება საქმეზე მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ანგელიკა ნუსბერგერი, თავმჯდომარე

ერიკ მოსე,

ნონა წოწორია,

ანდრე პოტოკი,

სიოფრა ო'ლირი,

მარტინს მიტსი,

გაბრიელ კუცსკო-შტადლმაიერი, მოსამართლეები,

და მილან ბლაშკო, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

2017 წლის 4 ივლისის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

პროცედურა

 

1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ნიკოლოზ მირზაშვილის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე 2007 წლის 1 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (№   26657/07).

2. მომჩივანს თანმიმდევრულად წარმოადგენდნენ ბ-ნი მ. ნოზაძე და ქ-ნი ს. აბულაძე, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდნენ ბ-ნი დ. თომაძე და ბ-ნი ლ. მესხორაძე, სახელმწიფო წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროდან.

3. მომჩივანი, აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისთვის სიმსივნის ადეკვატური მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას.

4. 2008 წლის 10 იანვარს საჩივრის შესახებ ინფორმაცია გაეგზავნა მთავრობას.

5. 2008 წლის 28 მარტს დამატებით გაეგზავნა ინფორმაცია მთავრობას მომჩივნის მიერ, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილ ახალ საჩივარზე, ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობის სავარაუდო ვერუზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 

ფაქტები

 

I. საქმის გარემოებები

6. მომჩივანი დაიბადა 1971 წელს და საქმის განხილვის დროისათვის სასჯელს იხდიდა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

A. სისხლის სამართალწარმოება მომჩივნის წინააღმდეგ

 

7. 2005 წლის 9 აგვისტოს მომჩივანი დააკავეს ეჭვის საფუძველზე, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, რა დროსაც მან პირს იარაღის მუქარით, გამოსტაცა სატრანსპორტო საშუალება, მობილური ტელეფონი და გარკვეული ოდენობის ფული. იმავე დღეს მის მიმართ დაიწყო გამოძიება და ორჯერ დაიკითხა. იგი აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო, უთითებდა თავის ალიბზე და ამბობდა, რომ ჰქონდა სიმსივნე და გადიოდა მკურნალობას ონკოლოგიურ კლინიკაში. მომჩივანი ამოცნობილ იქნა დაზარალებულების მიერ. ვინაიდან იგი თავს უდანაშაულოდ თვლიდა, მან უარი განაცხადა ხელი მოეწერა ამოცნობის ოქმზე.

8. 2005 წლის 10 აგვისტოს დაკითხვისას, მომჩივანმა კვლავ განაცხადა ალიბის შესახებ და უკმაყოფილება გამოთქვა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იმავე დღეს მას ბრალი წარედგინა ძარცვისა და ყაჩაღობისთვის (შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლები).

9. 2005 წლის 11 აგვისტოს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა მომჩივნისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. 2005 წლის 22 აგვისტოს განჩინება უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ, მომჩივნის განმარტების მიუხედავად, რომ იგი ავად იყო და არ აარიდებდა თავს მართლმსაჯულებას. მომჩივანი მოათავსეს თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

10. 2006 წლის 18 ოქტომბერს მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და მიესაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

11. მომჩივანმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოწმეთა ჩვენებების შეფასების შემდეგ, სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის ალიბი არ იყო დამაჯერებელი. 2007 წლის 24 ივლისის განაჩენით, შეიცვალა 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, მაგრამ უცვლელი დარჩა ბრალდება და სასჯელი.

12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაუდგენელი თარიღით, დაუშვებლად მიიჩნია მომჩივნის სამართლებრივ საკითხებზე წარდგენილი საჩივარი.

 

B. მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

13. 1998 წელს მომჩივანს გაუკეთდა მარჯვენა სათესლე ჯირკვლიდან ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია. შემდეგ იგი გადიოდა ქიმიოთერაპიას არარეგულარურად. რადგანაც დაავადების განახლება დაფიქსირდა, მას გაუკეთდა ხელახალი ოპერაცია 2003 წელს. 2005 წლის 4 მარტის სამედიცინო ცნობის მიხედვით, მომჩივანი, ასევე, დაავადებული იყო ქრონიკული C ჰეპატიტით (HCV).

 

1. მომჩივნისთვის 2008 წლის 28 მარტამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა

14. 2005 წლის 20 აგვისტოს, დაკავებიდან მოკლე დროში, მომჩივანი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. ქრონიკული HCV-ს დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ მკურნალობდნენ მარჯვენა სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე, ექიმების რეკომენდაცია იყო მის მიერ ონკოლოგთან კონსულტაციის გავლა და სპეციალური გამოკვლევის ჩატარება. 2005 წლის 24 აგვისტოს ქირურგიული განყოფილების უფროსმა სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს მოვალეობის შემსრულებელს წერილობით აცნობა, რომ მომჩივანს ესაჭიროებოდა უროონკოლოგის მიერ გამოკვლევა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში („ონც“). მან აღნიშნა, რომ მომჩივანი თანახმა იყო, ყველა ხარჯი თვითონ გაეღო. 2005 წლის სექტემბერში ექიმებმა კიდევ ერთხელ გასცეს რეკომენდაცია, რომ იგი გამოკვლეული ყოფილიყო უროონკოლოგის მიერ. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ მომჩივანი არ გადაუყვანიათ ონც-ში და არც ონკოლოგს გამოუკვლევია. იგი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში დარჩა 2006 წლის 4 თებერვლამდე, სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მას უტარდებოდა მკურნალობა სიმპტომების მიხედვით, რაც მოიცავდა ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს.

15. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენჯერმე გადაყვანის შედეგ და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელი იყო, მომჩივანი დაუბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს 2006 წლის 25 თებერვალს. 2006 წლის 7 მარტს ონკოლოგმა მომჩივნის გამოკლვევის შემდეგ დაასკვნა, რომ სიმსივნე ხელახლა წარმოიქმნა და, რომ მას ასევე აწუხებდა ტკივილი მარცხენა სათესლე ჯირკვალში. მან დაიკლო წონაში და მისი ქრონიკული HCV გაუარესდა.

16. 2006 წლის 15 აგვისტოს მომჩივნის დამცველის მოთხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა ანგარიში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ დასვეს მარჯვენა სათესლე ჯირკვლის II კლინიკური ჯგუფის სიმსივნის დიაგნოზი 1 B სტადიაზე. ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნის ხარისხის გათვალისწინებით, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც პოტენციურად მძიმე. სიმსივნის დარჩენილი ნაწილი უნდა ამოკვეთილიყო და მომჩივანს ჩატარებოდა ქიმიოთერაპიის ინტენსიური კურსი სტაბილურ პირობებში. მას უნდა გაევლო შემოწმება ყოველ სამ თვეში ერთხელ, ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში.

17. 2006 წლის 2 სექტემბერს მომჩივანი კვლავ გადაიყვანეს თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სახელმწიფო ორგანოებმა არ დააკმაყოფილეს მისი ადვოკატის მოთხოვნა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, რომლითაც მან მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელსა და სხვა თანამდებობის პირებს.

18. 2006 წლის 17 ნოემბერს მომჩივანი გაგზავნილ იქნა ონც-ში ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად. 2006 წლის 5 დეკემბერს, გაწერამდე, ონკოლოგმა რეკომენდაცია გასცა, რომ მომჩივანს სამ კვირაში უნდა ჩაეტარებინა შემოწმება და დამატებითი ქიმიოთერაპია. იმავე დროს, დაავადების შემდგომი პროგრესირების გათვალისწინებით, მისი რეკომენდაციით, მომჩივანი უნდა მოთავსებულიყო სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

19. მომჩივანი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს 5 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე, სადაც გაეწია მკურნალობა სიმპტომების ადეკვატურად. 2006 წლის 16 დეკემბერს იგი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ონკოლოგის რეკომენდაციის მიუხედავად, სამ კვირაში სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ არ გააგზავნა იგი ონც-ში.

20. 2007 წლის 5 აპრილს მომჩივნის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რითაც იგი მოსამართლის ყურადღებას ამახვილებდა მისი კლიენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, რაც გამოწვეული იყო ადეკვატური მკურნალობის ჩაუტარებლობით, რასაც, მისი აზრით, შეიძლებოდა გამოეწვია მომჩივნის გარდაცვალება. კერძოდ, იგი, ჩიოდა, რომ ექიმის რეკომენდაციების მიუხედავად, მომჩივანს არ შეეძლო გაევლო ინტენსიური ქიმიოთერაპიის კურსი. ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს სთხოვდა, რომ მისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხელახლა მომხდარიყო ექსპერტის მიერ, განსაზღვრულიყო, რამდენად შეიძლებოდა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მისთვის აუცილებელი მკურნალობის ჩატარება და რამდენად შეეძლო მისი პატიმრობის პირობებს უარყოფითი გავლენა მოეხდინა მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მას ასევე უნდა გადაეწყვიტა, რამდენად აღმოჩნდებოდა მომჩივნის სიცოცხლე რისკის ქვეშ, თუ უფლებამოსილი პირები არ უზრუნველყოფდნენ მის მოთავსებას სპეციალიზებულ კლინიკაში.

21. 2007 წლის 10 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ, პროკურორის არგუმენტების მიღების შემდეგ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და გადაწყვიტა იმ ონკოლოგის გამოძახება, რომელმაც გასცა 2006 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაცია.

22. 2007 წლის 21 აპრილს მომჩივანი მოათავსეს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. 2007 წლის 24 აპრილს მისმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ მომჩივანს ესაჭიროებოდა ონც-ში გადაყვანა დამატებითი ქიმიოთერაპიისთვის. ექიმმა შემდგომში კვლავ გაიმეორა თავისი რეკომენდაცია, თუმცა უშედეგოდ, რადგან არც ამის შემდეგ მოხერხდა მისი გადაყვანა. მაისის შუა რიცხვებისთვის მომჩივნის მდგომარეობა გაუარესდა, სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, იგი მუდმივად განიცდიდა ტკივილს და იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს. პასუხისმგებელი ექიმი სამედიცინო ჩანაწერებში რეგულარულად იმეორებდა, რომ მომჩივანს დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა ონც-ში გადაყვანა.

23. ამ პერიოდში, მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ გასცა მისი ონც-ში გამოკვლევის დავალება.

24. 2007 წლის 19 ივნისს მომჩივანი მიყვანილ იქნა ონც-ში, სადაც მან დაჰყო 2007 წლის 13 ივლისამდე, ქიმიოთერაპიის კურსის გასავლელად. იმავე დროს მომზადდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, რომელმაც დაადასტურა მისი დიაგნოზი, მარჯვენა სათესლე ჯირკვლის II კლინიკური ჯგუფის სიმსივნე 1 B სტადიაზე. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ქიმიოთერაპიის შედეგები მიუთითებდა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის ცუდი მდგომაროება არ შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც მძიმე. მიუხედავად ამისა, სიმსივნის ავთვისებიანობის გათვალისწინებით, სიმსივნე შეიძლებოდა კვლავ განახლებულიყო. შესაბამისად, რამდენიმე ქიმიოთერაპიის კურსი აუცილებელი იყო წინა წარმატებული მკურნალობის გამყარებისათვის. დამატებით, მომჩივანს ესაჭიროებოდა შემოწმება სპეციალიზებულ კლინიკაში ყოველ სამ თვეში.

25. შემდეგში, 2007 წლის 13 ივლისს, იგი დააბრუნეს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, სამ კვირაში შემდგომი ქიმიოთერაპიის კურსის გავლის რეკომენდაციით. 2007 წლის აგვისტოში მასზე პასუხისმგებელმა ექიმმა კვლავაც აღნიშნა თავის სამედიცინო ჩანაწერში, რომ მას ესაჭიროებოდა ქიმიოთერაპია. სამედიცინო ჩანაწერი მოწმობს, რომ იმ დროისთვის მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა.

26. 2007 წლის 23 აგვისტოს მომჩივანი დაბრუნდა ონც-ში ქიმიოთერაპიის გავლის მიზნით. 2007 წლის 7 სექტემბერს კი იგი კვლავ დააბრუნეს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ყოველკვარტალური სამედიცინო შემოწმების რეკომენდაციით. 2007 წლის 22 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამი თვის შემდეგ გამოკლევის რეკომენდაციით. სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და, არც შემდგომი 4 თვის განმავლობაში, მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი, თუ ასეთი რამ არსებობდა.

27. 2008 წლის 31 იანვარს მომჩივანი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა და მიიღო ონკოლოგისა და ქიმიოთერაპევტის კონსულტაცია. ამ უკანასკნელმა დაასკვნა, რომ არ არსებობდა ქიმიოთერაპიის გაგრძელების საჭიროება და აღნიშნა, რომ მომჩივანი უნდა დაბრუნებულიყო სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, ორი თვის განმავლობაში შემდგომი შემოწმებისთვის. რაც შეეხება მომჩივნის HCV-ს, ღვიძლის ფუნქციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბილირუბინის რაოდენობა ნორმაში იყო და რაიმე ანტივირუსული მკურნალობის საჭიროება არ არსებობდა, ამ ეტაპზე. 2008 წლის 21 თებერვალს მომჩივანი ჩიოდა, რომ იგი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერეს და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა არ გაუწიეს, განსაკუთრებით HCV-თან დაკავშირებით. იგი აცხადებდა, რომ ქიმიოთერაპია უარყოფით გავლენას ახდენდა მის ღვიძლზე და, რომ ამასთან დაკავშირებით ესაჭიროებოდა სასწრაფო მკურნალობა. მისი საჩივრის მიუხედავად, 2008 წლის 23 თებერვალს იგი გადაყვანილ იქნა რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

28. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იგი საავადმყოფოში წოლისა და მკურნალობის ხარჯებს იღებდა თვითონ, ოჯახის დახმარებით. საქმეში წარმოდგენილი ინვოისების მიხედვით, ონც-ში მისი მკურნალობისთვის დაიხარჯა 800 ქართული ლარი (დაახლოებით 333 ევრო (EUR)). მომჩივანმა ასევე წარადგინა ცნობა, რომელიც მიუთითებდა, რომ მან ისარგებლა სიმსივნესთან ბრძოლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამით, რომლის ფარგლებში მისი ხარჯები შემცირდა 30 %-ით – მკურნალობის საფასურის ანაზღაურების ნაწილში და 70 %-ით – გამოკვლევების ნაწილში. ამ შემცირებების გარეშე მისი ოჯახი ვერ შეძლებდა მისი მკურნალობის ხარჯების გადახდას.

 

2. [ევროპული] სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება და მომჩივნისთვის შემდგომში გაწეული სამედიცინო მომსახურება

29. 2008 წლის 28 მარტს სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, მიუთითა მთავრობას, რომ მომჩივანი მოთავსებულიყო სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი უზრუნველყოფილი იქნებოდა სიმსივნისა და ქრონიკული HCV-ს ადეკვატური მკურნალობით. სასამართლომ ასევე მიუთითა მთავრობას, უზრუნველეყო მომჩივნისთვის ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე და, რომ მისი მკურნალობა უნდა წარმართულიყო ონკოლოგის კონსულტაციის მიხედვით.

30. მომჩივანი მომდევნო დღეს გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. 2008 წლის 8 აპრილს იგი გადაიყვანეს სპეციალიზებულ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტომოგრაფია, რამაც გამოავლინა კისტოზური სიმსივნე. ექიმებმა ურჩიეს სიმსივნის დონის განმსაზღვრელი სისხლის ანალიზის ჩატარება და ონკოლოგის მიერ გასინჯვა. სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, 2008 წლის 12-13 აპრილს, მომჩივანმა კონსულტაცია გაიარა ქიმიოთერაპიის სპეციალისტთან, რომელმაც დაასკვნა, რომ იგი საჭიროებდა ღვიძლის სხვადასხვა ანალიზის ჩატარებას HCV-ს დიაგნოზის გათვალისწინებით და შემდგომ ქიმიოთერაპიას. მომჩივანს დაუყოვნებლივ შესთავაზეს ქიმიოთერაპიის ჩატარება სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ონკოლოგისა და ქიმიოთერაპევტის მეთვალყურეობით. თუმცა მან უარი თქვა ამ შეთავაზებაზე და 2008 წლის 16 აპრილს მოითხოვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ამასთან დაკავშირებით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულების პირობები არ იყო შესაფერისი ქიმიოთერაპიისთვის და, რომ შესაბამისი სპეციალისტები იქ მუდმივად არ იმყოფებოდნენ, რათა დაკვირვებოდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

31. 2008 წლის 1 მაისს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პანელმა, რომელიც შედგებოდა ონკოლოგის, ქიმიოთერაპევტის და ღვიძლის სპეციალისტისგან, დაასკვნა, რომ სახარბიელო არ იქნებოდა მომჩივნის ორივე დაავადების ერთდროულად მკურნალობა. მათ დაასკვნეს, რომ ქიმიოთერაპია პრიორიტეტული იყო, ხოლო ანტივირუსული მკურნალობა უნდა გადავადებულიყო. 2008 წლის 5 მაისს მომჩივანს ხელახლა შესთავაზეს ქიმიოთერაპია სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მან უარი თქვა და მოითხოვა ონც-ში გადაყვანა. მისი მოთხოვნის პასუხად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსმა, 2008 წლის 8 მაისის წერილით, სთხოვა, დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და აეხსნა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულების მიმართ მისი უკმაყოფილების მიზეზები. 2008 წლის 23 მაისის წერილში მომჩივანმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს, სხვებს შორის, არ ჰყავდა ქიმიოთერაპევტი, რომელიც ყოველდღიურად იქნებოდა ადგილზე და, რომ, შესაბამისად, იგი იქ აღმოჩნდებოდა არამუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

32. სამედიცინო ჩანაწერის მიხედვით, 2008 წლის 27 მაისს მომჩივანს ისევ ჩაუტარდა ქიმიოთერაპევტის კონსულტაცია. ქიმიოთერაპიის საჭიროების დადასტურებისას, ექიმმა იქვე აღნიშნა, რომ მომჩივანს, ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე, ასევე ესაჭიროებოდა ღვიძლის სხვადასხვა ანალიზი.

33. 2008 წლის 4 ივნისის წერილში სოციალური სამსახურის უფროსი მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფო ადეკვატურად იყო მოწყობილი მომჩივნისთვის ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობით. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე სხვა პატიმარი გადიოდა ამგვარ მკურნალობას სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში და არ არსებობდა მომჩივნის სპეციალიზებულ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება.

34. 2008 წლის 4 ივნისის წერილით მთავრობამ სასამართლოს აცნობა მომჩივნის უარის შესახებ, ქიმიოთერაპია ჩაეტარებინა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებლად მიჩნევითა და ამასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებზე მითითებით, მთავრობამ სთხოვა სასამართლოს, მიეცა შემდგომი მითითებები უახლოეს ვადაში.

35. 2008 წლის 7 და 8 ივლისს მომჩივანმა, 39-ე წესის თანახმად, სთხოვა სასამართლოს, დაევალებინა მთავრობისთვის, რომ იგი გადაეყვანათ ონც-ში ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად. იგი იმეორებდა თავის არგუმენტს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში არსებული აღჭურვილობის არაადეკვატურობის შესახებ მისთვის სიმსივნეზე შესაფერისი მკურნალობის გასაწევად. მოთხოვნის გასამყარებლად მან აღნიშნა, რომ ექვსი პატიმრიდან ორი, ვინც იტარებდა ქიმიოთერაპიას სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, გარდაიცვალა.

36. 2008 წლის 10 ივლისს, სასამართლომ რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, მთავრობას დაავალა მომჩივნის გადაყვანა ონც-ში დამატებითი ქიმიოთერაპიის ჩატარების მიზნით. 2008 წლის 14 ივლისს მომჩივანი გადაიყვანეს ონც-ში, სადაც მას ჩაუტარდა ტომოგრაფია, რამაც აჩვენა, რომ არ შეინიშნებოდა პროგრესი მუცლის ღრუს რეტროპერიტონალურ ლიმფადენოპათიაში და სიმსივნის მარკერები იყო ნორმაში. ამავე დროს სკანირებამ გამოავლინა ცვლილებები მის მარცხენა ფილტვში და ექიმების რეკომენდაციით, მას ესაჭიროებოდა შემდგომი გამოკვლევა. შემდგომი სამედიცინო ანალიზების მიხედვით, მას დაუსვეს მარცხენა ფილტვის ტუბერკულოზის („ტბ“) დიაგნოზი. 2008 წლის 20 აგვისტოს მას ჩაუტარდა მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილების რეზექცია. სექტემბრის დასაწყისში ონც-დან გაწერისას, აღინიშნა, რომ მისი მდგომაროება სტაბილური იყო, მაგრამ, რომ იგი საჭიროებდა სპეციალისტის მკურნალობას ტუბერკულოზის განყოფილებაში. ასევე, აღნიშნული იყო ონკოლოგის ყოველკვარტალური შემოწმების საჭიროების შესახებ.

37. 2008 წლის 3 ოქტომბერს მომჩივანს ჩაუტარდა ღვიძლის სპეციალისტის კონსულტაცია, რომელმაც მიუთითა HCV-ის პათოლოგიური აქტივობის დაბალ დონეზე და დანიშნა მკურნალობა რამდენიმე ჰეპატოპროტექტორით. იმავე დღეს მას შესთავაზეს ანტი-ტბ მკურნალობა DOTS-ის პროგრამით (უშუალო მეთვალყურეობის პროგრამა, მოკლე კურსი – ტბ-ს გამოვლენის და მკურნალობის სტრატეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით), რაზეც მან უარი განაცხადა. 2008 წლის 31 ოქტომბერს და 2009 წლის 12 იანვარს მომჩივანმა ასევე ჩაიტარა HCV-ს ანალიზები. შედეგები არ მიუთითებდა ჰეპატიტის გამეორებასა და შესაბამისად, ანტივირუსული მკურნალობის საჭიროებაზე. მომჩივანს დაენიშნა მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე ჰეპატოპროტექტორით.

38. შემდეგი თვეების განმავლობაში მომჩივანი მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა, გარდა მოკლე პერიოდებისა 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის იანვარში, მარტსა და ივლისში, როდესაც იგი გადაყვანილ იქნა ონც-სა და სხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო შემოწმებებისთვის. სამედიცინო ჩანაწერები აჩვენებს, რომ იმ დროისათვის მომჩივანი იმყოფებოდა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდებოდა რეგულარული სამედიცინო ანალიზები და გამოკვლევები (სისხლისა და შარდის ანალიზები, ულტრაბგერითი გამოკვლევები, სხვადასხვა ტომოგრაფიული სკანირება, სიმსივნის მარკერების განსაზღვრა, ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები), ჩაუტარდა ექიმების განმეორებითი კონსულტაციები, მათ შორის, ონკოლოგის, უროლოგის და ინფექციონისტის. სამედიცინო ჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ 2009 წლის 27 მარტიდან 28 აპრილამდე მომჩივანს ჩაუტარდა სრულყოფილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შედეგად, მისი დიაგნოზი განისაზღვრა, როგორც: მარჯვენა სათესლე ჯირკვლის III კლინიკური ჯგუფის სიმსივნე პირველ სტადიაზე პოსტქიმიოთერაპიულ და პოსტრეზექციულ პერიოდში. მომჩივნის მდგომარეობა ხასიათდებოდა დამაკმაყოფილებლად, სპეციალისტების მითითებით, ჰეპათოლოგიური პათოლოგიის გარეშე, ტუბერკულოზის ბაქტერია იყო უმოქმედო მდგომარეობაში, სიმსივნე არ პროგრესირებდა.

39. 2009 წლის 7 ოქტომბერს მთავრობამ განაახლა სასამართლოში მომჩივნის სხვადასხვა დაავადების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია. 2009 წელს მომჩივნის სრული სამედიცინო ანკეტის წარდგენისას, მთავრობა მიუთითებდა, რომ მომჩივნის დაავადებები არ ხასიათდებოდა პროგრესირების ნიშნებით. ისინი აცხადებდნენ, რომ მიღებული ჰქონდათ ყველა საჭირო ზომები ციხეში მომჩივნის ჯანმრთელობის დასაცავად და სთხოვეს სასამართლოს, გაეუქმებინა 2008 წლის 28 მარტს დაკისრებული დროებითი ღონისძიება.

40. 2010 წლის 16 ივნისის წერილით მომჩივანი უარს აცხადებდა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერაზე. იგი აცხადებდა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი სამედიცინო მტკიცებულებები არ ამყარებდა იმ მტკიცებას, რომ იგი არ საჭიროებდა შემდგომ სამედიცინო მკურნალობას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არასოდეს უმკურნალიათ ქრონიკულ HCV-ზე და, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდებოდა, თუ მას გადაიყვანდნენ რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

41. მხარეების მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლომ 2012 წლის 8 თებერვალს გადაწყვიტა გაეუქმებინა დროებითი ღონისძიება, მიღებული 2008 წლის 28 მარტსა და 10 ივლისს, 39-ე წესის შესაბამისად.

 

C. მომჩივნის პატიმრობის პირობები

 

42. მომჩივანი პატიმრობაში იმყოფებოდა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2005 წლის 11 აგვისტოდან 2006 წლის 17 ნოემბრამდე, რა დროსაც რამდენჯერმე იყო გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. მომჩივნის გადმოცემით, თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობის პირობები საშინელი იყო. იგი მოთავსებული იყო გადატვირთულ საკანში, სადაც მას უხდებოდა მორიგეობით ძილი, მაქსიმუმ 2-3 საათით დღეში. საკანში იყო ცუდი სანიტარიული და ჰიგიენური მდგომარეობა და მას არ ეძლეოდა ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ვარჯიშის შესაძლებლობა.

43. მომჩივანმა მომდევნო ორი წელი ძირითად გაატარა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. მომჩივნის გადმოცემით, დაწესებულებებში მიწოდებული საკვები იმდენად ცუდი იყო, რომ მის ოჯახს უხდებოდა მისი საკვებით მუდმივად მომარაგება თავიანთ ხარჯზე. მეტიც, მას არ მიეწოდებოდა ჰიგიენის ძირითადი საგნები, როგორიცაა ტუალეტის ქაღალდი, საპონი და საწოლის თეთრეული.

 

II. შესაბამისი შიდა სამართალი

 

44. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოში იმ დროს მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი ნორმები მითითებულია შემდეგ გადაწყვეტილებებში: გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Goginashvili v. Georgia) (№ 47729/08, §§ 32-35, 4 ოქტომბერი 2011) და ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ (Jeladze v. Georgia) (№ 1871/08, §§ 28-32, 18 დეკემბერი 2012, იქვე შემდგომი მითითებებით).

 

III. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები

A. 2007 წლის 25 ოქტომბრის (CPT/Inf (2007) 42) ანგარიში საქართველოში წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ( CPT) ვიზიტთან დაკავშირებით, 2007 წლის 21 მარტიდან 2 აპრილამდე.

 

45. ანგარიშის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა: 

„C. № 6 სასჯელაღსრულების დაწესებულება, რუსთავი

 

i. მატერიალური პირობები

46. ვინაიდან რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულება წარმოადგენდა ახლად აშენებულს, მატერიალური პირობები ზოგადად უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელთაც CPT სტუმრობდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, დაწესებულების ექსპლუატაციაში შესვლიდან მხოლოდ ერთ წელიწადში იქ უკვე არსებობდა ამორტიზაციის ნიშნები (კერძოდ, საკნების სანიტარიულ კვანძებსა და საშხაპე ოთახებში), არასათანადო მოვლისა და დასუფთავების გამო. ზოგიერთი პრობლემა გამოწვეული იყო ახალი კორპუსის ჯერ კიდევ მიმდინარე რემონტით.

...

საკნებს ჰქონდა უგისოსო ფანჯრები, რაც უზრუნველყოფდა სათანადო წვდომას დღის განათებასთან; ვენტილაცია, ხელოვნური განათება და გათბობა ასევე დამაკმაყოფილებელი იყო. საკნების აღჭურვილობა შედგებოდა: ორსართულიანი საწოლების, პირადი ნივთების შესანახი კარადების, ერთი ან მეტი მაგიდისა და სკამებისაგან; ასევე, ყველა საკანში იყო სრულიად გამოყოფილი სანიტარიული კვანძი. თუმცა, საკნებში არ იყო ზარი, რის გამოც, პატიმრები ჩიოდნენ, რომ რთული იყო პერსონალის ყურადღების მიქცევა, ხოლო საკნის კარზე ბრახუნი ითვლებოდა დისციპლინურ გადაცდომად. სხვა ნაკლოვანებები უკავშირდებოდა საწოლების კონფიგურაციას (ერთმანეთისგან მეტად დაშორებული ლითონის ფირფიტები, რომლებშიც ლეიბები იზნიქებოდა) და ფანჯრების იმგვარ დიზაინს, რაც მათ გაწმენდას შეუძლებელს ხდიდა.

...

49. საცხოვრებელი კორპუსის ყველა სართულზე იყო საშხაპე ოთახი და პატიმრებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ შხაპი კვირაში ერთხელ. თუმცა, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ცხელი წყალი მიეწოდებოდათ პერიოდულად და პატიმრები ჩიოდნენ, რომ მათ მხოლოდ 5 ან 10 წუთით ეძლეოდათ დაბანის საშუალება. უფრო მეტიც, საშხაპე ოთახებში აღინიშნებოდა ნგრევის ნიშნები (ნესტიანი ჭერი, სასხურების არარსებობა).

ციხეს ჰქონდა კარგად აღჭურვილი სამრეცხაო; თუმცა პატიმრები ჩიოდნენ, რომ საწოლის თეთრეული ირეცხებოდა მხოლოდ ორ თვეში ერთხელ და მათ უხდებოდათ თავიანთი ტანსაცმლის საკნებში გარეცხვა ცივი წყლით. სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმრებს მხოლოდ საპნით და სარეცხი საშუალებებით ამარაგებდა; სხვა პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენა შესაძლებელი იყო მაღაზიაში, რომელიც დაწესებულების ტერიტორიაზე 2007 წლის დასაწყისში გაიხსნა.

50. რაც შეეხება საკვებს, პატიმართა უმეტესობა აცხადებდა, რომ რაოდენობრივად საკმარისი იყო, მაგრამ აკლდა ხარისხი და მრავალფეროვნება. საკვების მომზადებას ქვეკონტრაქტორი კერძო კომპანია უზრუნველყოფდა. ხორცის ან/და თევზის მიწოდება ყოველდღიურად ხდებოდა (მაგალითად, ვიზიტის დღეს იყო 170 გრ. თევზი). თუმცა, კვერცხი, რძის პროდუქტები და ხილი აშკარად იშვიათად იყო მენიუში. პატიმრები თავიანთ რაციონს ავსებდნენ ოჯახის წევრებისგან მიწოდებული ამანათებითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში ნაყიდი საკვებით.

...

4. სამედიცინო მომსახურება

რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდა მთავარი ექიმი (სპეციალობით ფსიქო-ნევროლოგი), ორი ზოგადი პროფილის ექიმი, ქირურგი და ოთხი ექთანი. ექიმი და ექთანი ადგილზე იმყოფებოდნენ 24-საათიან რეჟიმში. ვიზიტის დროს სტომატოლოგის, ფსიქიატრის, პულმონოლოგის, დერმატოლოგისა და ფარმაცევტის ადგილები ვაკანტური იყო. მიწვეული კონსულტანტები დაწესებულებაში თვეში რამდენჯერმე მიდიოდნენ.

77. დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათ მიერ დათვალიერებულ დაწესებულებებში მედიკამენტების მიწოდება და სპექტრი მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული უკანასკნელ წლებში. მიუხედავად ამისა, გარკვეული რაოდენობის პატიმარი ჩიოდა, რომ ისინი დამოკიდებული იყვნენ თავიანთ ოჯახებზე ყველაზე საჭირო მედიკამენტების შესაძენად.

რაც შეეხება ხსენებულ დაწესებულებებში არსებულ სამედიცინო აღჭურვილობას, როგორც წესი, შემოიფარგლებოდა სტატოსკოპითა და წნევის საზომი აპარატით; არ არსებობდა აპარატები რენტგენის გადასაღებად ან სისხლის ძირითადი ანალიზებისათვის. ...

78. პატიმრები, რომელთაც ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია, გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით. სტუმრობისას გამოითქვა ჩივილები ამგვარი გადაყვანების ხანგრძლივ დაგვიანებებთან დაკავშირებით, სივრცის შეზღუდულობის გამო. პატიმრები, რომლებიც ვერ გადაყავდათ სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში, ფინანსურად დამოკიდებული იყვნენ თავიანთ ოჯახებზე (მათ შორის, როგორც იკვეთება, საავადმყოფოში ესკორტირების ხარჯის ნაწილში).“

 

B. 2010 წლის 21 სექტემბრის ანგარიში (CPT/Inf (2010) 27) საქართველოში წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ( CPT) ვიზიტთან დაკავშირებით, 2010 წლის 5-დან 15 თებერვლამდე.

 

46. ანგარიშის შესაბამისი ნაწილები, რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის ახალ სამკურნალო დაწესებულებას, შემდეგი შინაარსისაა:

„b. სამკურნალო დაწესებულება პატიმრებისთვის, თბილისი (გლდანი)

99. სამკურნალო დაწესებულება პატიმრებისთვის თბილისში (გლდანი), განთავსებული გლდანის პენიტენციურ კომპლექსში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სასჯელაღსრულების სისტემის ცენტრალურ საავადმყოფოსთან შედარებით, რომელსაც CPT ესტუმრა 2001 და 2004 წლებში. დელეგაციაზე გლობალურად პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა ახალმა დაწესებულებამ, რომელიც გაიხსნა 2008 წლის ბოლოს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც სრული დატვირთვით ამოქმედდა. 258 საწოლზე გათვლილ დაწესებულებაში ვიზიტის დროს, განთავსებული იყო 231 დაავადებული პატიმარი. ყველა პაციენტი მამაკაცი იყო.

იქ იყო ხუთი განყოფილება: ქირურგიული, ფსიქიატრიული, ინფექციური დაავადებების, შინაგანი მედიცინის და ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის. ასევე, მიმღები განყოფილება, რენტგენის განყოფილება, სტომატოლოგიური კაბინეტი, ლაბორატორია, ოთახები ენდოსკოპიისა და ფიზიოთერაპიისთვის და აფთიაქი.

100. სადიაგნოსტიკო აპარატურა იყო თანამედროვე და ფუნქციური, და დაწესებულება პატიმრებს სთავაზობდა ადეკვატურ სტაციონარულ მომსახურებას. ასევე არსებობდა დაავადებული პატიმრების სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოსტირებისთვის გადაყვანის შესაძლებლობა, როდესაც ასეთ საშუალებას არ იძლეოდა სამედიცინო დაწესებულება (საშუალოდ 5 გადაყვანა კვირაში).

101. კლინიკური პერსონალი საკმარისი იყო (სულ 129 ექიმი და ექთანი) და შესაბამისად მომზადებულები. მეტიც, მიწვეული სამედიცინო კონსულტანტები (ნეიროფსიქიატრი, ნეიროქირურგი და სხვ.) პერიოდულად ატარებდნენ ოპერაციებს.“

 

C. ევროპული ციხის წესები

 

47. ევროპული ციხის წესები მიუთითებს, რომ პატიმრები უნდა გადაიყვანონ სპეციალიზებულ საავადმყოფოებში, როდესაც ციხეში არ არის მკურნალობის შესაძლებლობა (46-ე წესის პირველი პუნქტი, წევრი სახელმწიფოებისადმი მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec. (2006)2). მისი შესაბამისი ნაწილის მიხედვით:

 

ნაწილი III

სამედიცინო მომსახურების ნორმები

46.1 დაავადებული პატიმრები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალისტის მიერ მკურნალობას, უნდა გადაიყვანონ სპეციალიზებულ ინსტიტუციებში ან სამოქალაქო საავადმყოფოებში, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასეთი მკურნალობა შეუძლებელია.

46.2 თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს საკუთარი საავადმყოფო დაწესებულებები, ისინი სათანადო პერსონალით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა შესაბამის პატიმრებს გაუწიოს სათანადო მკურნალობა და მომსახურება.“

 

D. სიმსივნის კონტროლი, მოქმედებაში მოყვანილი ცოდნა – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სახელმძღვანელო ეფექტური პროგრამების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, 2008

 

48. სახელმძღვანელოს შესაბამისი ამონარიდები ამგვარად იკითხება:

მკურნალობის სერვისები

სიმსივნის მკურნალობა მეტად სპეციალიზებულია და საჭიროებს სხვადასხვა დისციპლინის ჩართულობას. ძირითადი მკურნალობის ფორმები, გამოყენებული ცალკე ან კომბინაციაში, არის ქირურგია, რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია. ეს შეიძლება განხორციელდეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია ადეკვატური დიაგნოსტიკა და თერაპიული საშუალებები, მომზადებული სამედიცინო პერსონალის მეშვეობით.

 ...

ქიმიოთერაპია, როგორც წესი, ძალიან ძვირია, შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები და ხშირად საჭიროებს პაციენტების ხანგრძლივ მკურნალობას. ...

ქიმიოთერაპიის განყოფილება საჭიროებს მაღალ დონეზე სპეციალიზებულ პროფესიონალებს და დამხმარე პერსონალს, როგორებიც არიან: სამედიცინო ონკოლოგები, პედიატრიული ონკოლოგები, ჰემატოლოგები, ონკოლოგი ექთნები, ფარმაცევტები და ფსიქოლოგები. ქიმიოთერაპიის ჩატარება ამბულატორიის პირობებშიც შესაძლებელია, ფართოპროფილიანი სტაციონარული დაწესებულებები საჭირო არ არის.“

 

სამართალი

 

I. საჩივრის ფარგლები

49. მოპასუხე მთავრობისთვის საქმეზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მომჩივანმა სასამართლოს აცნობა, რომ მას დამატებით დაესვა პულმონალური ტუბერკულოზის დიაგნოზი. თავის მიმოხილვაში მთავრობამ წარადგინა ხსენებულ დაავადებაზე მომჩივნის მკურნალობის დეტალური ანგარიში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წამოუყენებია რაიმე ახალი საჩივარი, კონვენციის საფუძველზე, უშუალოდ ტუბერკულოზთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის სავარაუდო არარსებობასთან დაკავშირებით, მე-3 მუხლის კონტექსტში შემოიფარგლება მომჩივანისთვის HCV-სა და სიმსივნეზე ჩატარებული მკურნალობის საკითხის შემოწმებით.

 

II. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

50. მომჩივანი მიუთითებდა, რომ მას არ ჩატარებია ადეკვატური მკურნალობა არცერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მათ შორის, არც სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. იგი ასევე ჩიოდა მისი პატიმრობის არასათანადო პირობებზე თბილისის №5 და რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“

 

A. მისაღებობა

 

1. პატიმრობის პირობები თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

51. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2006 წლის 17 ნოემბერს (იხ. 42-ე პარაგრაფი ზემოთ), მაშინ როდესაც მისი საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2007 წლის 1 ივნისს. ამასთან დაკავშირებით, ის იმეორებს თავის შესაბამის პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმად პატიმრობის პირობებს ის არ განიხილავს, როგორც განგრძობად სიტუაციას იმ ვითარებაში, როცა საჩივარი შეეხებოდა პატიმრობის განსაზღვრულ ვადასთან დაკავშირებულ ეპიზოდს, მკურნალობას ან პატიმრობის კონკრეტულ რეჟიმს (იხ. ანანიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Ananyev and Others v. Russia), №42525/07 და №60800/08, §§ 76-78, 10 იანვარი 2012). მოცემულ საქმეში მომჩივანი გადაყვანილ იქნა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. მას არ მიუთითებია, რომ მისი პატიმრობის მატერიალური პირობები სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ან შემდეგში რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი, გადატვირთულობისა და თანმდევ ძილის პრობლემებთან და სანიტარიული პირობების არარსებობასთან დაკავშირებით (იხ. 43-ე პარაგრაფი ზემოთ). ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არასოდეს დაბრუნებულა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლის 17 ნოემბრის შემდეგ (იხ. a contrario, რადუკანუ რუმინეთის წინააღმდეგ (Răducanu v. Romania) № 17187/05, § 73, 12 ივნისი 2012 ), სასამართლო ვერ დაასკვნის, რომ ეს იყო განგრძობადი სიტუაცია. ის შესაბამისად მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივრის ეს ნაწილი კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით წარდგენილი იყო დაგვიანებით და ის უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე §§ 1 და 4 მუხლის თანახმად (იხ., მრავალ სხვას შორის, გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ (Gorguiladzé v. Georgia) , №  4313/04, §§ 23-24, 20 ოქტომბერი 2009, და მაზანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mazanashvili v. Georgia), № 19882/07, § 40, 28 იანვარი 2014).

2. პატიმრობის პირობები რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულება სა და სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულება ში 

52. რაც შეეხება საჩივრებს რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულება სა და სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულება ში პატიმრობის ცუდ პირობებთან დაკავშირებით, მთავრობა მათ არ დაეთანხმა, როგორც დაუსაბუთებელს. მთავრობამ აღიარა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულება ში გარკვეული პრობლემების არსებობა, მაგრამ, სხვებს შორის, CPT-ს ანგარიშზე მითითებით (იხ. 45-ე პარაგრაფი ზემოთ), ამტკიცებდა, რომ ზოგადი ვითარება, თავისთავად, არ უთანაბრდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. მომჩივანს მთავრობის განმარტების თანახმად, არასოდეს მიუმართავს მსგავს საკითხებზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისთვის. მას ასევე არ მოუთხოვია ჰიგიენის საგნები ან დამატებითი საკვები, რაც თავისთავად, მეტყველებდა მისი საჩივრის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებ ის საავადმყოფოს, მათი მტკიცებით, მომჩივნისთვის მიწოდებული საკვები პასუხობდა მის კვებით საჭიროებებს. რომ შევაჯამოთ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის წარდგენით, მომჩივანი შეგნებულად ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. შესაბამისად, მისი საჩივარი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ ორ დაწესებულებასთან, წარმოადგენდა მომჩივნის მიერ საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას, კონვენციის 35-ე მუხლის მე- 3 პუნქტის თანახმად.

53. ამ ნაწილში მომჩივანი მხარს უჭერდა თავის საჩივარს, აღნიშნულის გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე. მან გაიმეორა, რომ ხსენებულ ორ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის განმავლობაში მას ერთხელად არ მისწოდებია ჰიგიენის ძირითადი საგნები. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ მთავრობამ ვერ დაამტკიცა, რომ პირადად მას მიეწოდებოდა სათანადო ხარისხის საკვები.

54. სასამართლო, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავის პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, იმეორებს იმ წესს, რომ როდესაც მომჩივანს სურდა გაესაჩივრებინა პატიმრობის სავარაუდო ცუდი მატერიალური პირობები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუნდაც ასეთი საჩივარი არ მოითხოვდეს კონკრეტულ სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი საშუალებების სრულ და დეტალურ ამოწურვას (შეადარე გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Goginashvili v. Georgia) № 47729/08, §§ 54 და 57, 4 ოქტომბერი 2011, და ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (Aliev v. Georgia), № 522/04, §§ 62 და 63, 13 იანვარი 2009), მაინც მოეთხოვებოდა, რომ, სულ მცირე, ერთი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ყოფილიყო ინფორმირებული მომჩივნის სუბიექტური შეფასების შესახებ, რომ პატიმრობის სადავო პირობები წარმოადგენდა მისი ადამიანური ღირსების არასათანადო პატივისცემას, ან დამცირებას. ეროვნულ დონეზე ასეთი ძირითადი ქმედებების განუხორციელებლობით პირის მიერ, ვისაც სურდა ეჩივლა მისი პატიმრობის პირობებზე, სასამართლოს, უდავოდ, შეექმნება სირთულეები მომჩივნის საჩივარში მითითებული ფაქტის სანდოობის შეფასებისას (იხ. ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Janiashvili v. Georgia), № 35887/05, § 70, 27 ნოემბერი 2012, და რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) (განჩინება), № 1704/06, 26 ივნისი 2007).

55. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არასოდეს უცნობებია ხელისუფლების რომელიმე შესაბამისი ორგანოსთვის მისი უკმაყოფილების შესახებ მისი პატიმრობის მატერიალური პირობების რომელიმე კონკრეტული ასპექტის თაობაზე, მათ შორის, ცუდი კვების ან ჰიგიენური პროდუქტების არასათანადოდ მიწოდების შესახებ, იქნებოდა ეს რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასა თუ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესის განმავლობაში მომჩივანი თავისი არგუმენტების წარდგენისას შემოიფარგლებოდა ზოგადი განცხადებებით, ვერ მოჰყავდა რაიმე მტკიცებულება მათ გასამყარებლად (იხ. მურშიცი ხორვატიის წინააღმდეგ (Muršić v. Croatia) [დიდი პალატა], № 7334/13 , § 127, ECHR 2016, და ზემოთ დასახელებული ანანიევი და სხვები (Ananyev and Others), § 122). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა თავისი საჩივარი სათანადოდ ვერ დაასაბუთა (იხ. ზემოთ დასახლებული ჯანიაშვილი (Janiashvili), §§ 70 და 71; ილდანი საქართველოს წინააღმდეგ (Ildani v. Georgia), № 65391/09, § 27, 23 აპრილი 2013, და ზემოთ დასახელებული მაზანაშვილი (Mazanashvili), § 41). შესაბამისად, მას, როგორც აშკარად დაუსაბუთებელს, უარი უნდა ეთქვას კონვენციის 35-ე §§ 3 და 4 მუხლის საფუძველზე.

 

3. მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებ აში

56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი არც რაიმე სხვა საფუძვლით, შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

 

B. არსებითი მხარე

 

1. მხარეთა არგუმენტები

(a) მომჩივანი

57. მომჩივანი იმეორებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ონკოლოგი ან ღვიძლის სპეციალისტი, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში და იქ მისი განთავსების მთელი დროის მანძილზე მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდებოდა. კონკრეტულად ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებით, იგი მიუთითებდა შემდეგს: პირველ რიგში, მიუხედავად არაერთი სამედიცინო დასკვნისა, რომ მას ესაჭიროებოდა რეგულარული ქიმიოთერაპია, მას მკურნალობდნენ პერიოდულად და არარეგულარულად, კერძოდ, განსაკუთრებით ხანგრძლივი ინტერვალებით 2005 წლის აგვისტოდან 2006 წლის ნოემბრამდე და შემდეგ 2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ივნისამდე. მეორე მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულება არ იყო სათანადოდ აღჭურვილი იმისთვის, რომ ჩაეტარებინა შესატყვისი ქიმიოთერაპია; ამიტომ მან ორჯერ უარი განაცხადა იქ ქიმიოთერაპიის გავლაზე. არარეგულარული და პერიოდული მკურნალობის შედეგად, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რაც ცხადყო 2008 წლის 15 ივლისის ტომოგრაფიის შედეგმა. მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ მისთვის არასოდეს უმკურნალიათ ქრონიკულ HCV-ზე.

 

 (b) მთავრობა

58. მთავრობა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მომჩივანს დაპატიმრებამდე უკვე ჰქონდა სიმსივნე და HCV და, რომ მკურნალობის მიზანი, რომელიც მას გაეწია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იყო მისი ჯანმრთელობის პროგრესული გაუარესების პრევენცია. შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა აღნიშნული წარმატებით განახორციელეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ პატიმრობის პირველივე დღეებიდან მომჩივანი რეგულარულად გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების სისტემის ან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში, ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისა და მკურნალობის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი პატიმრობის პირველ ფაზაში, 2005 წლის 20 აგვისტოდან 2006 წლის 16 დეკემბრამდე, მან მკურნალობის კურსი გაიარა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, რის შემდეგაც იგი მოთავსებულ იქნა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს დაწესებულება აღჭურვილი იყო სათანადო სამედიცინო აპარატურით ცხრა ექიმთან ერთად, მათ შორის იყო: ქირურგი, ზოგადი პროფილის ექიმი, კარდიოლოგი და უროლოგი, ასევე შვიდი ექთანი. მომჩივანი იმყოფებოდა მუდმივი კვალიფიციური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამავე დროს, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, იგი ყოველთვის გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში.

59. კონკრეტულად მომჩივნის სიმსივნესთან დაკავშირებით, მთავრობამ მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფო სათანადოდ იყო აღჭურვილი იმისთვის, რომ გაეწია მისთვის საჭირო მკურნალობა, ქიმიოთერაპიის ჩათვლით. მისი მკურნალობის საწყის ეტაპზე და მისი განმეორებითი მოთხოვნების გათვალისწინებით, მომჩივანი ორჯერ იქნა გადაყვანილი ონც-ში საკუთარი ხარჯით ქიმიოთერაპიის გასავლელად. მთავრობამ გამოხატა თავისი უკმაყოფილება, რომ შემდგომში, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალი საავადმყოფო მზად იყო მის მისაღებად, მომჩივანმა ორჯერ განაცხადა უარი იქ ქიმიოთერაპიის ჩატარებაზე. ამასთან დაკავშირებით მთავრობა დამატებით მიუთითებდა, რომ მიუხედავად ქიმიოთერაპიის რეგულარულად ჩაუტარებლობისა, შედეგად, მომჩივნის მდგომარეობა არ გაუარესებულა. კერძოდ, 2006 წლის 15 აგვისტოსა და 6 დეკემბრის სამედიცინო რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისინი განმარტავდნენ, რომ მომჩივანს არ დაუჩივლია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან არასათანადო მკურნალობის შესახებ. ამასთან, მისი მდგომარეობა იმ დროისათვის სტაბილური იყო. მას რომ მოეთხოვა სპეციფიკური სამედიცინო დახმარება, იგი ამით უზრუნველყოფილი იქნებოდა.

60. მთავრობამ ასევე განმარტა, რომ ყველა ხარჯი მომჩივნის მკურნალობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საავადმყოფოში მის მიერ იქნა ანაზღაურებული, მისივე მოთხოვნის საფუძველზე და მას კომპენსაცია არასოდეს მოუთხოვია. ამის საპირისპიროდ, სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.

61. რაც შეეხება მომჩივნის HCV-ს, მთავრობამ, მედიკოსების მოსაზრებაზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნებოდა ანტივირუსული მკურნალობის დაწყება სიმსივნის მკურნალობის პარალალურად. რაც შეეხება ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდს, აღმოჩნდა, რომ ყველა შესაბამისი სამედიცინო ანალიზის ჩატარების შემდეგ, მომჩივანს არ ესაჭიროებოდა ანტივირუსული მკურნალობა.

62. და ბოლოს, უკანასკნელი ხელმისაწვდომი სამედიცინო მონაცემების გათვალისწინებით, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობა მიუთითებდა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა. მომჩივანი, მთავრობის გადმოცემით, იმყოფებოდა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მოიცავდა ინფექციონისტისა და ონკოლოგის მეთვალყურეობას. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო და შესაბამისად არ არსებობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის მკურნალობის ადეკვატურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რაიმე საფუძველი.

 

2. სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

63. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მკურნალობის ადეკვატურობასთან დაკავშირებით შეჯამებული იყო სასამართლოს მიერ საქმეებში: ბლოხინი რუსეთის წინააღმდეგ (Blokhin v. Russia) [დიდი პალატა], № 47152/06, §§ 135-140, ECHR 2016, იქვე შესაბამისი მითითებებით); გოგინაშვილი (Goginashvili) (დასახელებულია ზემოთ §§ 69-70); ჯელაძე (Jeladze) (დასახელებულია ზემოთ, §§ 41-42); და ირაკლი მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ (Irakli Mindadze v. Georgia) (№ 17012/09, §§ 39-40, 11 დეკემბერი 2012) .

 

(b) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

64. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით, შეფასების მიზნებისათვის, უნდა დაიყოს ორ პერიოდად – სასამართლოს მიერ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის გამოყენებამდე და მას შემდეგ.

 

(i) სამედიცინო მომსახურება 2008 წლის 28 მარტამდე

65. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი პენიტენციურ სისტემაში შევიდა 2005 წლის აგვისტოს მძიმე სამედიცინო მდგომარეობით – მას მცირე დროით ადრე მკურნალობდნენ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე და ჰქონდა ქრონიკული HCV. ამ დაავადებების ხასიათისა და შესაბამისი სამედიცინო დასკვნების გათვალისწინებით, მინიმალური სამედიცინო დახმარება, რაც ესაჭიროებოდა მომჩივანს, მოიცავდა ონკოლოგთან წვდომასა და სპეციფიკურ სამედიცინო შემოწმებებს დროული დიაგნოსტირებისთვის, სიმსივნისა და შესაძლო გართულებების მკურნალობას (ამასთან დაკავშირებით იხილეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO-ს) სახელმძღვანელოს ციტირება 48-ე პარაგრაფში ზემოთ). სასამართლო შეაფასებს, მიეწოდებოდა თუ არა ხსენებული სამედიცინო მომსახურება მომჩივანს.

66. უდავოა, რომ შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა დროულად გაამახვილეს ყურადღება მომჩივნის მდგომარეობაზე. ჯერ კიდევ 2005 წლის 20 აგვისტოს, დაპატიმრებიდან სულ რამდენიმე დღეში, იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2006 წლის 4 თებერვლამდე. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია, უგულებელყოს შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერები, რომელთა მიხედვით, დროის ამ მონაკვეთში მომჩივანს მხოლოდ სიმპტომების მიხედვით, ანუ ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობდნენ (იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ). მხოლოდ 2006 წლის 7 მარტს მიეცა შესაძლებლობა მომჩივანს პირველად შეხვედროდა ონკოლოგს (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ), ანუ თითქმის შვიდი თვის დაგვიანებით. ასეთი უმოქმედობა აშკარად ეწინააღმდეგებოდა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მისი მკურნალი ექიმის მიერ არაერთხელ გაცემულ რეკომენდაციას, რომ მას ესაჭიროებოდა ონკოლოგის სასწრაფო კონსულტაცია და შესაფერისი სამედიცინო გამოკვლევა (იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ).

67. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 2006 წლის 7 მარტს, ონკოლოგის მიერ გამოკვლევის შედეგად, მომჩივანს დაუდგინდა სიმსივნის რეციდივი და HCV-ს გაუარესება (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ). ეს დიაგნოზები დადასტურდა 2006 წლის აგვისტოში მედიკოსთა ჯგუფის მიერ. ისინი რეკომენდაციას იძლეოდნენ, მომჩივანს ამოკვეთოდა დარჩენილი სიმსივნე და ჩატარებოდა ინტენსიური ქიმიოთერაპია სტაბილურ პირობებში (იხ. მე-16 პარაგრაფი ზემოთ). თუმცა ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა. მხოლოდ 2006 წლის 17 ნოემბრის შემდეგ, არაერთგზის მოთხოვნის შედეგად, მომჩივანი გადაყვანილ იქნა ონც-ში ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ დაარწმუნა მთავრობის არგუმენტმა, რომ მომჩივნის მდგომაროება სტაბილური იყო და, რომ არ არსებობდა სასწრაფო სამედიცინო ზომების გამოყენების საჭიროება. მისი მდგომარეობის სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას მკაცრად უნდა დაეცვა ექიმის რეკომენდაციები.

68. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისმა თანამდებობის პირებმა უარი თქვეს, შეესრულებინათ მომჩივნის ექიმის მიერ გაცემული სხვა რეკომენდაცია. ამიტომ, 2006 წლის 5 დეკემბერს მისმა ონკოლოგმა რეკომენდაცია გაუწია, რომ მომჩივანი დაებრუნებინათ ონც-ში შემოწმებისა და ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად სამი კვირის შემდეგ; ასევე, მისი რეკომენდაცია იყო, რომ მომჩივანი უწყვეტი სამედიცინო დაკვირვებისთვის მოეთავსებინათ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ). ამ რეკომენდაციის საპირისპიროდ, მომჩივანი მოთავსებულ იქნა ჩვეულებრივ საკანში და არ ყოფილა გადაყვანილი ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად, გრაფიკის მიხედვით (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ). მას ქიმიოთერაპია აღარ მიწოდებია 2007 წლის ივლისამდე (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ), თითქმის ნახევარი წლის დაგვიანებით. სასამართლო ასკვნის, რომ სავალალოა მომჩივნის მკურნალობის შეჩერება, განსაკუთრებით მისი მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით.

69. მომჩივნის მკურნალობისას წყვეტამ შემდგომ პერიოდშიც იქონია უარყოფითი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა დაასრულა ქიმიოთერაპია 2007 წლის სექტემბერში, მას უნდა ჩატარებოდა ყოველკვარტალური სამედიცინო გამოკვლევა (იხ. 26-ე პარაგრაფი ზემოთ). ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა, რადგან მომჩივანი მოთავსებული იყო რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში. მთავრობას არ წარმოუდგენია დროის ამ მონაკვეთის რაიმე სამედიცინო ჩანაწერი (იხ. 26-ე პარაგრაფი ზემოთ). 2008 წლის 31 იანვარს იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში შემოწმებისთვის. მიუხედავად არაერთი ჩივილისა არასათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით, სხვებს შორის, HCV-ზე, იგი მაინც გაწერეს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან (იხ. 27-ე პარაგრაფი ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ჩატარებულ იქნა ღვიძლის ფუნქციის ანალიზი, რითაც დადგინდა, რომ იგი არ საჭიროებდა ანტივირუსულ მკურნალობას (იხ. 27-ე პარაგრაფი ზემოთ; ამასთან დაკავშირებით იხ. ასევე 74-ე პარაგრაფი ქვემოთ).

იგი დააბრუნეს რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც დატოვეს სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე კიდევ ერთი თვით, სანამ სასამართლომ არ გამოიყენა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი (იხ. 29-ე პარაგრაფი ზემოთ).

70. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2006-2007 წლებში მომჩივანი ორჯერ იქნა გადაყვანილი ონც-ში. აღნიშნული ვიზიტების ხარჯები, ისევე, როგორც ქიმიოთერაპიის ჩატარებისა, მისმა ოჯახმა გაიღო (იხ. 28-ე პარაგრაფი ზემოთ). მთავრობა ამტკიცებდა, რომ უფლებამოსილმა პირებმა შესთავაზეს მკურნალობის დაფინანსება სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში (იხ. 59-ე პარაგრაფი ზემოთ), თუმცა მათ ვერ წარადგინეს რაიმე მტკიცებულება ამ განცხადების დასასაბუთებლად (შეადარეთ 30-31-ე პარაგრაფებს ზემოთ). შესაბამისად, იკვეთება, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, რომ მას ქიმიოთერაპია რეგულარულად უნდა ჩატარებოდა, მომჩივანი დატოვებულ იქნა გადაუდებლად საჭირო ქიმიოთერაპიის გარეშე, მიუხედავად მისი მზადყოფნისა, მკურნალობა ონც-ში საკუთარი ხარჯით ჩაეტარებინა.

71. საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის დასაბუთებული ახსნა იმ არარეგულარული და არათანამიმდევრული სამედიცინო მეთვალყურეობისა და მკურნალობისა, რაც ჩატარდა იმ დროისათვის მომჩივნის სიმსივნესთან დაკავშირებით პროფესიული სამედიცინო რჩევის უგულებელყოფით. მისი მდგომარეობის სიმძიმის, კერძოდ, სიმსივნის რეციდივის დიაგნოზის დასმა დაპატიმრებიდან რვა თვის შემდეგ და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და უარყოფითი განცდების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანმა შესაბამის პერიოდში ვერ მიიღო ადეკვატური სამედიცინო დახმარება. (იხ. კონოვალჩუკი უკრაინის წინააღმდეგ (Konovalchuk v. Ukraine), № 31928/15, §§ 56-62 13 ოქტომბერი 2016; იხ., ასევე, იარმოლენკო უკრაინის წაინააღმდეგ (Yermolenko v. Ukraine), № 49218/10, § 57, 15 ნოემბერი 2012; კლიმოვი რუსეთის წაინააღმდეგ (Klimov v. Russia), № 54436/14, § 64, 4 ოქტომბერი 2016; და პისკუნოვი რუსეთის წინააღმდეგ (Piskunov v. Russia), № 3933/12, § 50, 4 ოქტომბერი 2016) .

72. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ 2005 წლის 9 აგვისტოდან 2008 წლის 28 მარტამდე დროის მონაკვეთთან დაკავშირებით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი პატიმრობაში ყოფნისას მომჩივნის სიმსივნის ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის არარსებობის გამო.

 

 (ii) სამედიცინო დახმარება 2008 წლის 28 მარტის შემდეგ

73. 2008 წლის 28 მარტს, სასამართლომ 39-ე წესის თანახმად, მთავრობას მიუთითა, რომ მომჩივანი მოეთავსებინა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი უზრუნველყოფილი იქნებოდა სიმსივნისა და ქრონიკული HCV-ის ადეკვატური მკურნალობით. მთავრობამ შესაბამისად იმოქმედა, მეორე დღესვე გადაიყვანა მომჩივანი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში და უზრუნველყო ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებით. 2008 წლის აპრილის შუა რიცხვებში მას პირველად შესთავაზეს ქიმიოთერაპიის ჩატარება სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. თუმცა მომჩივანმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, აღნიშნა, რომ ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს არ ჰყავდა ონკოლოგი, იგი არ იყო სათანადოდ აღჭურვილი იმისთვის, რომ მას ჩატარებოდა ეს მკურნალობა (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ). ამას მოჰყვა მომდევნო შეთავაზება 2008 წლის მაისში, რაც მომჩივანმა ისევ უარყო (იხ. 31-ე პარაგრაფი ზემოთ).

74. თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, ყველა მედიკოსმა, მათ შორის, ღვიძლის სპეციალისტმა, დაასკვნა, რომ ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება უნდა გადადებულიყო (იხ. 30-31-ე პარაგრაფები ზემოთ). მოგვიანებით, 2008 წლის ოქტომბერსა და 2009 წლის იანვარში, სამედიცინო გამოკვლევებით დადგინდა, რომ HCV-ს რეპლიკაცია არ მომხდარა (იხ. 37-ე პარაგრაფი ზემოთ). 2009 წლის აპრილში ღვიძლის პათოლოგია არ გამოვლინდა (იხ. 38-ე პარაგრაფი ზემოთ). სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მომჩივანს არ ესაჭიროებოდა ანტივირუსული მკურნალობა.

75. რაც შეეხება სიმსივნეს, მთავრობამ შეასრულა სასამართლოს მიერ 39-ე წესის საფუძველზე დაკისრებული ორივე მითითება. მომჩივანი გადაყვანილ იქნა ჯერ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ კი – ონც-ში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა უარი განაცხადა ქიმიოთერაპიის მიღებაზე სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კომპლექსური მკურნალობა ხშირად საჭიროებს სპეციალისტების მუდმივ მეთვალყურეობას და ასეთი მეთვალყურეობის გარეშე ქიმიოთერაპიის ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი. თუმცა, შეუძლებელია იმ ფაქტისთვის გვერდის ავლა, რომ 2008 წელს გაიხსნა სასჯელაღსრულების სისტემის ახალი სამკურნალო დაწესებულება, რომელიც CPT-ის აღწერით უკეთ იყო აღჭურვილი იმისთვის, რომ მძიმედ დაავადებული პატიმრებისთვის ჩაეტარებინა მკურნალობა (იხ. 46-ე პარაგრაფი ზემოთ; სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში ხელმისაწვდომ მკურნალობის სტანდარტებზე, იხ. ასევე ზემოთ დასახელებული გოგინაშვილი (Goginashvili), § 75). უფრო მეტიც საქმის მასალები მოწმობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისას მომჩივანი იმყოფებოდა ონკოლოგისა და ქიმიოთერაპევტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. 30-32-ე პარაგრაფები ზემოთ; შეადარეთ ასევე ალექსანიანი რუსეთის წინააღმდეგ (Aleksanyan v. Russia), № 46468/06, § 151, 22 დეკემბერი 2008). უფლებამოსილმა პირებმა აშკარად გამოხატეს შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ქიმიოთერაპიის ჩატარების ნება (იხ. 33-ე პარაგრაფი ზემოთ). ზემოაღნიშნული ყველა გარემოების გათვალისწინებით, არ შეიძლება მთავრობას დაეკისროს პასუხისმგებლობა მომჩივნის ქიმიოთერაპიის სამთვენახევრიანი წყვეტისთვის, რაც დაკავშირებული იყო მის ორ უართან, მიეღო ასეთი მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს ძალზე სპეციფიკური ზომები მომჩივნისთვის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის გასაგებია, რატომ შეიკავა თავი მომჩივანმა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ მიიჩნევს, რომ მთავრობამ გამოიჩინა გულგრილობა მომჩივანთან ან მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომაროებასთან მიმართებით, მკურნალობის იმ კონკრეტულ ეტაპზე.

76. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას 2008 წლის 28 მარტის შემდეგ მომჩივნის მიმართ გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.

 

III. კონვენციის სხვა მუხლების სავარაუდო დარღვევა

77. მომჩივანი კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ჩიოდა, რომ მას არ შეატყობინეს დაკავების საფუძვლები და, რომ მისი წინასწარი დაკავების კანონიერად ცნობის 2005 წლის 11 და 22 აგვისტოს დადგენილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

78. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მომჩივანი ამტკიცებდა მის უდანაშაულობას, ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, მოწმის ჩვენებების, შეფასების ეჭვქვეშ დაყენებით. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (d) ქვეპუნქტების საფუძველზე, ასევე ჩიოდა, რომ მისთვის დაუყოვნებლივ არ უცნობებიათ ბრალდების შინაარსი და საფუძველი და, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს მის სასარგებლოდ რამდენიმე მოწმის დაკითხვაზე.

79. რაც შეეხება კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დაკავებულ იქნა 2005 წლის 9 აგვისტოს და მისი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა 2006 წლის 18 ოქტომბერს მისი ბრალეულად ცნობით პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ (იხ. ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Assanidze v. Georgia) [დიდი პალატა], № 71503/01, § 190, ECHR 2004‑II). ამიტომ, 2007 წლის 1 ივნისის საჩივრის ფორმით კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე წარმოდგენილ საჩივრებს უარი უნდა ეთქვას, რადგან დარღვეულია კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ექვსთვიანი ვადა (იხ. ღვალაძე საქართველოს წინააღმდეგ (Ghvaladze v. Georgia) (განჩინება), № 42047/06, 11 სექტემბერი, 2007 წ.).

80. რაც შეეხება კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (a) და (d) ქვეპუნქტების საფუძველზე წარმოდგენილ საჩივარს, მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ არ შეიძლება წამოიჭრას რაიმე საკითხი რომელიმე მითითებული ნორმის საფუძველზე. ეს მიუთითებს, რომ ამ ნაწილში საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

 

IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

 

81. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

 

A. ზიანი

82. მომჩივანი ითხოვდა 3 000 000 ევროს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებისა და კვების ხარჯებისთვის, რაც მისმა ოჯახმა სავარაუდოდ გასწია იმ დროისათვის.

83. მთავრობა განმარტავდა, რომ არ არსებობდა დარღვევა, რაც შეიძლებოდა ანაზღაურების საფუძველი გამხდარიყო. ალტერნატიულად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული. სამედიცინო მომსახურებისა და კვების სავარაუდო ხარჯებთან დაკავშირებით, მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და არ იყო გამყარებული რაიმე დოკუმენტით, გარდა ონც-ში გაღებული ხარჯებისა.

84. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მის მიერ დადგენილ იქნა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, სასჯელაღსრულების დაწესებულების უფლებამოსილი პირების მიერ 2008 წლის 28 მარტამდე მომჩივნის სიმსივნესთან დაკავშირებით ადეკვატური და რეგულარული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო. სასამართლო იზიარებს, რომ მომჩივანს უნდა განეცადა მწუხარება და ტანჯვა მკურნალობის დროს არსებული ხარვეზების გამო. სასამართლო, სამართლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობითა და საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, მომჩივანს მიაკუთვნებს 4 500 ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლო ასევე ადგენს, რომ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის მიერ გაღებულ სამედიცინო ხარჯებსა და კონვენციის მე-3 მუხლის ზემოთ დადგენილ დარღვევას შორის. შესაბამისად, რელევანტური ფინანსური დოკუმენტების მხედველობაში მიღებით, ის მომჩივანს მიაკუთვნებს 333 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.

 

B. ხარჯები და დანახარჯები

85. მომჩივანი განმარტავდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი 3 000 000 ევრო მატერიალური და მორალური ზიანის სანაცვლოდ, ასევე მოიცავდა მის მიერ გაწეულ სამართლებრივ ხარჯებსა და დანახარჯებს, ისევე როგორც ფოსტისა და თარგმანის ხარჯებს.

86. მთავრობამ მიუთითა, რომ ხარჯების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

87. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებაზე იმდენად, რამდენადაც ნაჩვენები იქნება, რომ ეს ხარჯები და დანახარჯები ფაქტობრივად და აუცილებლობიდან გამომდინარე იქნა გაწეული და გონივრული კომპენსაციის ფარგლებშია. მოცემულ საქმეში, აღნიშნული კრიტერიუმებისა და შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურება არ უნდა იქნეს მიკუთვნებული.

 

C. საურავი

88. მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად

1. აცხადებს მისაღებად საჩივარს, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილებს – მიუღებლად;

2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი პატიმრობაში ყოფნისას მომჩივნის სიმსივნის არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობის გამო 2008 წლის 28 მარტამდე;

3. ადგენს, არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი პატიმრობაში ყოფნისას მომჩივნის სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით 2008 წლის 28 მარტის შემდეგ;

4. ადგენს,

(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში, გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი თანხები, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის შესაბამისად:

(i) 333 (სამას ოცდაცამეტი) ევრო მატერიალური ზიანისთვის. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს;

(ii) 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ევრო მორალური ზიანისთვის. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს;

(b) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

5. უარყოფს მომჩივნის პრეტენზიებს სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულა ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ მხარეებს 2017 წლის 7 სექტემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

                   მილან ბლაშკო                                                          ანგელიკა ნუსბერგერი

სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                                თავმჯდომარე