შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3718-18
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2018 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,ანჩოვი ექსპორტი’’ (ს/კ 404400028)
დირექტორი: მალხაზ ალბორაშვილი.
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 7 თებერვალს შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და აღნიშნა, რომ შპს ,,ანჩოვი ექსპორტი’’ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. კომპანიის დავალიანება კრედიტორ რომან ფიფიას მიმართ შეადგენს 2 472 063,87 აშშ დოლარს, რაც 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არის 6 075 838,58 ლარი. შპს ,,ანჩოვი ექსპორტს’’ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და არც მისი აღდგენის პერსპექტივა გააჩნია. საზოგადოებას, ისევე როგორც მასთან შერწყმულ კომპანიებს აქტივები არ აქვს (არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, მოთხოვნა და ა. შ.) და შესაბამისად არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ ქონებას შეადგენს საგადასახადო ზედმეტობა 134,55 ლარი და სს ,,საქართველოს ბანკში’’ ანგარიშზე არსებული 19,96 ლარი და 13,32 აშშ დოლარი. კომპანიას არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი და არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.
შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ დირექტორის განმარტებით საზოგადოებაში ადგილი აქვს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობას, ვინაიდან განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალის ქონება ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ დირექტორი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ მიმართ.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს ,,ანჩოვი ექსპორტთან’’ 2018 წლის 23 იანვარს შერწყმულია ორი კომპანია - შპს ,,ბიო აქტივი’’ (ს/კ 401968144) და შპს ,,ბიგ ბეგი’’ (ს/კ 406136578).
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის ცნობით და სს ,,საქართველოს ბანკი’’-ს 2018 წლის 7 თებერვლის ცნობით დადგენილია, რომ შპს ,,ანჩოვი ექსპორტს’’ უფიქსირდება დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს ,,თიბისი ბანკში’’, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკში’’ არსებულ მოქმედ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე აქვს 1,04 ლარი.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,ბიო აქტივს’’ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’.
სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ 2018 წლის 26 იანვარს გაცემული ცნობის შესაბამისად შპს ,,ბიო აქტივს’’ ბანკში აღარ აქვს გახსნილი ანგარიში, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკის’’ მიერ 2018 წლის 7 თებერვალს გაცემული ცნობის შესაბამისად, კომპანიის ანგარიშზე არის 2,17 ლარი, 13,32 აშშ დოლარი და 0,47 ევრო.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 იანვრის ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,ბიგ ბეგის’’ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში’’, სს ,,პროკრედიტ ბანკში’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’, ხოლო სს ვითიბი ბანკ ჯორჯიაში’’ ანგარიში დახურული აქვს.
სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ 2018 წლის 26 იანვარს გაცემული ცნობის შესაბამისად, შპს ,,ბიგ ბეგის’’ ბანკში ანგარიშზე თანხები არ ერიცხება, ხოლო სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ მიერ 2018 წლის 23 იანვარს გაცემული ცნობის შესაბამისად კომპანიას არ აქვს ბანკში ანგარიში გახსნილი. სს ,,საქართველოს ბანკის’’ მიერ 2018 წლის 7 თებერვალს გაცემული ცნობის შესაბამისად კომპანიის ანგარიშზე არის 16,75 ლარი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 იანვრის №37295 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 23 იანვრის №36920 ცნობის თანახმად შპს ,,ანჩოვი ექსპორტი’’ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 იანვრის №34969 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,ბიგ ბეგის’’ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 22 იანვრის №34769 ცნობის თანახმად შპს ,,ბიგ ბეგი’’ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 იანვრის №37099 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,ბიო აქტივის’’ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №31256 ცნობის თანახმად შპს ,,ბიო აქტივი’’ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №49/6/1/1/2-01507391, №49/6/1/1/2-01507400 და №49/6/1/1/2-01507404 ცნობებით ირკვევა, რომ შპს ,,ბიო აქტივის’’, შპს ,,ბიგ ბეგის’’ და შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის შესაბამისად, 2018 წლის 27 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ანჩოვი ექსპორტს’’ საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია და აქვს ზედმეტობა 70,65 ლარის ოდენობით. ასევე არ აქვთ საგადასახადო ვალდებულება შპს ,,ბიო აქტივს’’ და შპს ,,ბიგ ბეგის’’, ხოლო ზედმეტობა შეადგენს 5,9 ლარს (შპს ,,ბიო აქტივი’’) და 58 ლარს (შპს ,,ბიგ ბეგი’’).
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული შედარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,ანჩოვი ექსპორტის’’ დავალიანება ფიზიკური პირის – რომან ფიფიას მიმართ არის 2472063,87 აშშ დოლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ანჩოვი ექსპორტს’’ (ს/კ 404400028) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე