1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება მუდმივმოქმედი კომისიები, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.  კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

5. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებელია  აყვანილი იქნას ექსპერტ- კონსულტანტები.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

7. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს აპარატს, კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების აპარატში რეგისტრაციისთანავე.

8. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის თაობაზე და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

9.  ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულოს არაუმეტეს სამი თვის ვადით შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან, რის შესახებაც კომისიის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.

10. საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს საკრებულოს ბიურო