შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებელის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3895-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330216818002296731

№2/3895-18

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

  განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2018 წლის 19 თებერვალი 

ქ. თბილისი

 

  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე − ლევან მიქაბერიძე

 

განმცხადებელი − სს „საქართველოს ბანკი“

მოვალე − შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებელი“

მოთხოვნა − გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და,

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება. სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელს’’ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2018 წლის 11 იანვარის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 15 იანვარს.

2018 წლის 8 თებერვალს სს „საქართველოს ბანკის’’ წარმომადგენელმა გიორგი მაღალაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით განცხადებაზე დადგენილია ხარვეზი, რაც განმცხადებლის მიერ შევსებულია 14 თებერვალს.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13-ე, მე-14, მე-18, მე-19, 20-ე, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

1. სს „საქართველოს ბანკის’’ განცხადება შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ (ს/კ 404397265) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მ ეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში − სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

6. შეჩერდეს შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ იძულებითი აღსრულება (არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება).

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 2 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გადაცემიდან (გამოქვეყნებიდან) 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                             ლევან მიქაბერიძე