2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.020422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2018
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.03.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2022 – 2025 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2026 – 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №107
2018 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:
მუხლი 1🔗
1. 2018 წლის 12 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/ წარმომადგენლები.
4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.
5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს.
მუხლი 2🔗
1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა 2018 წლის 23 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2016-2017 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს სამინისტროებმა 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის შესაბამისად;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2ა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა 2018 წლის 16 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის შესაბამისად, 2018-2021 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით საქართველოს სამინისტროებისთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად;
გ) 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2018 წლის 16 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 დანართის შესაბამისად, 2018-2021 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5ა დანართის შესაბამისად;
გ) 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისისა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდებას 2019-2022 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 30 ივნისამდე დამტკიცება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №3 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2018 წლის 5 ივლისამდე.
მუხლი 5🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადაამუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისთვის ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებს და, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, არაუგვიანეს 10 ივლისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვარიანტს.
მუხლი 6🔗
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2018 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
მუხლი 7🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან-გუბერნატორებთან შეთანხმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 15 ნოემბრისა წარუდგინონ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.
მუხლი 8🔗
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 9🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №107 დადგენილება.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი