შპს ,,უნიმშენის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 737 -1 8
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გ ადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2018 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი – ანდრო მაღრაძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „უნიმშენი“
წარმომადგენელი – ნანა ამისულაშვილი
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ გამოარკვია:
2018 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „უნიმშენის“ წარმომადგენელმა გიორგი ოდიშვილმა და მოითხოვა შპს „უნიმშენის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. შპს „უნიმშენის“ განცხადების თანახმად, შპს ,,უნიმშენს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ გააჩნია დავალიანება 2 034 920,55 ლარის ოდენობით. შპს „უნიმშენის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება და ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე. კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა ავტომობილი „დოჯი“ სახელმწიფო ნომრით UNI – 800, რომელზედაც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა. ასევე 2012 წლიდან ავტომობილზე დაწყებულია რამდენიმე სააღსრულებო წარმოება, თუმცა წარუმატებლად, რადგან ავტომობილის ადგილმდებარეობა უცნობია შპს „უნიმშენისათვისაც“ და დირექტორის ვარაუდით განადგურებულია სიძველისგან. კომპანიის არებული ბალანსის მიხედვით, ავტომობილის ნარჩენი ღირებულება მისი არსებობის შემთხვევაში იქნებოდა 2 147,48 ლარი. განცხადების თანახმად, კომპანია წილებს ფლობს სამ კომპანიაში, კერძოდ, შპს „უნისეკურიტში“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204551207) – 50%-ს, რომელიც შეფასებულია 100 ლარად, შპს „უნიმშენ-ბათუმში“ (საიდენტიფიკაციო კოდი №245565552) - 80%-ს, რომელიც შეფასებულია 160 ლარად და შპს „უნივერსალურ დეველოპერულ კომპანია – UDC “-ში (საიდენტიფიკაციო კოდი №205242548) – 60%-ს, რომელიც შეფასებულია 120 ლარად.
შპს „უნიმშენის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კომპანია არის გადახდისუუნარო, იგი ვერ ასრულებს ვადამოსულ ვალდებულებებს, რომელიც შეადგენს 2 034 920,55 ლარს, ხოლო მისი რეალური ქონება შეფასებულია 380 ლარად. შპს „უნიმშენის“ წარმომადგენლის განცხადებით შპს „უნიმშენი“ თავისი ქონების ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „უნიმშენის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2018 წლის 20 თებერვალს 12:00 საათზე.
2018 წლის 13 თებერვალს, სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა. განცხადების მიხედვით, შპს „უნიმშენის“ დავალიანება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ შეადგენს 1 915 873,72 ლარს.
სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მეურვე. მეურვის მოხსენების მიხედვით, შპს „უნიმშენს“ ყავს ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური. მოვალის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოს დებიტორული მოთხოვნები არ გააჩნია. მოვალის სახელზე რიცხული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სსიპ მომსახურების სააგენტოდან და საბანკო დაწესებულებებიდან. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შპს „უნიმშენის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოვალე კომპანია წილებს ფლობს სამ კომპანიაში, კერძოდ, შპს „უნისეკურიტში“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204551207) – 50%, საბაზრო ღირებულება - 100 ლარი, შპს „უნიმშენ-ბათუმში“ (საიდენტიფიკაციო კოდი №245565552) – 80%, საბაზრო ღირებულება – 160 ლარი, შპს „უნივერსალურ დეველოპერულ კომპანია – UDC “-ში (საიდენტიფიკაციო კოდი №205242548) – 60%, საბაზრო ღირებულება – 120 ლარი. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შპს ,,უნიმშენის" საკუთრებაში ირიცხება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება – დოჯ ინტერნაციონალი (სახელმწიფო ნომერი № UNI-800). ამასთან, მოვალე კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა გადაცემულია ძებნაზე, თუმცა მისი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. საბანკო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაციის ანგარიშზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება. გარდა ამისა, შპს „უნიმშენის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „უნიმშენის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში საწარმოს მხრიდან ქონების გასხვისებას ადგილი არ ქონია და ასევე ამ პერიოდში არ მომხდარა კრედიტორების დაკმაყოფილება.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და მოვალის წარმომადგენლის განმარტებები და მიაჩნია, რომ შპს „უნიმშენის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-თ, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი ქონება ან დებიტორული მოთხოვნა, ასევე მის საბანკო ანგარიშებზე არ არის განთავსებული ფულადი სახსრები. შპს ,,უნიმშენის" საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ წილი სამ საწარმოში, რომელთა საბაზრო ღირებულება სულ შეადგენს 380 ლარს, ხოლო ავტომანქანის მოძიება ვერ ხერხდება.
ამდენად, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, მეურვის მოხსენებით დადგენილია, რომ მოვალეს გააჩნია მხოლოდ 380 ლარის ღირებულების ქონება. შესაბამისად, მოვალე კომპანია ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. აღნიშნული გარემოება დადასტურდა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ. ამასთან, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „უნიმშენი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „უნიმშენის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უნიმშენის“(საიდენტიფიკაციო კოდი №205035932) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს ,,უნიმშენი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „უნიმშენის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე სოსო ღურწკაია