შპს ,,ფრენდსისა’’ და შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7091-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N 2/7091-18

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2018 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

კრედიტორები: შპს ,,ფრენდს’’, ს/კ 400217779, შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯია“, ს/კ 406107261

წარმომადგენელი: ვახტანგ კაპანაძე

მოვალე: შპს ,,ჯორჯიან მილკ“, ს/კ 206196267

მოთხოვნა: შპს ,,ჯორჯიან მილკის“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება                                                                                              

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2018 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ფრენდს’’-ისა და შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ვახტანგ კაპანაძემ და მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკის“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.                                                                                          

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ორივე განმცხადებლის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი წერილებით, სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით (ს.ფ. 27-275, 278-281). ამასთან, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი ფინანსურ ვალდებულებათა ურთიერთშედარების შესახებ აქტებით დგინდება, რომ მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკმა“ წერილობით აღიარა და დაადასტურა შპს ფრენდსის“მიმართ 391179 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ მიმართ 93767,9 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტები (ს.ფ. 276-277). შესაბამისად, ორი კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა მოვალის მიმართ ჯამში შეადგენს 484 946.9 ლარს.

საქმეში წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ ვალის წარმოშობის საფუძველია საქონლის მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, მოვალე გადახდისუუნაროა და განმცხადებელი კრედიტორების მოთხოვნა უზრუნველყოფილი არ არის (ტომი I, ს.ფ. 27-275, 279, 281, ტომი I, ს.ფ 4, 13). წარმოდგენილი კორესპონდენციის ასლებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ შპს ჯორჯიან მილკი“ 30 დღით ადრე იყო ინფორმირებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 278, 280).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. განსახილველ შეთხვევაში, კრედიტორების მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილია როგორც 5000 ლარი საპროცესო ხარჯების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით (ტომი II, ს.ფ. 100, 101).

”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ფრენდს’’-ისა და შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯია“-ს განცხადება მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკ“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და განცხადება მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ფრენდს’’-ისა და შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“განცხადება მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს წარმოებაში.

2. მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკის“მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკს“ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკის“მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკ“-ს, რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან, განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში, წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკ“-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნას 2018 წლის 20 აპრილს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6, დარბაზში N9.

კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს  დაფაზე და ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

   მოსამართლე                                ვერა დობორჯგინიძე