საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№69-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ს „აჭარი ს ავტონომიურ ი რესპუბლიკი ს კონსტიტუციაშ ი ცვლილები ს შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

 

 

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                                                დავით გაბაიძე

 

 

ჩაქვი,

2018 წლის 21 მარტი

№69-უ.ს.რ.ს.


პროექტი

 

 

საქართველოს ორგანული კანონი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე

 

მუხლი 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                                                    გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

2018 წლის


 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. აღნიშნული კონსტიტუციური კანონის მიღების მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2004 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. კონსტიტუციური კანონი ვერ უზრუნველყოფდა უფლებამოსილებების მკაფიო და ჯეროვან გამიჯვნას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის, მნიშვნელოვანი ხარვეზებით იყო დარეგულირებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან (19.10.2017-დან) არაუგვიანეს 6 თვისა (19.04.2018-მდე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 8 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის, კერძოდ უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიციირებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ინიცირებული კონსტიტუციური კანონის საჯარო განხილვის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 15 იანვრის №65 დადგენილებით შეიქმნა საორგანიზაციო კომისია, ხოლო კონსტიტუციური კანონის პროექტი გამოქვეყნდა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, (გამოქვეყნების თარიღი 17.01.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010010010.31.056.016057), ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.sca.ge და გაზეთ „აჭარის“ 2018 წლის 18-22 იანვრის №7 გამოცემაში .

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის ფორმატით გაიმართა 10 შეხვედრა:

1. ხულოს მუნიციპალიტეტში – 2018 წლის 22 იანვარს;

2. შუახევის მუნიციპალიტეტში – 2018 წლის 23 იანვარს;

3. ქედის მუნიციპალიტეტში – 2018 წლის 24 იანვარს;

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2018 წლის 25 იანვარს;

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 2018 წლის 26 იანვარს;

6. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან –

„ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, 2018 წლის 27 იანვარს;

7. შეხვედრა ,,პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციასთან“ – 2018 წლის 27 იანვარს;

8. შეხვედრა სამართლის სფეროს წარმომადგენლებთან – „ადვოკატთა ასოციაციის“ ბათუმის ფილიალში – 2018 წლის 28 იანვარს;

9. შეხვედრა აკადემიურ წრეებთან, უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრებთან და სტუდენტებთან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 2018 წლის 29 იანვარს;

10. შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან – 2018 წლის 30 იანვარს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი საჯარო განხილვების შემდეგ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სამი მოსმენით.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის პირველი მუხლის შესაბამისად, მტკიცდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ორგანული კანონის პროექტით დასამტკიცებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი სრულად ანაცვლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციას. ამასთანავე ხდება კონსტიტუციის მუხლების დასათაურება.

კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება პრეამბულის, 5 თავისა და 28 მუხლისაგან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პრეამბულა ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით.

პირველი თავი – ზოგადი დებულებები

● დათმობილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგად სტატუსს, ტერიტორიულ იურისდიქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ჩამონათვალს, სიმბოლიკას და ადმინისტრაციულ ცენტრს.

მეორე თავი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე სიახლეებს შეიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების ჩამონათვალი, როგორიცაა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება; ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება;

● ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე ადგენს უფლებამოსილებათა უნივერსალობის პრინციპს, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გარდა განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებისა ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან;

● ადგენს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ახორციელებს სახელმწიფოს მიერ კანონით დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

● განსაზღვრავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონი, ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმისა, მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მესამე თავი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებათა ახლებური რეგლამენტაცია;

● უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიების კომიტეტებით ჩანაცვლება;

● უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისიის შექმნის კონსტიტუციური რეგულირება და დროებითი კომისიის მუშაობაში ოპოზიციური ფრაქციების მონაწილეობის გარანტიები. ამასთანავე დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება და საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება;

● უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვისა და ინტერპელაციის კონსტიტუციური რეგლამენტაცია;

● უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ურთიერთობის კონსტიტუციური სისტემის კაბინეტური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნება;

● მთავრობის თავმჯდომარის ვეტოს დაძლევის კვორუმის, ნაცვლად უმაღლესი საბჭოს წევრთა სამი მეხუთედისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით განსაზღვრა, კანონის ხელმოწერასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ამ პროცედურების ვადების დაზუსტება;

●უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად დარეგულირება.

მეოთხე თავი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს სტატუსის განსაზღვრა;

● მთავრობის, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა, საქართველოს მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულებაც;

● მთავრობის დამტკიცების წესის ფუნდამენტური ცვლილება, რომლის შესაბამისად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

● მთავრობის უნდობლობის საკითხის სრულიად ახალი რედაქციით წარმოდგენა. კერძოდ, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი ორი მესამედის კვორუმის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე დაყვანა. უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ მთავრობისათვის უნდობლობის არგამოცხადებისას, უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრის დაუშვებლობა.

● მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევა;

● მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლების კონსტიტუციური რეგლამენტაცია;

● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების კანდიდატების საქართველოს შესაბამისი სამინისტროს მინისტრთან შეთანხმების პროცედურის გაუქმება;

● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების სფეროების განსაზღვრა.

მეხუთე თავი

● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების, ასევე მისი გადასინჯვის კონკრეტული პროცედურების განსაზღვრა.

კონსტიტუციური კანონის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულია გარდამავალი დებულებები და კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებამოსილების დელეგირება დასაშვებია კანონით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით და აღნიშნული შინაარსის ნორმა დევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც, იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მიერ მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ისეთი უფლებამოსილების დელეგირება, რაც დაკავშირებული იქნება მატერიალური და ფინანსური რესურსების გადმოცემასთან, მისი დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მიერ მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის მატერიალურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება, აღნიშნული გავლენას მოახდენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ახალი უფლებამოსილებებიდან, ასევე უნივერსალური უფლებამოსილებებიდან გამომდინარე შესაძლოა გავლენა მოახდინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა ამ მომენტისათვის კონკრეტული ფინანსური გათვლების გაკეთება შეუძლებელია.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილებების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების ჩამონათვალის ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა დადგეს ფინანსური შედეგები იმ პირების მიმართ, ვინც ისარგებლებს შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამებიდან ან/და პროექტებიდან.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:

აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.