სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  № 1-1/136

 

2018 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2017 წლის 12 დეკემბრის №7309 და 2018 წლის 05 იანვრის №21 განცხადებები, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში –სამინისტრო) განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ და მოითხოვა ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ზესტაფონი-ხარაგაულის სარკინიგზო ხაზის, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მიზნით.

 

პროექტის მოკლე აღწერა:

სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს. პროექტის ძირითადი მიზანია: უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა, მგზავრობის დროის შემცირება, მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც უკვე დასრულებულია 5 გვირაბი. პარალელურად მიმდინარეობს ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბსა და სოფელ ანეულას მიმდებარედ არსებულ გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. პროექტის თანახმად, საუღელტეხილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე. სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში , სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ შპს ,,ეკო-სპექტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, პროექტის ბუფერულ ზონაში მოყოლილი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით. 

პროექტის განსახორციელებად აუცილებელია შპს ,,ხიდმშენი №2“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. კერძოდ, სოფ. ძირულაში მე-10 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მდებარე შპს ,,ხიდმშენი№2“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილობრივ შესყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრესთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შუამდგომლობა და მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: 

დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ხორციელდება თბილისი- მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა შპს ,,ხიდმშენი 2“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების (ს/კ 32.16.38.007, მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ძირულა, არასასოფლო-სამეურნეო კატეგორია, საერთო ფართი 9900 კვ.მ ) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ხიდმშენი №2“. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა დასახელებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული 711 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისებისა და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის.

ვინაიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით".

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 02 მარტის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, 

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება - ს/კ 32.16.38.007 (მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ძირულა), მესაკუთრე: შპს ,,ხიდმშენი №2“, საექსპროპრიაციო ფართი: 711 კვ.მ მიწის ნაკვეთი .

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის .: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრი    დიმიტრი ქუმსიშვილი