1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით, საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არაუმეტეს ხუთ კომისიას.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომისიების პერსონალურ შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციების წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ღია კენჭისყრით.
5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ ერთი კომისიის შემადგენლობაში. საკრებულოს წევრის მეორე კომისიაში გაწევრიანების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
6. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომისიებში ფრაქციებში პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია ერთი კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
7. საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს რომელიმე კომისიის შემადგენლობაში.
8. საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს საკრებულოს ბიურო.
9. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია;
დ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია;
ე) სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია.
10. საკრებულოს კომისიის საქმიანობის სფერო, უფლებამოსილება და მუშაობის წესი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად კონკრეტულად განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო