📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.04.2018
ძალის დაკარგვა 22.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 010320020.10.003.020481
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,059 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2018 მიღება
22.12.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №172 2018 წლის 10 აპრილი    ქ. თბილისი სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდეს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის დებულება მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა (შემდგომში – კომისია) და სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. კომისია და სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი  2🔗 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი – კომისიის წევრი; ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი – კომისიის წევრი; კ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი – კომისიის წევრი; ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი – კომისიის წევრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიაში უწყებას წარმოადგენს ამ უწყების ხელმძღვანელი, ხოლო მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან/და ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის კომისიაში შემავალი ყველა სახელმწიფო უწყების პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების უფლებამოსილების მქონე  სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.     4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ამ ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან/და ამ ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე. 5. კომისიისა და სამუშაო ჯგუფის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი.  მუხლი 3🔗 1. კომისიის ამოცანაა: ა) სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების  კოორდინაციის უზრუნველყოფა. 2. კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიწვიოს ექსპერტები, ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს კომისიის მოთხოვნა. 4. კომისია ვალდებულია, შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2-ჯერ, ყოველი წლის თებერვლისა და ოქტომბრის პირველ სამშაბათს. მუხლი 4🔗 1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს. 3. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს და ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს, მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. 4. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 5. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 6. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 7. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 8. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა წევრი და სამდივნოს წარმომადგენელი. მუხლი 5🔗 1. სამუშაო ჯგუფის ამოცანაა: ა) სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა; ბ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის პროექტის შემუშავება და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა; გ) სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების აღსრულების მონიტორინგი. 2. სამუშაო ჯგუფი ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის პროექტს შეიმუშავებს სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებისა და მის საფუძველზე შემუშავებული უწყებრივი სამოქმედო გეგმების  საფუძველზე. 3. სამუშაო ჯგუფი  უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიწვიოს ექსპერტები, ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით. 4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს სამუშაო ჯგუფის მოთხოვნა. 5. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია: ა) შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 თვეში ერთხელ; ბ) 6 თვეში ერთხელ კომისიას წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 6🔗 1. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის სამდივნო უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, ამზადებს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმებს, უგზავნის მათ სამუშაო ჯგუფის წევრებს და ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგს მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. 4. სამუშაო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 5. სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან სამუშაო ჯგუფის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 6. სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 7. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა. 8. სამუშაო ჯგუფის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი და სამდივნოს წარმომადგენელი.