საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მეწარმე იურიდიული პირების დაფინანსების წესისა და პრინციპების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2737
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025317
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მეწარმე იურიდიული პირების დაფინანსების წესისა და პრინციპების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2737
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მეწარმე იურიდიული პირების დაფინანსების წესისა და პრინციპების განსაზღვრის შესახებ
1. ამ განკარგულების მიღების მიზანია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან (შემდგომში – ბიუჯეტი) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეწარმე იურიდიული პირისათვის დაფინანსების სახეების განსაზღვრა, ამ იურიდიული პირის სტატუსისა და დაფინანსების სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის მიხედვით.
2. ეს განკარგულება არეგულირებს მეწარმე იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებისათვის დასაკმაყოფილებელ პირობებს.
3. ეს წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს (GFSM 2014) და ევროპის ანგარიშგების სისტემას (ESA2010) და ადგენს მეწარმე იურიდიული პირების კლასიფიცირების ძირითად პრინციპებს, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებამოსილების განსაზღვრისათვის.
4. ამ განკარგულებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსება აღირიცხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით.
5. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო (შემდგომში – საწარმო) უფლებამოსილია, ბიუჯეტიდან მიიღოს დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ განკარგულებით დადგენილი წესით:
ა) სუბსიდიის სახით ან/და ტრანსფერის გადაცემით;
ბ) კაპიტალში შენატანის გაზრდით/წილის შესყიდვით;
გ) სესხის სახით.
6. ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების სახეები გულისხმობს:
ა) სუბსიდირება/ტრანსფერი – ბიუჯეტიდან ხორციელდება საწარმოს დაფინანსება მიმდინარე ან/და კაპიტალური ტრანსფერის სახით, საწარმოს შეუფერხებელი ფუნქციონირების ან/და კონკრეტული ფუნქციის/მიზნობრივი ჯგუფის სუბსიდირებისათვის. დაფინანსების ეს სახე შესაძლებელია იყოს მიზნობრივი ან გამოიყოს საწარმოს ფუნქციონირებისათვის, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ კონკრეტული პოლიტიკის განხორციელების მიზნებისათვის. დაფინანსების ეს სახე აღირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ან/და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების შესაბამისი მუხლით;
ბ) კაპიტალში შენატანის გაზრდა/წილის შესყიდვა – მთავრობის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანი/წილის შესყიდვა აღირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით დამტკიცებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით და ამ გზით სახელმწიფო საწარმოსათვის სახსრების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ბ.ა) სახელმწიფო დაფინანსების სანაცვლოდ იღებს გაზრდილ წილს სახელმწიფო საწარმოში ან/და სხვა ფინანსურ აქტივს მის მიერ გაცემული დაფინანსების ეკვივალენტური ღირებულებით;
ბ.ბ) განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ დაფინანსების სანაცვლოდ მისაღები დივიდენდის ან/და სხვა სარგებლის ოდენობა, პერიოდულობა და ვადები და შეესაბამება მთავრობის მიერ განხორციელებულ ფინანსური შენატანის ოდენობას;
ბ.გ) საწარმოს ბოლო 3 წლის (აუდირებული) ანგარიშგებიდან 2 წელიწადში მაინც არ აქვს ზარალი;
ბ.დ) საწარმო აფინანსებს მისი საოპერაციო ხარჯების 50%-ზე მეტს მიმდინარე წელს და სახელმწიფოსგან არ მიუღია საოპერაციო ხარჯების 50%-ზე მეტი ღირებულებით სუბსიდირება ბოლო 3 წლის მანძილზე;
გ) სესხის გაცემა - სახელმწიფო საწარმოსათვის სესხის გაცემა აღირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით დამტკიცებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით და შესაძლებელია გაიცეს:
გ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტების ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოზე გადასესხების გზით, თუ:
გ.ა.ა) გადასესხება ხორციელდება არა ნაკლებ იმავე პირობებით (პროცენტი, სესხის ხანგრძლივობა), რა პირობებშიც მოხდა სესხის აღება სახელმწიფოსგან;
გ.ა.ბ) დაფარვის გრაფიკი გაწერილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით;
გ.ბ) საბიუჯეტო სახსრებიდან, თუ:
გ.ბ.ა) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით;
გ.ბ.ბ) საწარმო არ იღებს ბიუჯეტისგან დაფინანსებას საოპერაციო ხარჯების 50%-ზე მეტი ოდენობით;
გ.ბ.გ) საწარმოს ბოლო 3 წლის (აუდირებული) ანგარიშგებიდან 2 წელიწადში მაინც არ აქვს ზარალი.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს 2018 წლის 31 იანვრამდე კომისიის დამტკიცება, რომელიც უზრუნველყოფს ამ განკარგულებით დადგენილი რეგულაციების დანერგვას.
8. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ არანაკლებ:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს ქონების მართვის საკითხებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ბიუჯეტის მართვის, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის, საგარეო წყაროებიდან დაფინანსების საკითხებზე, სახელმწიფო და კერძო სექტორის აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე;
დ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი;
ე) იმ სამინისტროების წარმომადგენლები, რომელთაც მართვაში აქვთ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები.
9. კომისიამ უზრუნველყოს წინადადებების მომზადება საწარმოების სტატუსთან და ამ განკარგულებით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების უფლებაუნარიანობასთან მიმართებით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
10. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და განიხილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 23 აგვისტოს №286 ბრძანებით შექმნილი ფისკალური პოლიტიკის საბჭოს მიერ.
11. კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა გაითვალისწინება საბიუჯეტო პროცესში ამ საწარმოების დაფინანსებაზე ან მათი მონაწილეობით სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
12. კომისიის საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
13. კომისიის მიერ 2018 წელს გასატარებელი ღონისძიებები:
ა) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს 2014 (GFSM 2014), ევროპის ანგარიშგების სისტემისა (ESA2010) და ამ განკარგულების მიხედვით უნდა მომზადდეს იმ სახელმწიფო საწარმოების ანალიზი და დასკვნა მათ სტატუსთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან 2017 და 2018 წლების ბიუჯეტებიდან;
ბ) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ანალიზი უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, წარმოდგენილი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორების მიხედვით:
ბ.ა) ხარისხობრივი ინდიკატორები გულისხმობს საწარმოს სტატუსის განსაზღვრას მისი საბოლოო მომხმარებლების (საჯარო და კერძო სექტორი) ანალიზით;
ბ.ბ) რაოდენობრივი ინდიკატორები მოიცავს ანალიზს, საწარმოს მიერ პროდუქციის/მომსახურების წარმოებისათვის საჭირო ხარჯების რა ნაწილს ფარავს ამ პროდუქციის/მომსახურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;
გ) კომისიის მიერ 2018 წლის 30 ივნისამდე უნდა მომზადდეს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების შესახებ ანალიზი და დასკვნები;
დ) კომისია უნდა ჩაერთოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმართულებით;
ე) წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული პროგრამები/ქვეპროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხებასა და მათ კაპიტალში შენატანის განხორციელებას, საჭიროებს კომისიის მიერ თანხმობას.
14. მეწარმე იურიდიული პირების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით:
ა) მეწარმე იურიდიული პირის მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მიზნით, გადაწყვეტილების მისაღებად მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს არანაკლებ ის პირობები და კრიტერიუმები, რაც ამ წესით გათვალისწინებულია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან მიმართებით;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მათ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებზე ვრცელდება ამ განკარგულებით განსაზღვრული წესები და კრიტერიუმები და ერთიანი პრაქტიკისა და აღრიცხვის ერთიანი სტრანდარტის დამკვიდრებით მიზნით;
გ) კომისია უზრუნველყოფს ყველა იმ მეწარმე იურიდიული პირის სტატუსის დადგენას ამ განკარგულებით განსაზღვრული პრინციპებით, რომლებიც იღებენ დაფინანსებას შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან;
დ) მეწარმე იურიდიული პირის დაფინანსება აღირიცხება სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს 2014 (GFSM 2014) შესაბამისად, მეწარმე იურიდიული პირის სტატუსიდან და დაფინანსების ტიპიდან გამომდინარე;
ე) კაპიტალში შენატანისა და სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს კომისიის თანხმობას;
ვ) კაპიტალში შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამის საჯარო დაწესებულებასა და მეწარმე იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ვ.ა) დაფინანსების ოდენობას;
ვ.ბ) სახელმწიფოს მიერ მისაღებ ფინანსური აქტივის ღირებულებას;
ვ.გ) დივიდენდის ოდენობას ან სხვა სარგებელს, რომელსაც სახელმწიფო იღებს კაპიტალში შენატანის სანაცვლოდ;
ზ) სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მეწარმე იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ზ.ა) სესხი ოდენობას;
ზ.ბ) გადახდის გრაფიკი;
ზ.გ) საპროცენტო განაკვეთს;
თ) სუბსიდირების/ტრანსფერის გადაცემის ტიპის დაფინანსება განისაზღვრება შესაბამისი წლიური ბიუჯეტის პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში.
15. განკარგულება, გარდა მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
16. განკარგულების მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.