შპს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტების’’ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№080210318002387616 №2/1171-2018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 080210318002387616

№2 /1171-2018

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

2018 წლის 10 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

განმცხადებელი – შპს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტები“ (ს/კ 237058517)

დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია’’;

წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე;

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,რეაბილიტაციის’’ დირექტორმა თამარ მუმლაძემ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითებით სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 237058517) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება ითხოვა იმ მოტივით, რომ სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტი“ გადახდისუუნაროა, ორგანიზაციას არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

განცხადების თანახმად, სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტი“ (ს/ნ 237058517) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში, უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს ასევე სხვა საწარმოში.

სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტს“ (ს/ნ 237058517) მოქმედი საბანკო ანგარიში არ აქვს გახსნილი არცერთ ბანკში (დახურული ანგარიში – სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“), ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.

სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტს“ დებიტორული მოთხოვნები არ გააჩნია.

სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტს“ საგადასახადო და უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები არ ერიცხება, ხოლო კომპანიის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია: 1. შპს „საქნავთობპროდუქტი“ (ს/ნ 201990701), მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №142. მის მიმართ საწარმოს ერიცხება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი კრედიტორული დავალიანება – 271 434.72 (ორას სამოცდათერთმეტი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი და 72) ლარის ოდენობით;

2. სახელმწიფო ბიუჯეტი. მის მიმართ საწარმოს ერიცხება დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი – 3785.00 (სამი ათას შვიდას ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით;                     

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 მარტის MIA 7 18 00711644 წერილის თანახმად, სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 237058517) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „PC 5 6-817“ (შასი: 128) სახელმწიფო სანომრე ნიშნით CA-822 და სატრანსპორტო საშუალება „ZIL 130“ (ძრავი: 812141, შასი: 2591271) სახელმწიფო სანომრე ნიშნით GNA-374. ამავე ბაზის თანახმად, სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“ (ელეტრონულ ბაზაში მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი მითითებული არ არის. მისამართი: ოზურგეთი, ბათუმის ქ. №20) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ZIL 130“ (ძრავი: 512853, შასი: 1927853) სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAM-239. აღნიშნულ წერილში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებიდან, „ZIL 130“ (ძრავი: 512853, შასი: 1927853) სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAM-239 ვერ იძებნება, რის შესახებაც ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 3 აპრილს (№55/18 წერილი). ხოლო, სატრანსპორტო საშუალებები „PC 5 6-817“ (შასი: 128) სახელმწიფო სანომრე ნიშნით CA-822 და სატრანსპორტო საშუალება „ZIL 130“ (ძრავი: 812141, შასი: 2591271) სახელმწიფო სანომრე ნიშნით GNA-374, განთავსებულია ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე. ამასთან, კომპანიას საკუთრებაში ერიცხება ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალება „ZIL 130“.

სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“(ს/ნ 237058517) საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებების სავარაუდო საბაზრო ღირებულება აღემატება 5000.00 (ხუთი ათას ლარს), კომპანიას სხვა ქონება არ ერიცხება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განმცხადებლის – შპს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ (ს/კ 237058517) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის ( გაკოტრების , რეაბილიტაციის ) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი . გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების , ვალდებულებების , ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ , აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა , ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას .

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 22 მაისს 14:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №5).

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2018 წლის 18 აპრილისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge.

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

 

მოსამართლე                                                                      დარინა აბულაძე