დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
(შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
(შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს,
სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის
საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც
ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ
ამოცანებს.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას
წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო
გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს,
სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის
(არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 3
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით,
საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს
მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით ღია
წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული
წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და განზოგადების
უზრუნველყოფა, ერთიანი საინფორმაციო-ანალიტიკური ბანკისა და სააღრიცხვო
საქმიანობის წარმოება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების,
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
(შემდგომში – სამინისტროს დანაყოფები) ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია
და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
გ) ანალიტიკური საქმიანობის სფეროში სამინისტროს იმ დანაყოფების
სამოქმედო პრიორიტეტებისა და სტრატეგიების განსაზღვრა, რომლებიც
ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ანალიზის წარმოება
და რისკების შეფასება;
ე) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის
მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 5
დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას,
სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოებს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და სამინისტროს დანაყოფებს
სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციით;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ხელმყოფი პროცესების
შესახებ ანალიზის წარმოების საფუძველზე უზრუნველყოფს რისკებისა და
საფრთხეების შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნულთან
დაკავშირებით;
დ) უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და ამ მიზნით ამზადებს
წინადადებებს სათანადო კომპეტენციის მქონე პირებთან ხელშეკრულების
გაფორმების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციით რეფორმების
დაგეგმვასა და იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს
ინფორმაციის წაშლას/დაარქივებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული
მონაცემთა შენახვის ვადების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს სამინისტროს
სისტემის საარქივო მასალებს და აკონტროლებს მათ მოძრაობას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის
ერთიანი სისტემის დანერგვას, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო
ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული
ვითარების შესწავლასა და ანალიზს; მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების
შედეგად განსაზღვრავს საფრთხეებსა და რისკ-ფაქტორებს;
თ) აწარმოებს საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიულ ანალიზს და შეიმუშავებს
შესაბამის რეკომენდაციებს;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს იმ დანაყოფების საქმიანობის ანალიზს,
რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული
აღრიცხვის საქმეებისა და ოპერატიულ საქმიანობაში ხელშემწყობი პირების
აღრიცხვას;
ლ) დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე
ამზადებს/გასცემს ცნობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და
კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი
ფუნქციები
მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საინფორმაციო ცენტრი (სამმართველო);
ბ) ანალიტიკური სამმართველო;
გ) კვლევისა და რეფორმების სამმართველო;
დ) ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო;
ე) ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილება;
ვ) საქმისწარმოების განყოფილება.
მუხლი 7
1. საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) შემადგენლობაშია:
ა) სტატისტიკის და კრიმინალური სოციოლოგიის განყოფილება;
ბ) მონაცემთა ადმინისტრირების განყოფილება;
გ) იარაღის აღრიცხვის განყოფილება;
დ) კრიმინალისტიკური რეგისტრაციის განყოფილება;
ე) სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილება.
2. საინფორმაციო ცენტრი (სამმართველო):
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული
ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების
მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში
განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს
ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის,
აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული
ინფორმაციის ურთიერთგაცვლას;
გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად უზრუნველყოფს
საინფორმაციო რესურსებზე დაშვებას;
დ) უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული მართლსაწინააღმდეგო
ქმედების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, სისხლის სამართლის
დანაშაულის, მათი შესაძლო ჩამდენი პირების, ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირის, დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომებისა და სასამართლო პროცესების
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას,
სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ე) ახორციელებს ძებნის საქმეებისა და ძებნილი პირების შესახებ
ინფორმაციის დამუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული სახვითი
ხელოვნების ნიმუშების, ძველებური საგნების, ანტიკვარული ნივთებისა და
სამუზეუმო ექსპონატების შესახებ ინფორმაციის ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებში მომუშავე პირთა დაკარგული,
გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული უწყებრივი პირადობის მოწმობების, აგრეთვე
დაკარგული საზღვარგარეთის პასპორტების მონაცემების შესახებ ინფორმაციის
ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
თ) პირთა ნარკოლოგიური დიაგნოსტირების შემდეგ სათანადო აღრიცხვის მიზნით
ახორციელებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან იღებს ინფორმაციას პირთა
სარეგისტრაციო-საპასპორტო მონაცემების შესახებ და უზრუნველყოფს მის
პერიოდულ განახლებას;
კ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მფლობელების შესახებ
ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში
განთავსებას;
ლ) უზრუნველყოფს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული
სატრანსპორტო საშუალებების ან მათი აგრეგატების შესახებ ინფორმაციის
მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
მ) უზრუნველყოფს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებსა და
ცეცხლსასროლ იარაღზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული
ყადაღის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ნ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მიღებას
და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ო) უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს
გარეთ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა შესახებ
ინფორმაციის დამუშავებას; აღრიცხავს ინფორმაციას მათი თავისუფლების
აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში გადაადგილებისა და გათავისუფლების
შესახებ;
პ) უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის ფაქტების, მოძალადისა და მსხვერპლის
შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში
განთავსებას;
ჟ) ახორციელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ამოუცნობი გვამების
შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, ცენტრალიზებულ რეგისტრაციასა და
აღრიცხვას;
რ) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას დაკარგული, ნაპოვნი, ამოღებული
და გატაცებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ;
ს) უზრუნველყოფს მართვის მოწმობათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და
ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პენიტენციური დაწესებულებებიდან
შემოსული დაქტილოსკოპიური ბარათების კარტოთეკას და მის საფუძველზე
ახორციელებს ნასამართლევი პირის იდენტიფიკაციას;
უ) სადღეღამისო რეჟიმში ახორციელებს საკომუნიკაციო საშუალებებით ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებული ინფორმაციის უფლებამოსილ პირებზე
გაცემას, ასევე აწარმოებს რეესტრს გაცემული ინფორმაციის/ინფორმაციის
მომთხოვნი უფლებამოსილი პირის შესახებ;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ინფორმაციას
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და აწარმოებს შესაბამის
სტატისტიკურ კვლევებს;
ქ) უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის
დანერგვას; კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო
საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა
რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებისა და რისკფაქტორების
განსაზღვრის შედეგად შეიმუშავებს სტრატეგიასა და რეკომენდაციებს;
ღ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან
გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკანონოდ შემოსული
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის
მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური
საშიშროების შექმნის საკითხებზე გასცემს შესაბამის რჩევას;
ყ) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი
მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით
პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების
მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს და გასცემს დასკვნას;
შ) „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი
დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
შემთხვევებში გასცემს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების
თვალსაზრისით პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის გაცემისათვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;
ჩ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს,
აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს;
ც) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად უზრუნველყოფს
საინფორმაციო რესურსებზე დაშვებას;
ძ) სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით
ამუშავებს სამსახურებრივი საჭიროების მქონე ინფორმაციას.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში
შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8
ანალიტიკური სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) დანაშაულის ანალიზის განყოფილება;
ბ) მიმდინარე ანალიზის განყოფილება.
2. ანალიტიკური სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საპოლიციო სფეროში, პოლიტიკის
ანალიზის შესწავლის და ფორმირების მიზნით, სამინისტროს დანაყოფებიდან და
სხვა სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს სტატისტიკურ და ანალიტიკურ
ინფორმაციას, ამასთან უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მიღებას და
მის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური და კვლევითი ანგარიშების
მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში
განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საჭიროებისამებრ
დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საპოლიციო სფეროში, პოლიტიკის
ანალიზის შესწავლის და ფორმირების მიზნით, ახდენს სხვადასხვა წყაროებიდან
მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს; აიდენტიფიცირებს და
აანალიზებს სამინისტროს წინაშე, საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან
გამომდინარე საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა
და სამინისტროს დანაყოფების ინფორმირების მიზნით შეისწავლის სამინისტროს
კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს და ანალიზის შედეგად
განსაზღვრავს სისტემის წინაშე არსებულ რისკებსა და საფრთხეებს; რისკებსა და
საფრთხეებზე რეაგირების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
დ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით,
სტრატეგიულ დონეზე აფასებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას და
ახდენს მის ანალიზს; კრიმინალთან ბრძოლის კუთხით შეიმუშავებს შესაბამის
რეკომენდაციებს;
ე) საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიული ანალიზის მიზნით, უზრუნველყოფს
სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციას, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას,
რის საფუძველზეც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსაზღვრავს სამინისტროს
იმ დანაყოფების სამოქმედო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს, რომლებიც
ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე ახორციელებს მათი
შესრულების მონიტორინგს;
ვ) უზრუნველყოფს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის
ორგანიზებასა და კოორდინირებას, სისტემის ანალიტიკური საქმიანობის
მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, შს სამინისტროში ანალიტიკური საქმიანობის
განვითარების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს; სტრატეგიული შეფასების
შედეგად განსაზღვრავს საპოლიციო საქმიანობის მართვის სტრატეგიის
პრიორიტეტებს და გასცემს რეკომენდაციებს საპოლიციო საქმიანობის ეროვნულ,
რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციოლოგიური
კვლევების ჩატარებას პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაანალიზების
მიზნით;
თ) უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და ამ მიზნით,
ამზადებს წინადადებებს სათანადო კომპეტენციის მქონე პირებთან ხელშეკრულების
გაფორმების შესახებ;
ი) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით
სტრატეგიულ დონეზე აფასებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას,
ახორციელებს ცალკეული დანაშაულის სისტემატურ ანალიზს, შეისწავლის დანაშულის
მატება-კლების ტენდენციებს და მის ხელშემწყობ ფაქტორებს, ანალიზის
საფუძველზე გასცემს რეკომენდაციებს;
კ) სამინისტროს სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინირებით
ამუშავებს საგზაო უსაფრთხოებისა და სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ინფორმაციას, ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და
რისკების შესაბამისად, შემდგომი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის
მიზნით გასცემს რეკომენდაციებს;
ლ) ახორციელებს საერთაშორისო კრიმინოგენული ვითარებისა და მიმდინარე
პროცესების/ტენდენციების კვლევასა და შეფასებას; საქართველოს მოქალაქეების
მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულების ანალიზს, აფასებს დანაშაულებრივი
ქმედებების გავლენას ქვეყნის კრიმინოგენულ ვითარებაზე; ამზადებს
ანგარიშებსა და შესაბამის რეკომენდაციებს;
მ) ეროვნულ დონეზე საპოლიციო სფეროში პოლიტიკის ანალიზის მიზნით,
შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე თუ პოტენციურ გამოწვევებს და
შეიმუშავებს რეკომენდაციებს; საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს კოორდინაციას
სამინისტროს დანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან;
ნ) ეროვნულ დონეზე, საპოლიციო სფეროში, უზრუნველყოფს ანალიტიკური
პროდუქტების დამუშავების ტექნიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
შესწავლასა და შესაბამისი მეთოდების დანერგვას;
ო) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საპოლიციო სფეროში, კომპეტენციის
ფარგლებში რეგულარულ საფუძველზე ახორციელებს არსებული ტენდენციების
შესწავლას, რისკებისა და საფრთხეების გამოვლენას, მათ ანალიზს და
შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტების მომზადებას;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების
ჩატარებას სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირების
მიზნით;
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს,
აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში
შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9
1. კვლევისა და რეფორმების სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ანალიზისა და კვლევის განყოფილება;
ბ) რეფორმების განყოფილება.
2. კვლევისა და რეფორმების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების წინაშე მდგარი
გამოწვევების იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების განსაზღვრას, შესაბამისი
რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას;
ბ) გამოითხოვს ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების
საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
გ) სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს რეფორმების
დაგეგმვას და იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობას;
დ) ახდენს სამინისტროს დანაყოფებში მიმდინარე და განხორციელებული
რეფორმების მონიტორინგს და შეფასებას;
ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის სფეროში თანამედროვე
ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობს სხვა
სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და სხვა დაკავშირებული
სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
გაზიარებისა და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, თანამშრომლობს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან და მონაწილეობას იღებს
საერთაშორისო ღონისძიებებში;
ზ) მონაწილეობს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიული
დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების, აგრეთვე შესაბამისი ანგარიშების
მომზადებაში;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის განვითარების
საკითხებზე ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით ინფორმაციის გაცვლასა და
კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმატის განხორციელებას;
ი) უზურნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციებისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის, დეპარტამენტის
უფროსის/კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ
განსაზღვრული დავალებების შესრულებას.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში
შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10
1. ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება.
2. ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას
და შეიმუშავებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკასა და სტანდარტებს;
ბ) შეიმუშავებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროექტებს
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით;
გ) ქმნის შესაბამის ბაზებს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში
მონაცემების განსათავსებლად და ახორციელებს მათ პროგრამულ
უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, მემორანდუმითა და ერთობლივი ბრძანებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან
ურთიერთგაცვლის საინფორმაციო სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას და მიღებული
ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში ინტეგრირებას;
ე) უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში შემავალი
მონაცემების უსაფრთხოებას;
ვ) სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს კომპიუტერული
ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულ მუშაობას და
უსაფრთხოებას;
ზ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამინისტროს მოსამსახურეთა კავშირს და
ახორციელებს ინტერნეტრესურსებზე დაშვების მონიტორინგს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს
კომპიუტერული საკომუნიკაციო არხებით მონაცემთა მიმოცვლას სამინისტროს
დანაყოფებთან და სხვა უწყებებთან, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ქმნის სამინისტროს დანაყოფებში ფუნქციონირებადი საინფორმაციო
სისტემებისათვის საცნობარო ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ
განახლებას;
კ) ახორციელებს ინფორმაციული სისტემებიდან მონაცემების წაშლისა და
დაარქივების პროგრამულ უზრუნველყოფას;
ლ) ახორციელებს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად
საინფორმაციო რესურსებზე დაშვების კონტროლს, აღრიცხვიანობასა და
ანალიზს;
მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს,
აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში
შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11
ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილება კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას,
სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან
საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე,
უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს
ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის/საქმეების
აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული
აღრიცხვის საქმეების მიღებას/დამუშავებას, საარქივო რეგისტრაციას,
შენახვასა და გაცემას, აღნიშნულ მასალებზე საძიებო-საცნობარო კომპიუტერული
ბაზის შექმნას/წარმოებას, დადგენილი წესით საარქივო საქმის გაცემასა და
კონტროლს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს
სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული შეწყვეტილი სისხლის
სამართლის საქმეების, სამინისტროს ყოფილ მოსამსახურეთა პირადი საქმეების,
სამინისტროს დანაყოფებში შექმნილი და საარქივო შენახვას დაქვემდებარებული
საქმისწარმოების დოკუმენტური მასალების მიღებას/დამუშავებას, საარქივო
რეგისტრაციას, შენახვას/გაცემას, აღნიშნულ მასალებზე საძიებო-საცნობარო
კომპიუტერული ბაზის შექმნას/წარმოებას;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს,
აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 12
საქმისწარმოების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის
რეგისტრაცია-აღრიცხვას;
ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ახორციელებს
დოკუმენტაციის განაწილებას;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ღონისძიებების
დაგეგმვას/ორგანიზებას;
დ) აწარმოებს ნომენკლატურულ და სააღრიცხო ჟურნალებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი
უფლებამოსილებანი
მუხლი 13
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი
მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას
მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და
პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი
შესრულებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების
ჯეროვნად შესრულებას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებში შემავალ
განყოფილებებს შორის;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა
წახალისების თაობაზე;
ვ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს
დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ
მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს
წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის,
წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს
წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის
თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ
დოკუმენტაციას;
კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის
მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს
დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის
პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეების საკურატორო
სფეროებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს,
ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის
მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის
დირექტორის გადაწყვეტილებით.
მუხლი 14
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების
განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა
და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და
მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების
შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის
მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის
წინაშე.
მუხლი 15
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი,
რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს
კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს
სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს
მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის
დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების,
მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორის და მოადგილის
ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის
ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.