პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ
მიღების თარიღი 23.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020561
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 27.10.2015
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამსახურის შესახებ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №246
2018 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული წესი „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗. პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზანი
პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის პირობებს, ხანგრძლივობასა და შვებულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის საფუძვლები
მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის საფუძვლებია:
ა) „პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულ მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება;
ბ) მოხელის ინიციატივით საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობაზე საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმება.
მუხლი 3🔗. მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის პირობები
1. ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მოხელეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით, რაც არ გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებულ კუთვნილ შვებულებას.
2. ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მოხელეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 5 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს სამი თვისა, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულება – 5 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთი წლისა, რაც არ გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებულ კუთვნილ შვებულებას.
3. მოხელეს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობა (5 წელი) აითვლება პირველად მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
5. თუ პროფესიული განვითარების პროგრამას მოხელე გადის ელექტრონული კურსის საშუალებით და აღნიშნული პროგრამის გავლა მოითხოვს მოხელის მოცდენას სამუშაო საათებიდან, ამ შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა შესაძლებლობა, საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმებით, საერთო წესით, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით.
მუხლი 4🔗. საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის წესი
1. საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის შვებულებით სარგებლობის უფლების გამოყენების მიზნით, მოხელე შვებულების სასურველ თარიღამდე 14 სამუშაო დღით ადრე წერილობითი განცხადებით მიმართავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს შვებულების შესათანხმებლად. გამონაკლის შემთხვევებში ეს ვადა შესაძლებელია, შემცირდეს მოხელის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით განცხადებაში მოხელემ უნდა დაასაბუთოს მისი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი პროგრამის საჭიროება და წარადგინოს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის უარი უნდა დასაბუთდეს წერილობით.
4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროფესიული განვითარებისათვის მოხელის შვებულებით სარგებლობის შესახებ, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
5. პროფესიული განვითარებისათვის შვებულების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება შვებულებაში ყოფნის ვადით.
6. მოხელე ვალდებულია, პროფესიული განვითარებისათვის შვებულებაში გასვლამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემა უშუალო ხელმძღვანელისათვის ან საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირისათვის.
მუხლი 5🔗. პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულების შემდგომ მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას წარუდგინოს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შედეგები.
მუხლი 6🔗. შვებულების შეწყვეტა
1. მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო საბაზისო თუ დამატებით პროგრამაში მონაწილეობისთვის შვებულება შეწყდება მხოლოდ მოხელის შრომისუუნარობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის ან/და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების მოთხოვნის შემთხვევაში.
2. საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის შვებულება შეწყდება მოხელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო საბაზისო თუ დამატებით, ასევე საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის შვებულება შესაძლებელია შეწყდეს საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე.
4. ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შვებულების გამოუყენებელი ნაწილის შემდგომ გამოყენება შესაძლებელია მოხელის მოთხოვნის შემთხვევაში და საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით.
მუხლი 7🔗. ანაზღაურების წესი
1. ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, სასწავლო პროგრამის საფასურს, ასევე, მოხელის მიერ პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ გავლის შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების, ტრანსპორტირების, კვებისა და სხვა სადღეღამისო ხარჯებს ანაზღაურებს საჯარო დაწესებულება, გარდა ხარჯების იმ ნაწილისა, რომელსაც აფინანსებს სასწავლო პროგრამის მიმწოდებელი მხარე ან/და დონორი ორგანიზაცია.
2. საჯარო დაწესებულების მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების, ტრანსპორტირების, კვებისა და სხვა სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურდება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად.
3. ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, პროფესიული განვითარების პროგრამის ხარჯებს (მათ შორის, პროგრამის საფასურს) საჯარო დაწესებულება არ ანაზღაურებს, გარდა ამავე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. საჯარო დაწესებულებამ, მოხელესთან შეთანხმებით, შესაძლებელია, აანაზღაუროს მხოლოდ სადღეღამისო ხარჯები, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.