შპს „პრაიდ გრუპის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „პრაიდ გრუპის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „პრაიდ გრუპის“ მიმართ.
2017 წლის 22 მარტს კრედიტორთა კრებაზე გამოვლიდნა, რომ მოვალის მიერ აქტივი გასხვისებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს შპს „ქართულ რითეილზე“, ასევე დადებულია ვალის გადაკისრების ხელშეკრულებები და შპს „ქართულმა რითეილმა“ დაფარა კრედიტორთა ნაწილის დავალიანებები. ვინაიდან გამოსარკვევი იყო აღნიშნული საკითხი და დასაზუსტებელი გარემოებები მეურვის მიერ, რამდენად ადგილი ჰქონდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწნებულ ფაქტს, კრედიტორებმა იშუამდგომლეს არ განხილულიყო კრედიტორთა მოთხოვნები და გადადებულიყო კრედიტორთა კრება.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „პრაიდ გრუპის“ კრედიტორთა კრება კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების, გაკოტრების მმართველის არჩევის დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. მოწვეული იქნას შპს „პრაიდ გრუპის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
1.2. გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 13 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს „პრაიდ გრუპის“ მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი