შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3895-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№ 330216818002296731

2/3895-18

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2018 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

 

კრედიტორთა კრებაზე სასამართლომ განიხილა შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელს’’ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2018 წლის 11 იანვრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 15 იანვარს.

2018 წლის 8 თებერვალს სს ,,საქართველოს ბანკის’’ წარმომადგენელმა გიორგი მაღალაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, რაზეც დადგენილ იქნა ხარვეზი.

2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით,სს ,,საქართველოს ბანკის’’ განცხადება შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. კრედიტორის განცხადების თანახმად, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელის’’ მიმართ არსებული მოთხოვნა შეადგენს 18 717 897,41 აშშ დოლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით - 46 122 771,01 ლარს.

მეურვის მოხსენების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის საკუთრებაში რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. კომპანიას საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’, მაგრამ მითითებულ ანგარიშებზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება.

სხვა განცხადება კრედიტორული მოთხოვნების აღიარების თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ შესულა.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მეურვის მოხსენება და მიაჩნია, რომ შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20.4 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სადავო არაა ფაქტი იმის შესახებ, რომ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით მოვალეს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, რასაც საფუძვლად დაედო მოვალის მიერ მითითებული ფაქტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც მოვალის გადახდისუუნარობას ადასტურებდა. ანუ, მოვალეს არ გააჩნდა რაიმე სახის ქონება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოფილიყო.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. დასახელებული კანონის მე-3 მუხლით, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: რ) სამეურვეო ქონება – ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება; ი) კრედიტორი – პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა).

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.

მოვალის განმარტების და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა.

მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს მიზნის მიღწევას.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კრედიტორის უფლება, რაც შედეგობრივი თვალსაზრისით რეალიზებადია მოვალისაგან განსხვავებით, საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების შემთხვევაში.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მეურვის მოხსენებით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება. ეს გარემოება კიდევ ერთხელ დადასტურდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, რაც კრედიტორის მცდელობის მიუხედავად არ გაქარწყლებულა და საწინააღმდეგო არ დადგენილა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს კრედიტორის მოსაზრებას მომრიგებელ საბჭოსთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს კანონის 34.1 მუხლის შინაარსზე, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ წინაპირობებს, თუ რა შემთხვევაშია უფლებამოსილი მომრიგებელთა საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ მუხლის თანახმად, მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ, ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად. ნიშანდობლივია, რომ საქმის წარმოებასთნ დაკავშირებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების უუნარობა, მომრიგებელი საბჭოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის პირდაპირ საფუძვლად კანონით არ არის გათვალისიწინებული, რაც თავადვე მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ისეთი მოვალის მიმართ (მიუხედავად იმისა, თუ ვისი /მოვალისა თუ კრედიტორის/ განცხადების საფუძელზეა გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოება  დაწყებული),   რომელსაც   თავისი   ქონებრივი მდგომარეობით  არ  შესწევს  საპროცესო  ხარჯების  ანაზღაურების  უნარი,  საქმის წარმოება არც უნდა გაგრძელდეს და არც უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე, რომ მომრიგებელ საბჭოს მოუხდეს ასეთი მოვალის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საკითხის განხილვა. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი თვიდანვე უცილოდ გამოკვეთილია მოვალის ქონებრივი მდგომარეობა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის უუნარობა, ასეთ შემთხვევაში მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელება წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზანთან (მსგავს საკითხზე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, საქმე №2ბ/5009-17).

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ჩვენს შემთხვევაში მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებელი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6.1 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, კრედიტორის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური, ხოლო განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ (ს/ნ 404 397 265) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელი’’ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სს ,,საქართველოს ბანკს’’ (ს/ნ 204 378 869) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 30.01.2018წ. №4030 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარი (გადამხდელის ბანკი – სს ,,საქართველოს ბანკი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი – ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

3. სს ,,საქართველოს ბანკის’’ მიერ 2018 წლის 13 თებერვალს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (№ GE07TB7563236020100006) ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარიდან ანაზღაურდეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ვებგვერდზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

    მოსამართლე                                      ლევან მიქაბერიძე