ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №350
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020666
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების დამტკიცების თაობაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №350
2018 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“.
მუხლი 2🔗
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოზე არ გავრცელდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიეცეს თანხმობა, „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ერთეულით.
მუხლი 3🔗
პროექტის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან და ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.
მუხლი 4🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის − „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ დამატება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“ არეგულირებს ფერმათა/ფერმერთა ერთიანი რეესტრის სისტემას, რითაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაცია.
2. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ მიზნებია:
ა) მოკლევადიანი მიზანი – შეთანხმებით – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD II-ის) – გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დაახლოებით 100 000 ფერმის/ფერმერის რეგისტრაცია;
ბ) გრძელვადიანი მიზანი – აღრიცხულ იქნეს საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა პირი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, ფლობდეს, მათ შორის, სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისათვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტების/პროგრამების საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
3. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ამოცანებია:
ა) სასოფლო-სამურნეო საქმიანობით დაკავებული იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთა შესახებ პირველადი ინფორმაციის მოძიება მოხდება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ მე-3 მუხლში განსაზღვრული წყაროებიდან;
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული იდენტიფიცირებული პირებისა და მათი საქმიანობის შესახებ მოძიებული პირველადი ინფორმაციის სისტემატიზაცია, კლასიფიკაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანა;
გ) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანილი პირველადი ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტით“ დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) ელექტრონული, დინამიკური და ინტერაქტიული სისტემის შექმნა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში“ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფერმა/ფერმერი − პირი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რომელიც დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) ფერმათა/ფერმერთა რეესტრი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა მონაცემების ელექტრონული, დინამიკური და ინტერაქტიული ბაზა;
გ) პროექტი – „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“;
დ) სააგენტო – ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;
ე) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ვ) ელექტრონული სისტემა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების შესახებ მონაცემების ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსებულია სამინისტროში;
ზ) ABACO SPA – იტალიაში რეგისტრირებული იურიდიული პირი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 158860200), რომელიც რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: Corso Umberto I, 43, 46100 Mantova, Italy.
მუხლი 3🔗. ფერმათა/ფერმერთა რეესტრში შესატანი პირველადი ინფორმაცია და მიმწოდებელი მხარეები
პროექტის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უნდა უზრუნველყონ:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის მონაცემები; მესაკუთრის/მოსარგებლის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთ(ებ)ის საკადასტრო კოდ(ებ)ი, დანიშნულება, ფართობი, მისამართი, ორთოფოტო და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია;
ბ) სსიპ – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას: ვენახების კადასტრის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, ვენახის მაიდენტიფიცირებელი კოდი, მფლობელის სტატუსი (მესაკუთრე, მოიჯარე და სხვ.), მოსარგებლის სახელი, გვარი/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, ვენახის მისამართი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია;
გ) სსიპ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას: ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც მოახდინეს მსხვილფეხა და წვრილფეხა ჩლიქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, კერძოდ: პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია;
დ) შპს „საქართველოს მელიორაციამ“ (ს/კ: 204524568), რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას: განხორციელებული პროექტების/მომსახურების ბენეფიციარ(ებ)ის/დამკვეთ(ებ)ის პირადი /საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი/დასახელება საკონტაქტო ინფორმაცია, რეგიონი, მუნიციპალიტეტი, მიწის ფართობი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია;
ე) შპს „მექანიზატორმა“ (ს/კ: 206348736), რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: მომსახურების დამკვეთის სახელი გვარი/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, რეგიონი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია;
ვ) ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ (ს/კ: 404923785), რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას მის მიერ განხორციელებული შემდეგი პროექტებიდან/პროგრამებიდან:
ვ.ა) „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ – პროექტის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი), ნაკვეთის ტიპი, ფართობი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.ბ) „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ – პროექტის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობის სფერო და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.გ) „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ – პროექტის ბენეფიციარ(ებ)ის საიდენტიფიკაციო ნომერი, დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.დ) „აგროდაზღვევის პროგრამა“ – პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის მდებარეობა, დაზღვეული კულტურა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.ე) სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ – პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი), გაშენებული კულტურა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.ვ) ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ – პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი), საკადასტრო კოდი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.ზ) „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების პროგრამა“ – პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, სქესი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი) და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.თ) სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ – პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი/დასახელება, სქესი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი) და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სხვა შესაძლო ინფორმაცია;
ვ.ი) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ყველა სხვა პროექტიდან/პროგრამიდან მიღებული შესაძლო ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება პროექტის განხორციელებისთვის.
მუხლი 4🔗. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია, მოკლევადიანი მიზნის მიღწევის პირობა და პროგრამული უზრუნველყოფა
1. პროექტის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრომ, მის მიერ შემუშავებული და დანერგილი ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების შესახებ მონაცემების საკუთარ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში თავმოყრა, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო.
2. სააგენტოს ეძლევა წვდომა პროექტის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მონაცემთა ბაზაზე, რათა განახორციელოს იდენტიფიცირებული პირების გადამოწმება.
3. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელ პირთა პერსონალური მონაცემების (კერძოდ, პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი, სქესი) ვერიფიკაციის მიზნით, სააგენტო გამოითხოვს და დაამუშავებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ ამ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას.
4. იმ გადამოწმებულ პირებთან შემდგომი კომუნიკაცია, რომელთა პერსონალური მონაცემები დამუშავებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ხორციელდება სააგენტოს მიერ სატელეფონო გამოკითხვის გზით. სატელეფონო გამოკითხვის შესახებ დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
5. სატელეფონო გამოკითხვის შემდგომ მიღებული და გაერთიანებული ინფორმაცია ისეთი პირების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ფერმას/ფერმერს, სააგენტოს მიერ ელექტრონულად იგზავნება სამინისტროში.
6. პროექტის მოკლევადიანი მიზნის მისაღწევად, სააგენტოს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის გზით, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/ პროგრამის ბენეფიციარები ან/და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.
7. ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას ფერმათა/ფერმერთა რეესტრში უზრუნველყოფს სამინისტრო, ABACO SPA-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.
მუხლი 5🔗. რეგისტრაციის შესაძლო მეთოდები
ფერმათა/ფერმერთა რეესტრში ფერმის/ფერმერთა რეგისტრირება შესაძლებელია:
ა) სააგენტოს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვით – მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად;
ბ) სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით – გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად;
გ) რეგისტრირების მსურველი პირის მიერ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებისთვის მიმართვის გზით – გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად.
მუხლი 6🔗. მონიტორინგი
1. პროექტის ფარგლებში სატელეფონო გამოკითხვის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. მონიტორინგის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
2. მონიტორინგის მიზნებისთვის განხორციელდება სატელეფონო საუბრების ჩაწერა. სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შენახვის ვადას განსაზღვრავს სააგენტო.
3. მონიტორინგის დეტალური პროცედურა დამტკიცდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.