შპს „IBERIA INVESTMENT“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე №2/1412-18 |
|
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა საქართველოს სახელით მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ |
|
2018 წლის 29 ივნისი ქ. ქუთაისი |
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
დირექტორი: პაატა ჩხეიძე
წარმომადგენელი – დავით ტუკვაძე
მოთხოვნა – შპს „IBERIA INVESTMENT“-ის გაკოტრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „IBERIA INVESTMENT“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს „IBERIA INVESTMENT“-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა დავით ტუკვაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება წლების მანძილზე არ ფუნქციონირებს, მას როგორც სამეწარმეო სუბიექტს არ გააჩნია უნარი გადაიხადოს კრედიტორთა ვადამოსული დავალიანებები. მოვალეს ერიცხება კრედიტორული დავალიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ თანხით – 200,000,000 ლარი და 1 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; სახელმწიფო ბიუჯეტი – 3 096,50 ლარი. შპს „IBERIA INVESTMENT“-ს უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, დებიტორული დავალიანებები არ გააჩნია, საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. მას ერიცხება მხოლოდ სალდირებული ზედმეტობა 1005,23 ლარის ოდენობით.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი უთითებს, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „IBERIA INVESTMENT“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ითხოვს შპს „IBERIA INVESTMENT“-ის გაკოტრებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით შპს „IBERIA INVESTMENT“-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „IBERIA INVESTMENT“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 22 მაისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „IBERIA INVESTMENT“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „IBERIA INVESTMENT“-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „IBERIA INVESTMENT“ (ს/კ 445394911) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „IBERIA INVESTMENT“-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე