ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სტრასბურგი
2017 წლის 21 დეკემბერი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა შემდეგი შემადგენლობით:
სიოფრა ოლირი, თავმჯდომარე, 2017 წლის 28 ნოემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული: პროცედურა 1. საქმეს საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი როლანდ მესხიძის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 1-ლ ოქტომბერს სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№ 55506/08) საქართველოს წინააღმდეგ. 2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ქ-ნი მ. ფხალაძე და ბ-ნი გ. ზირაქიშვილი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) თანმიმდევრულად წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროდან, ბოლოს ბ-ნი ბ. ძამაშვილი. 3. კერძოდ, მომჩივანი აცხადებდა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა ციხეში ყოფნის დროს, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი. 4. 2009 წლის 14 მაისს, საჩივრის შესახებ ეცნობა მთავრობას. ფაქტები I. საქმის გარემოებები 5. მომჩივანი დაიბადა 1960 წელს და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგომის დროს სასჯელს იხდიდა ციხეში. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად. A. მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხეში ხელმისაწვდომი მკურნალობა 6. მომჩივანი დააკავეს 2003 წლის 20 ივლისს და 2004 წლის 19 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობისთვის სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თორმეტი წლის ვადით. 2004 წლის 19 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა განაჩენი. 1. ციხეში ყოფნის დროს მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება 7. არსებული სამედიცინო ისტორიის თანახმად (მოიცავს 2005 წლის 30 ივლისიდან - 10 სექტემბრამდე, 2008 წლის 25 იანვრიდან - 27 მარტამდე და 2008 წლის 5 ივნისიდან - 8 სექტემბრამდე პერიოდებს), მომჩივანი ციხის საავადმყოფოში პირველად გადაიყვანეს დაკავების შემდგომ, 2005 წლის 30 ივლისს. ამ დროს მას დაუდგინდა ვირუსული C ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი და რადიკულიტი. მომჩივანი უჩიოდა ძილის დარღვევებსა და შფოთვას და მოთავსებულ იქნა ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. 2005 წლის 16 აგვისტოს, ის გადაყვანილ იქნა ინფექციურ დაავადებათა განყოფილებაში, სადაც მას მკურნალობდნენ ვირუსულ C ჰეპატიტზე. მომჩივანი ციხის საავადმყოფოდან გაწერეს 2005 წლის 10 სექტემბერს. 8. მომჩივნის განცხადებით, 2007 წლის ოქტომბერში მას ჩაუტარდა მარჯვენა ფეხის ე.წ. „ჩაბრუნებული ფრჩხილის“ ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა დაინფიცირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2008 წლის 25 იანვარს მომჩივანი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ამ დროს მომჩივნის დიაგნოზი იყო შემდეგი: ქვედა კიდურების ქრონიკული არტერიული უკმარისობა, არტერიული ოკლუზია და მოაბლიტირებელი არტერიტი და ფრჩხილქვეშა პანარიტიუმი. 9. 2008 წლის 29 იანვარს, მომჩივანს მოაცილეს ფეხის ფრჩხილი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მან მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა ციხის საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი უზრუნველყოფილი იყო ტკივილგამაყუჩებლებითა და ანტიბიოტიკებით მკურნალობით, სამედიცინო ისტორიის თანახმად, მომჩივანი ყოველდღიურად უჩიოდა ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფეხის არეში. 2008 წლის 25 თებერვალს, მომჩივანი გასინჯა ანგიოქირურგმა, რომელმაც მას ურჩია ფეხების დოპლეროგრაფიის ჩატარება და კანის შიდა ჟანგბადის წნევის („Tc PO2“) გაზომვა. ამ შემოწმებების საფუძველზე ქირურგი გადაწყვეტდა მომჩივნის მარჯვენა ტერფის პირველი თითის ამპუტაციის საკითხს. 10. მომჩივნის სამედიცინო ისტორიაში 2008 წლის 25 მარტს ციხის საავადმყოფოს ექიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, ციხეში დოპლეროგრაფიისა და Tc PO2 ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა ტექნიკური მიზეზების გამო. ექიმმა მიუთითა მომჩივნის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და დაასკვნა, რომ არცერთ შემთხვევაში, და მიუხედავად სპეციალისტის რეკომენდაციისა, არ არსებობდა ამ შემოწმებების ჩატარების აუცილებლობა, რამდენადაც არ არსებობდა ოპერაციის გაკეთების „აბსოლუტური ჩვენებები“. 2008 წლის 27 მარტს, მომჩივანი გაწერეს ციხის საავადმყოფოდან და ამბულატორიულ პირობებში პალიატიური მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაციით გადაიყვანეს თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 11. მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე, 2008 წლის 5 მაისს, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის საბჭომ შეამოწმა ის და მოამზადა სამედიცინო ანგარიში („2008 წლის 5 მაისის სამედიცინო ანგარიში“), რომლის თანახმადაც, მომჩივანს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: არტერიტი, მარჯვენა წვივის არტერიების ოკლუზია, მარცხენა წვივის არტერიების სტენოზი, მარჯვენა ქვედა კიდურის არტერიული უკმარისობა (დაავადების IV სტადიაზე), მარჯვენა ტერფის პირველი თითის ქსოვილების ნეკროზი, გულის იშემია, მეორე ხარისხის სტენოკარდია, მეორე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია, მეორე ხარისხის გულის უკმარისობა და დაბალი აქტივობის ქრონიკული C ჰეპატიტი. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ კარდიოლოგიური თვალსაზრისით, პაციენტის მდგომარეობა პოტენციურად მძიმე იყო. ვასკულარული მდგომარეობის მხრივ, ორივე ფეხის მთავარი სისხლძარღვები დაზიანებული ჰქონდა და მისი მდგომარეობა სერიოზული იყო. მათ გასცეს მისი სპეციალიზებულ კარდიოლოგიურ კლინიკაში მოთავსებისა და ფეხის თითის ამპუტაციის რეკომენდაცია. 12. 2008 წლის 20 მაისს, მომჩივნის ადვოკატებმა იუსტიციის სამინისტროს ციხეების დეპარტამენტის („ციხეების დეპარტამენტი“) უფროსს მიმართეს საჩივრით, რომ მათი კლიენტი, რომელიც 2008 წლის 25 იანვრიდან იმყოფებოდა ციხის საავადმყოფოში, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა, გადაყვანილ იქნა თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, და რომ ამ საავადმყოფოში მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. ისინი დავობდნენ, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქ გაუარესდა. ადვოკატებმა მომჩივნის სიცოცხლის საფრთხის არსებობიდან გამომდინარე მოითხოვეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა. იმავე დღეს, მათ იგივე მოთხოვნა გაუგზავნეს თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს და სამედიცინო განყოფილების მთავარ ექიმს. 13. 2008 წლის 27 მაისს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური განყოფილების უფროსმა ადვოკატების მოთხოვნა „განსახილველად“ გადაუგზავნა ციხის უფროსს და კვალიფიციურ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს. მან დაადგინა, რომ მინისტრის №717 ბრძანების შესაბამისად, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდებოდა ციხის სამედიცინო განყოფილების მთავარი ექიმის სამედიცინო დასკვნის შემდგომ, ციხის უფროსის ბრძანების საფუძველზე. 14. ამ წერილის შემდეგ, 2008 წლის 3 ივნისს, მომჩივნის ადვოკატები დაუკავშირდნენ ციხის უფროსს და შეახსენეს მას მინისტრის №717 ბრძანების პირობების შესახებ და ჰკითხეს, თუ როგორი იყო მთავარი ექიმის პასუხი და როდის მოათავსებდნენ მომჩივანს საავადმყოფოში. 15. 2008 წლის 9 ივნისს, ციხეების დეპარტამენტმა ადვოკატებს აცნობა, რომ 2008 წლის 5 ივნისს მომჩივანი მოათავსეს ციხის საავადმყოფოში. 16. სამედიცინო ისტორიაში გაკეთებული ყოველდღიური ჩანაწერების თანახმად, მომჩივანი კვლავ განიცდიდა ტკივილს მარჯვენა ფეხის არეში. სამედიცინო ისტორიის შინაარსიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მარჯვენა ფეხის მკურნალობა ხორციელდებოდა ანტისეპტიკური საშუალებებით და ყოველდღიურად უკეთდებოდა გადახვევა. ამ პერიოდის განმავლობაში, მომჩივანი სისხლძარღვთა სპეციალისტმა ორჯერ გასინჯა - 2008 წლის 11 ივნისსა და 31 ივლისს. 2008 წლის 11 ივნისს, სისხლძარღვთა სპეციალისტმა გასცა რეკომენდაცია ყოველდღიური გადახვევისა და ფეხის თითის ანტისეპტიკური საშუალებებით მკურნალობის შესახებ. მან მომჩივანს ასევე დაუნიშნა ალპროსტაპინტის გადასხმა. 2008 წლის 31 ივლისს, სისხლძარღვების სპეციალისტმა ფეხის თითის ამპუტაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გასცა Tc PO2 ანალიზის გაკეთების რეკომენდაცია და დაუნიშნა პალიატიური მკურნალობა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესაბამისი პრეპარატები მიეწოდებოდა მისი მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრების მიერ. 17. 2008 წლის 7 აგვისტოს, მომჩივანს სპეციალიზებულ საავადმყოფოში ჩაუტარდა Tc PO2 ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე ექიმმა, რომელმაც მომჩივანს ჩაუტარა გამოკვლევა, დაადგინა, რომ მიკროცირკულაცია მის ქვედა კიდურებში (განსაკუთრებით მარჯვენა ფეხში) ძალიან დაბალი იყო. მისი აზრით, ქირურგიული ჩარევა არ იყო შესაბამისი, ვინაიდან მარჯვენა ფეხში ჟანგბადის დაბალი დონე შეაფერხებდა ოპერაციის შედეგად მიღებული ჭრილობის შეხორცების პროცესს. 18. 2008 წლის 8 სექტემბერს მომჩივანი გაეწერა ციხის საავადმყოფოდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნის სასჯელის გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფი 28 ქვემოთ). 2. სასჯელის გადავადების საქმის წარმოება ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე 19. 2008 წლის 5 მაისის სამედიცინო ანგარიშის საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფი 11 ზემოთ), და იმის გათვალისწინებით, რომ ციხეში ჩატარებული მკურნალობა უშედეგო იყო, 2008 წლის 14 მაისს მომჩივანმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის“ შესაბამისად - „სსსკ“). ციხეების დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს იმის საფუძველზე, რომ ციხის საავადმყოფოს ჰქონდა „სამედიცინო მომსახურება, რომელსაც შეეძლო მომჩივნის მკურნალობა“ და „საჭიროების შემთხვევაში, მას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანდნენ. ერთე-რთმა ექსპერტმა, რომელიც მონაწილეობდა ზემოთ ხსენებული ანგარიშის მომზადებაში, მოსამართლეს დაუდასტურა, რომ მომჩივანი მძიმე ავადმყოფი იყო. თუმცა, რამდენადაც მას არ ჰქონდა ინფორმაცია ციხის საავადმყოფოს სამედიცინო რესურსების შესახებ, მისი თქმით, იგი ვერ შეაფასებდა, იყო თუ არა მომჩივნის იქ დატოვება მიზანშეწონილი. მან ასევე დაადასტურა, რომ საჭირო იყო მომჩივნის მარჯვენა ტერფის პირველი თითის ამპუტაცია. 20. 2008 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყო მომჩივნის მოთხოვნა იმის საფუძველზე, რომ ციხის საავადმყოფოს ჰქონდა სამედიცინო მომსახურება, რომელსაც შეეძლო მომჩივნის საჭირო მკურნალობით უზრუნველყოფა და რომ მომჩივანი, რომელიც შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, საჭიროების შემთხვევაში გადაყვანილი იქნებოდა სპეციალიზებულ კლინიკაში. 21. 2008 წლის 18 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა 2008 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით სასამართლოს წარუდგინა საკუთარი კომენტარები. კომენტარების თანახმად, ოქმში მოხსენიებული არ იყო ექსპერტის მოსაზრება მომჩივნის სიცოცხლის საფრთხესთან დაკავშირებით. ექსპერტი აცხადებდა, რომ მომჩივნის განგრენას, რომელიც უკვე მეოთხე (საბოლოო) სტადიაზე იყო, შეიძლებოდა გამოეწვია სეფსისი და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, სიკვდილი. მომჩივნის კარდიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტმა განაცხადა, რომ მომჩივანს ესაჭიროებოდა მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში, რათა თავიდან აეცილებინათ მისი უეცარი სიკვდილი. 2008 წლის 19 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და გასცა განკარგულება სხდომის ოქმში ცვლილების შეტანისა და ექსპერტის კომენტარების დამატების შესახებ. 22. მომჩივანმა გაასაჩივრა 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება იმაზე მითითებით, რომ იმ სამედიცინო ექსპერტების დასკვნის თანახმად, რომლებმაც ის გასინჯეს, ციხის საავადმყოფოში მკურნალობა უშედეგო იყო, და რომ არასათანადო მკურნალობის პირობებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა მისი მარჯვენა ქვედა კიდურის სხვადასხვა ნაწილის ამპუტაციის საკითხი. მომჩივნის ადვოკატები მიუთითებდნენ იმაზე, რომ პატიმრები ხშირად იღუპებოდნენ ციხის საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობის გამო. მათ ასევე პროტესტი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეების დეპარტამენტი საქმის წარმოებაში ჩაერთო როგორც მხარე, რაც სსსკ-ის 617-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას წარმოადგენდა. მათი აზრით, ციხეების დეპარტამენტის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, შეეფასებინა სიცოცხლესთან დაკაშირებული საფრთხეები, რომლებიც, შესაძლოა, მომჩივნის პატიმრობას გამოეწვია. შესაბამისად, ადვოკატებმა მოითხოვეს მომჩივნის ექიმისა და სპეციალიზებული საავადმყოფოს იმ ექიმის მოწმის სახით მოსმენა, რომელმაც 2008 წლის 7 აგვისტოს უმკურნალა მომჩივანს (იხილეთ პარაგრაფი 17 ზემოთ). სპეციალიზებულ საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევებისას, ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული შედეგების გარდა, მომჩივანს დაუდგინდა ქვედა კიდურების „ბიურგერის“ დაავადება. 23. 2008 წლის 4 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსმენაზე მომჩივნის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ სსსკ-ის 617-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი, როგორც პროცესის მხარე, ჩამოშორებულიყო საქმეს. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, თუმცა, ნება დართო ხსენებულ წარმომადგენელს, დასწრებოდა მოსმენას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით. ასევე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოწმის სახით მოეწვია ციხის საავადმყოფოს ქირურგი, სისხლძარღვთა სპეციალისტი (იხილეთ პარაგრაფი 17 ზემოთ) და სამედიცინო ექსპერტი (იხილეთ პარაგრაფი 11 ზემოთ). 24. შემდეგ მოსმენაზე, 2008 წლის 8 სექტემბერს, სამედიცინო ექსპერტმა განმეორებით განაცხადა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული იყო და რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ №72/ნ ბრძანების (გამოცემული ჯანდაცვის მინისტრის მიერ) მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი უპირობოდ მიესადაგებოდა მომჩივნის მდგომარეობას. მან დამატებით განაცხადა, რომ ქვედა კიდურის ქსოვილის ნეკროზი ჩამოყალიბებული იყო და პროგრესულად ვითარდებოდა კიდურზე ქვემოდან ზემოთ. თუ მსგავსი მდგომარეობა გაგრძელდებოდა, მომჩივანს შესაძლოა განვითარებოდა სეფსისი და გარდაცვლილიყო. მისი აზრით, შეუძლებელი იყო მომჩივნის სრულად განკურნება. 25. მომჩივნის ექიმმა - ქირურგმა, რომელიც ციხის საავადმყოფოს მუდმივი პერსონალის წევრი იყო, სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარადგინა მტკიცებულება, რომელიც განმარტავდა დიაგნოზს და ადასტურებდა, რომ მისი პაციენტი მძიმედ ავად იყო, ჰქონდა არტერიული დაავადება, რომელმაც მეოთხე და საბოლოო სტადიას მიაღწია. მან განაცხადა, რომ მომჩივანი ნახა 2007 წლის დეკემბერში და ასევე, 2008 წლის მაისში და რომ იმ დროს მას ნეკროზის სერიოზული ფორმა არ დაუფიქსირებია. მან დამატებით განმარტა, რომ დაავადების ამ სტადიაზე, ძირითადად, გამოიყენება პალიატიური ან ქირურგიული მკურნალობა. მომჩივანს დაენიშნა პალიატიური მკურნალობა მედიკამენტებით (ანტიოქსიდანტები, დამცავი მედიკამენტები, სედატივები). ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებული არ იყო, ვინაიდან ამას შეეძლო გაერთულებინა მომჩივნის მდგომარეობა. ჭრილობის შეხორცების ალბათობა დაბალი იყო. ექიმი პერიოდულად აცილებდა მომჩივანს დანეკროზებულ ქსოვილებს მარჯვენა ფეხიდან. ექიმმა ასევე დაადასტურა, რომ მომჩივნის ავადმყოფობა ქრონიკული, პროგრესირებადი იყო და მუდმივ სამედიცინო მკურნალობას საჭიროებდა. მან ასევე დასძინა, რომ შეუძლებელი იყო მომჩივნის ციხის საავადმყოფოში განკურნება, მაგრამ, ციხის გარეთ იყო კლინიკა, სადაც მკურნალობდნენ ასეთ პაციენტებს. მოსამართლის მიერ დასმული კითხვის პასუხად, ექიმმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ ორჯერ მოხდა მომჩივნის ჰოსპიტალიზაცია და მოცემული მომენტისთვის ნეკროზი არ იყო ბოლო სტადიაზე. მოცემული დროისთვის ციხის ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რათა შეეჩერებინათ ნეკროზის განვითარება, თუმცა ვერ მიაღწიეს წარმატებას. მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მომჩივანს დასჭირვებოდა მთლიანი მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. 26. სისხლძარღვების სპეციალისტმა - ციხის საავადმყოფოს ექიმმა - განაცხადა, რომ მან მომჩივანი 2007 წლის დეკემბერში გასინჯა და დაადგინა, რომ განგრენას უკვე დაზიანებული ჰქონდა მისი მარჯვენა ფეხის პირველი თითი. იგი სწრაფად გავრცელდა ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად. მოსმენამდე ცოტა ხნით ადრე მომჩივანს შეეზღუდა წოლა და იძულებული იყო დარჩენილიყო მჯდომარე მდგომარეობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. Tc PO2 ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ფეხში ჟანგბადის კონცენტრაცია მე-2 დონეზე იყო მწოლიარე მდგომარეობაში და 21-ე დონეზე მჯდომარე მდგომარეობაში (ნორმა შეადგენს 60-70-ს; ჭრილობის სწორად შეხორცებისთვის აუცილებლი დონე წარმოადგენდა 30-ს). შესაბამისად, ამპუტაცია შეუძლებელი იყო. სისხლძარღვების სპეციალისტმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო ასრულებდა მის დანიშნულებას, თუმცა, ადგილზე არ იყო შესაბამისი განყოფილება. მისი აზრით, მომჩივნის მარცხენა ქვედა კიდურიც დაზიანებული იყო, თუმცა, ჯერ არ იყო განგრენის ნიშნები. ამ დროს მთავარი საკითხი იყო მომჩივნის სიცოცხლის გადარჩენა და შემდგომ იმის გადაწყვეტა, ჩაეტარებინათ თუ არა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. 27. საბოლოო სიტყვაში, მომჩივნის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ 2007 წლის დეკემბერში, განგრენის არსებობის მიუხედავად, მომჩივანი გადაიყვანეს №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დატოვებულ იქნა მკურნალობის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექიმების განცხადების თანახმად, მომჩივანი ვერ განიკურნებოდა და ადვოკატმა მოითხოვა მისი კლიენტის დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება (სსსკ-ის 608-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად). 28. 2008 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე გადაავადა მომჩივნის პატიმრობის მოხდა და მოითხოვა ექვს თვეში ერთხელ ჯანმრთელობის შემოწმების გავლა და მიღებული შედეგების სასამართლოსთვის მიწოდება. მომჩივანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. B. მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გათავისუფლების შემდეგ 29. 2009 წლის 6 მარტის სამედიცინო დასკვნის თანახმად, მომჩივანს აღენიშნებოდა გულის იშემია, მეორე ხარისხის სტენოკარდია, მესამე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია და მეორე ხარისხის გულის უკმარისობა. კარდიოლოგიური თვალსაზრისით, მისი გულის მდგომარეობა რჩებოდა უცვლელად მძიმე. რაც შეეხება მის არტერიებს, მომჩივანს აღენიშნებოდა „ბიურგერის“ დაავადება, მარჯვენა წვივის არტერიების ოკლუზია, მარცხენა წვივის არტერიების სტენოზი, მარჯვენა წვივის მეოთხე ხარისხის ქრონიკული არტერიული უკმარისობა და მარჯვენა ქვედა კიდურის პირველი თითის ქსოვილის განგრენა. განგრენა კვლავაც იქნა აღწერილი, როგორც პროგრესირებადი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მომჩივანი საჭიროებდა კარდიოლოგიურ და ანგიოლოგიურ მკურნალობას სპეციალიზებულ დაწესებულებაში. 30. 2011 წლის მაისსა და ივნისში, მომჩივანმა გაიარა სხვა სასამართლო-სამედიცინო შემოწმება. 2011 წლის 21 ივნისის დასკვნით გამოვლინდა, რომ 2011 წლის 6 თებერვალს მომჩივანს გაუკეთდა მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია. ამავე დროს, მას დაესვა მარცხენა ტერფის პირველი თითის განგრენის დიაგნოზი. კარდიოლოგიური თვალსაზრისით, იმის დადასტურების შემდგომ, რომ მისი დიაგნოზი იყო პოტენციურად სერიოზული, მის შემოწმებაში ჩართულმა ოთხმა ექსპერტმა ასევე დაასკვნა, რომ მომჩივნის ანგიოლოგიური მდგომარეობა იშემიის შედეგად გაუარესებული იყო. შესაბამისად, ანგიოლოგიური თვალსაზრისით, მომჩივანი მიაკუთვნეს მძიმე ავადმყოფთა კატეგორიას. II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა 31. მოცემულ პერიოდში მოქმედი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული, შესაბამისი სამართლებრივი დებულებები მოცემულია შემდეგ გადაწყვეტილებებში: Goginashvili v. Georgia (№ 47729/08, §§ 32-35, 2011 წლის 4 ოქტომბერი), და Makharadze and Sikharulidze v. Georgia (№35254/07, §§ 40-43, 2011 წლის 22 ნოემბერი). სამართლი I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა 32. მომჩივანმა პრეტენზია გამოთქვა ციხეში სამედიცინო მკურნალობასთნ დაკავშირებით. ის დაეყრდნო კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: „ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“ A. მისაღებობა 33. მთავრობამ, საკუთარ პოზიციაში განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი ეფუძნებოდა მცდარ ფაქტებს. კერძოდ, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანმა წარმოადგინა ცრუ ინფორმაცია (i) მის მარჯვენა ფეხზე სავარაუდოდ ჩატარებული ოპერაციის თარიღის, და (ii) თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის თარიღების შესახებ. მთავრობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა განსაკუთრებით მომჩივნის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2007 წელს სავარაუდოდ ჩატარებულმა ოპერაციამ გამოიწვია მისი არტერიული პათოლოგიის გაუარესება. სასამართლოს განჩინებაზე - საქმე Jian v. Romania (no.46640/99 (განჩინება), 2004 წლის 30 მარტი) - მითითებით, მთავრობამ სთხოვა სასამართლოს უარი ეთქვა საჩივარზე ინდივიდუალური საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების გამო, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(ა) პუნქტის შესაბამისად. ალტერნატიულად, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს ამოწურული არ ჰქონდა დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები, მათ შორის, პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საშუალებები. 34. მომჩივანს კომენტარი არ გაუკეთებია მთავრობის მიერ მიუღებლობასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე. 35. სასამართლო იმეორებს, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, საჩივარი, როგორც ბოროტად გამოყენებული, შესაძლებელია იქნეს უარყოფილი, თუ ის შეგნებულად არის დაფუძნებული მცდარ ფაქტებზე (იხილეთ, სხვა საქმეებს შორის, Keretchashvili v. Georgia (განჩინება), № 5667/02, 2006 წლის 2 მაისი, და Pirtskhalaishvili v. Georgia (განჩინება), №44328/05, 2010 წლის 29 აპრილი). არასრულყოფილი და შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია შესაძლოა, ასევე, მიჩნეულ იქნეს, როგორც საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია შეეხება საქმის საკვანძო საკითხებს და აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობასთან დაკავშირებით მოცემული არ არის საკმარისი განმარტება. თუმცა, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის ნებისმიერი მიზანმიმართული მცდელობა სათანადოდ უნდა იქნეს დამტკიცებული (იხილეთ, Gross v. Switzerland [დიდი პალატა], №67810/10, § 28, ECHR 2014, იქვე სხვა მითითებებთან ერთად). 36. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ სხვადასხვა ციხეში სასჯელის სავარაუდოდ მოხდის თარიღებთან დაკავშირებით მართლაც არის გარკვეული ცდომილებები. ასევე, მისი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ფეხის თითის ფრჩხილის მოცილება მოხდა 2008 წლის 29 იანვარს (იხილეთ პარაგრაფი 9 ზემოთ), თუმცა არ არის ინფორმაცია იმ ოპერაციის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, ჩატარდა 2007 წლის ოქტომბერში. თუმცა, სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მკაფიო მოთხოვნისა, მთავრობამ სასამართლოს ვერ მიაწოდა მომჩივნის სამედიცინო ისტორია, რომელიც მოიცავდა 2005 წლის სექტემბრისა და 2008 წლის იანვრის პერიოდს (იხილეთ პარაგრაფი 7 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე საქმეში სასამართლოსთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს არა ერთი კონკრეტული ქირურგიული ჩარევის სავარაუდო თარიღის საკითხი, არამედ მომჩივნისთვის შეუსაბამო მკურნალობის ჩატარების სავარაუდო ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუარესების შემდეგ (ყველაზე გვიან), 2008 წლის იანვარში. აქედან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება. 37. რაც შეეხება მთავრობის განცხადებას მომჩივნის მიერ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების არამოწურვის შესახებ, საქმის მასალების თანახმად, ციხის შესაბამისი ორგანოები კარგად ინფორმირებულები იყვნენ მომჩივნის მძიმე სამედიცინო მდგომარეობის შესახებ (იხილეთ პარაგრაფები 7-9 ზემოთ). შესაბამისად, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით (იხილეთ, Goginashvili v. Georgia (№ 47729/08, §§ 51-60, 2011 წლის 4 ოქტომბერი) და Makharadze and Sikharulidze v. Georgia (№35254/07, §§ 54-55, 2011 წლის 22 ნოემბერი), სასამართლო უარყოფს მთავრობის არგუმენტს არამოწურვის შესახებ. 38. ასევე, სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი აშკარად უსაფუძვლო არ არის კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(ა) პუნქტის თანახმად, და რომ ის მიუღებელი არ არის ნებისმიერი სხვა საფუძვლის გამო. შესაბამისად, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად. B. საქმის არსებითი გარემოებები 1. მხარეთა არგუმენტები 39. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გაუარესდა ციხეში ყოფნისას. მისი თქმით, ციხის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა აღიარეს, რომ მათ არ შეეძლოთ მომჩივნისთვის საჭირო სამედიცინო მკურნალობის აღმოჩენა, თუმცა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ მას ციხის გარეთ შესაბამისი მკურნალობის მიღების შესაძლებლობის გამოყენებაზე. 40. თავის მხრივ, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივნის სხვადასხვა დაავადების ბუნებისა და სირთულის გათვალისწინებით, აშკარა იყო, რომ მას აღნიშნული განუვითარდა სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრამდე. შესაბამისად, მთავრობა პასუხისმგებელი არ იყო მომჩივნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ფეხის თითის ინფექციასთან დაკავშირებით, მთავრობამ მცდარობის საფუძველზე უარყო მომჩივნის განცხადება იმის შესახებ, რომ მას 2007 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის შემდეგაც ანთებითი პროცესი დაიწყო. 2008 წლის 29 იანვარს ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ ოპერაციამ ჩაიარა კარგად, რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე და 2008 წლის მარტში პაციენტი გაუმჯობესებული მდგომარეობის საფუძველზე იქნა გაწერილი. მთავრობის განცხადებით, 2008 წლის 27 მარტისა და 5 ივნისის შუალედში, მომჩივანი იმყოფებოდა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მთავრობამ ვერ შეძლო ამ პერიოდთან დაკავშირებული სამედიცინო ისტორიის წარმოდგენა; თუმცა, იგი ამტკიცებდა, რომ მომჩივანი მკურნალობას აგრძელებდა ამ დაწესებულებაში და რომ ამგვარი მკურნალობის პროცესი მოიცავდა ანგიოლოგთან კონსულტაციას. 2. სასამართლოს შეფასება (a) ზოგადი პრინციპები 41. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები სასამართლოს მიერ შეჯამებულია საქმეებში Blokhin v. Russia ([დიდი პალატა], №47152/06, §§ 135-140, ECHR 2016, სხვა მითითებებთან ერთად); ასევე იხილეთ, Goginashvili (მოხსენიებული ზემოთ §§ 69-70); Irakli Mindadze v. Georgia (№17012/09, §§ 39-40, 2012 წლის 11 დეკემბერი, და Jeladze v. Georgia (№1871/08, §§ 41-42, 2012 წლის 18 დეკემბერი). (b) პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში 42. პირველ რიგში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განსაზღვროს მომჩივნის საჩივრის ფარგლები კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად. საჩივრის ფორმაში მომჩივანი პრეტენზიას არ გამოთქვამდა 2007 წლის ოქტომბრამდე მისთვის ციხეში გაწეულ მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, მას არ განუცხადებია, რომ სხვადასხვა ავადმყოფობა ციხეში ყოფნისას განუვითარდა. მის საჩივარში აქცენტი გაკეთებული იყო იმ ფაქტზე, რომ სავარაუდოდ, 2007 წლის ოქტომბრიდან განვითარებული განგრენის არასათანადო მკურნალობის პირობებში, მომჩივნის ციხეში პატიმრობა საზიანო აღმოჩნდა მისი ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე პერიოდში მომჩივნისთვის ციხეში ხელმისაწვდომი მკურნალობის ადეკვატურობას. 43. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დროის შესაბამისი პერიოდის სამედიცინო ისტორიის არარსებობის პირობებში, ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა იმ დადასტურებული სამედიცინო ჩარევის შესახებ, რომელიც მომჩივნის თქმით, მას 2007 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა (იხილეთ პარაგრაფი 8 ზემოთ). თუმცა, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს მომჩივნის სავარაუდო მდგომარეობის გამოწვევის ზუსტი მომენტის განსაზღვრას შემდეგი მიზეზით: ეროვნულ დონეზე საქმის წარმოების პროცესში მომჩივნის ორივე მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ 2007 წლის დეკემბერში მომჩივანს უკვე გამოუვლინდა მარჯვენა ფეხის თითის მდგომარეობის გაუარესების პირველი ნიშნები (იხილეთ პარაგრაფები 25-26 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ ციხის ექიმის განცხადების თნახმად, იმ დროისთვის არ დაფიქსირებულა „სერიოზული ნეკროზი“ (იხილეთ პარაგრაფი 25 ზემოთ), თუმცა, სპეციალისტმა დაასკვნა, რომ „განგრენას უკვე დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ტერფის პირველი თითი“ (იხილეთ პარაგრაფი 26 ზემოთ). სასამართლოს მართებულად მიაჩნია სპეციალისტის აზრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ 2007 წლის დეკემბერში შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მომჩივნის შესაძლო დიაგნოზის შესახებ და ვალდებულნი იყვნენ, ჩაეტარებინათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები მომჩივნის მკურნალობის გეგმის შემუშავების მიზნით (იხილეთ, Yefimova v. Russia, №39786/09, § 236, 2013 წლის 19 თებერვალი). მაგრამ, პასუხისმგებელი პირები ნელა მოქმედებდნენ, რადგან მხოლოდ 2008 წლის 25 იანვარს მოხდა მომჩივნის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში ფეხის თითის მზარდი ტკივილით. სასამართლოს აზრით, ერთთვიანი დაგვიანება სერიოზული უმოქმედობა იყო, რადგან განგრენა არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათოა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას (იხილეთ პარაგრაფები 21, 24 და 26 ზემოთ). 44. ციხის საავადმყოფოში მომჩივნის მოთავსების შემდეგ, მას დაესვა ფრჩხილქვეშა პანარიტიუმის დიაგნოზი და 2008 წლის 29 იანვარს ჩაუტარდა ოპერაცია. თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ტკივილი არ შეწყვეტილა (იხილეთ პარაგრაფი 9 ზემოთ). 2008 წლის 25 თებერვალს მომჩივანი გასინჯა სპეციალისტმა, რომელმაც გასცა რეკომენდაცია დოპლეროგრაფიისა და Tc PO2 ანალიზის ჩატარების შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 9 ზემოთ). ამ ეტაპზე, სპეციალისტმა უკვე აღნიშნა, რომ მიღებული შედეგების საფუძველზე, შესაძლებელი იყო მარჯვენა ტერფის პირველი თითის ამპუტაციის საჭიროების განხილვა. ერთი თვის შემდეგ, 2008 წლის 27 მარტს, ციხის საავადმყოფოს ექიმმა, სპეციალისტის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლად - ანუ მომჩივნისთვის შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების გარეშე - უბრალოდ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ოპერაციის ჩატარების „აბსოლუტური ჩვენებები“ (იხილეთ პარაგრაფი 10 ზემოთ). აქედან გამომდინარე, მომჩივანი გაწერილი იქნა ციხის საავადმყოფოდან ე.წ. „გაუმჯობესებულ მდგომარეობაში“, მსგავსი დასკვნის გაკეთებისათვის საჭირო რაიმე სამედიცინო მტკიცებულების არსებობის გარეშე. 45. მომდევნო პერიოდი (ორ თვეზე ცოტა მეტი) მომჩივანმა გაატარა თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მთავრობა აცხადებდა, რომ ციხეში მომჩივანი მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, მთავრობამ ვერ შეძლო მომჩივნის ამ პერიოდის ამსახველი სამედიცინო ისტორიის სასამართლოსთვის წარდგენა, რის გამოც სასამართლოსთვის რთული მისაღებია მათი არგუმენტები (იხილეთ, Irakli Mindadze, მოხსენიებული ზემოთ, §§ 44 და 47). მომჩივნის დიაგნოზის სერიოზულობის გათვალისწინებით, ციხის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ვალდებული იყვნენ რეგულარულად (ყოველდღიურად თუ არა) ედევნებინათ თვალი მისი ჯანმრთრელობის მდგომარეობისთვის და უზრუნველეყოთ ის შესაბამისი მკურნალობით. ისინი ამგვარად ვერ მოიქცეოდნენ მკურნალობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო ისტორიის წარმოების გარეშე. 46. რაც შეეხება 2008 წლის 5 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ციხის საავადმყოფოში სამი თვე გაატარა, ამ დროისთვის ციხის ექიმს უკვე ცალსახად უნდა გაეკეთებინა დასკვნა იმის შესახებ, რომ მომჩივნის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იყო (იხილეთ პარაგრაფები 11, 19 და 21 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ამ ექიმს არ შეეძლო შეეფასებინა მომჩივნისთვის ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის ხარისხი, მან ხაზგასმით აღნიშნა შესაბამისი სპეციალიზებული მკურნალობის აუცილებლობის, მათ შორის, ტერფის თითის ამპუტაციის შესახებ. აღნიშნული სამედიცინო რეკომენდაცია ასევე უგულებელყოფილი იქნა ციხის საავადმყოფოს პერსონალის მიერ. 47. იმის განხილვის გარეშე, თუ რამდენად შეიძლებოდა მომჩივანს თავიდან აეცილებინა მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია და მარცხენა ფეხის განგრენის განვითარება (იხილეთ პარაგრაფი 30 ზემოთ) სპეციალიზებულ საავადმყოფოში დროული და შესაბამისი მკურნალობის პირობებში, სასამართლოს მაინც მიაჩნია, რომ ციხის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა გულგრილობა გამოიჩინეს მომჩივნის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის მკურნალობასთან მიმართებით. მომჩივნის გათავისუფლებამდე ცხრათვიანი პროცესის განმავლობაში, მათ ვერ მოახერხეს დიაგნოზის დროულად დასმა (იხილეთ პარაგრაფი 43 ზემოთ). შესაბამისად, მათ არ გაითვალისწინეს სპეციალისტების რეკომენდაციები, მომჩივანს არ ჩაუტარეს საჭირო შემოწმებები და გაწერეს ციხის საავადმყოფოდან (იხილეთ, პარაგრაფი 44 ზემოთ). რაც შეეხება დანარჩენ ორ თვეზე ოდნავ ხანგრძლივ პერიოდს, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლო არ არის მზად დაეთანხმოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ მომჩივანი რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და უტარდებოდა მკურნალობა (იხილეთ პარაგრაფი 45 ზემოთ). პასუხისმგებელი პირების ეს აშკარა წარუმატებლობა, განსაკუთრებით სამწუხაროა იქიდან გამომდინარე, რომ მომჩივნის დაავადების განვითარების იმ ეტაპზე არსებობდა მის ფეხთნ და სიცოცხლესთან დაკავშირებული საფრთხის თანმიმდევრული ნიშნები. ზემოაღნიშნულ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებული დაგვიანებებისა და შეცდომების ერთობლიობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მომჩივნის ციხეში ყოფნისას, სასამართლო მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ ციხეში მომჩივნის განგრენის არასათანადო მკურნალობის გამო დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი. II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება 48. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად: „თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“ A. ზიანი 49. მომჩივანმა მოითხოვა 1 300 ევრო მატერიალური ზიანისთვის, რომელიც გამოწვეული იყო სამედიცინო მკურნალობის ხარჯებით, მათ შორის, რამდენიმე სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებით, რომლებიც განხორციელდა და ანაზღაურდა მის მიერ. მან ასევე სთხოვა სასამართლოს დაუზუსტებელი თანხის მინიჭება იმ ფსიქოლოგიური ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა ციხეში ყოფნის დროს და დამატებითი თანხები უცხოეთში მკურნალობის ჩასატარებლად. 50. მთავრობამ გააპროტესტა მომჩივნის მოთხოვნა და დაასაბუთა, რომ ამ უკანასკნელს უკვე ჰქონდა დაავადებები ციხეში მოხვედრამდე. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, იგი პასუხისმგებელი არ იყო მომჩივნის გათავისუფლების შემდეგ, არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, მის მკურნალობაზე. აგრეთვე, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრები შეადგენდა მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 200 ევროს. ამასთანავე ნაწილი, რომელიც შეეხებოდა 2008 წლის 8 სექტებრის - ანუ მომჩივნის ციხიდან გათავისუფლების - შემდგომ პერიოდში შეძენილ მედიკამენტებს, შეუსაბამო იყო. მორალურ ზიანთან დაკავშირებით, მთავრობა აცხადებდა, რომ მოთხოვნა აშკარად უსაფუძვლო იყო იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ არც მოთხოვნილი თანხა იყო განსაზღვრული და არც მოთხოვნის საფუძველი - დასაბუთებული. 51. სასამართლო ადგენს, რომ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის ციხეში ყოფნის დროს გაწეულ სამედიცინო ხარჯებსა და კონვენციის მე-3 მუხლის ზემოთ დადგენილ დარღვევას შორის. შესაბამისად, წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე, სასამართლო ანიჭებს მომჩივანს 150 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლო ასევე, ადგენს, რომ მომჩივანმა განიცადა სტრესი და ტანჯვა, რომელიც გამოწვეული იყო მის სამედიცინო მკურნალობაში დაფიქსირებული შეცდომებით. სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობითა და საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სასამართლო მომჩივანს ანიჭებს 4, 500 ევროს. B. ხარჯები 52. ხარჯების შესახებ მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პუნქტით მოთხოვნილი ანაზღაურების მინიჭების საჭიროება არ არსებობს. C. საურავი 53. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი. ამ მოტივით სასამართლო ერთხმად, 1. აცხადებს, საჩივარს მისაღებად; 2. ადგენს, რომ მომჩივნისთვის ციხეში ყოფნის დროს გაწეული არასათნადო სამედიცინო მკურნალობის შედეგად დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი; 3. ადგენს, (a) რომ, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის შესაბამისად, მომჩივანს გადაუხადოს თანხა შემდეგი ოდენობით: (i) 150 ევრო (ას ორმოცდაათი ევრო) მატერიალური ზიანისთვის, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს; (ii) 4,500 ევრო (ოთხი ათას ხუთასი ევრო) მორალური ზიანისთვის, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს; (b) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი; 4. უარყოფს, მომჩივნის პრეტენზიას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში. შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2017 წლის 21 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
|