შპს ,,სანტექსის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/21500-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2018 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს ,,სანტექს"
(საიდენტიფიკაციო კოდი 416289199, დირექტორი – ზაურ აბასოვი)
მოთხოვნა – შპს ,,სანტექსის" მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ გამოარკვია:
2018 წლის 17 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სანტექსის" დირექტორმა ზაურ აბასოვმა და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,სანტექს" არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშზე. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით, შპს ,,სანტექსის" სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. რაც შეეხება, სასაქონლო მატერიალურ მარაგებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა ვადაგასული/უვარგისი) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა საერთო თანხით 86776.36 ლარი. ამასთან, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. ჰყავს ერთადერთი კრედიტორი ACE TRANS GENERAL TREIDING L.LC (ს.კ 379049), რომლის წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 49 000 აშშ დოლარს.
2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოედგინა ინფორმაცია საწარმოს დებიტორული მოთხოვნების თაობაზე, ასევე დაეზუსტებინა მოთხოვნა ან წარმოედგინა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიშის ნომერი GE07TB756323602010006) 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2018 წლის 24 ივლისს, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,სანტექსის" დირექტორმა, სადაც აღნიშნულია რომ კომპანიას არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანების მოთხოვნა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,სანტექსი" ვერ უზრუნველყოფს კრედიტორების და საპროცესო ხარჯების დაფარვას, შესაბამისად. მოვალის მოთხოვნას წარმოადგენს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,სანტექსის’’ წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). კომპანიას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები. შპს ,,სანტექს" ACE TRANS GENERAL TREIDING L.LC მიმართ აქვს კრედიტორული დავალიანება 49 000 აშშ დოლარის ოდენობით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს ,,სანტექსის’’ საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას შპს ,,სანტექსის" (ს/ნ 416289199) წარმომადგენელს ზაურ აბასოვს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე;
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე