საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამმართველოს (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამმართველოს (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №12
2018 წლის 31 ივლისი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
სამმართველო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი ფუქციებისა და ამოცანების შესრულებისას წარმოადგენს სამსახურს.
მუხლი 3🔗
სამმართველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მულხი 4
სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენლი წესით.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 5🔗
სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციისა და სტრატეგიის განსაზღვრა და იმპლემენტაცია.
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება.
მუხლი 6🔗
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულება/შესრულების კოორდინაცია;
ბ) სამსახურში მიმდინარე პროცესების და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის (სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებეთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამსახურის საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიეების ორგანიზება;
ე) საზოგადოებრივი აზრის შესახებ, სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება;
ვ) ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა და სამსახურის საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;
ზ) სამსახურის მიერ დადგენილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორცილება;
თ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიცილაური გვერდების მართვა;
ი) ინციდენტის, საგანგებო სიტუაციის ან/და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიების დროს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან მუშაობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება; სახანძრო-სამაშველო-ძალების დეპარტამენტთან და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით საგანგებო სიტუაციის ადგილზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება;
კ) სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;
ლ) საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამმართველოს ხელმძღვანელობა და მისი უფლებამოსილებანი
მუხლი 7🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია საგანგებო სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) აანალიზებს სამმართველოს საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნისას სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.