ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,755 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.01.2023 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.10.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.08.2024 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.08.2022 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება   №71 2018 წლის 3 აგვისტო ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის  „ფ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (დანართი №1); ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების  რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) (დანართი №2). მუხლი 2🔗 ამ წესის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში  არ გავრცელდეს  იმ პირებზე, რომლებიც წესის ძალაში შესვლის დღეს ფაქტობრივად ცხოვრობენ დროებით საცხოვრისში. მუხლი 3🔗 უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის  №21 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი №1 ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.  3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება: ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული  საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო; ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით; გ) მარტოხელა მშობელი – სამოქალაქო კოდექსის 1191​1 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. მუხლი 2🔗. უსახლკარო პირთა რეგისტრაციის პროცედურები  1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის გზით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა)  უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2); ბ)  წესის მე-8 მუხლით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 2. რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმას და  შესაბამის დოკუმენტაციას. 3. უსახლკარო პირების რეგისტრაცია   არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული)  საცხოვრისით უზრუნველყოფაზე; ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს; გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; დ)თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში. 4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. 5. რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ განმეორებითი მიმართვა განიხილება 2 წლის გასვლის შემდეგ. მუხლი 3🔗. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით    უზრუნველყოფის კომისია 1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის  კომისიას (შემდგომში – „კომისია“). 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (მათ შორს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები). 3. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის,  მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები. 5. კომისია უშუალოდ ექვემდებარება კომისიის ხელმძღვანელს  და ასრულებს მის დავალებებს. 6. კომისიის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 7. კომისიის წევრთა  საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 9. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 10. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 11. კომისიის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 12. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო  მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა. 13. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3. 14. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. 15. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 16. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 17. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას. 18. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით. 19. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე  და სხდომაზე დამსწრე კომისიის  წევრები. 20. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 21. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირათან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი). მუხლი 4🔗. შეფასების პროცედურები 1. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლებმა  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში განახორციელონ მოკვლევა უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და წარუდგინონ კომისიას. 2. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტეტი ენიჭება  კომისიის  მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა კომისიის  წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას. მუხლი 5🔗. შეფასების  კრიტერიუმები 1. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა)  ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით: ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან  მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 30001-ზე ნაკლები   – ქულა 3; ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 30001-დან 65000-ის ჩათვლით  – ქულა 2; ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65001-დან 100 000-ის ჩათვლით  – ქულა 1. ბ) ოჯახის  შემოსავალი: ბ.ა) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია, ოჯახს ენიჭება –   ქულა 4; ბ.ბ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება – ოჯახს ენიჭება  – ქულა 3; გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში 1-3 ჩათვლით – ქულა 3,  ყოველ დამატებით წევრზე  – ქულა 1; დ)  მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები: დ.ა)  მუდმივად მწოლიარე – ქულა 3; დ.ბ) უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება – ქულა 1; დ. გ )  ონკოპათოლოგიური დაავადებით დაავადებული  –   ქულა 2; დ.დ) ფსიქიკური აშლილობით დაავადებული  –   ქულა 2. ე)  ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით) გამოწვეული  შესაძლებლობის  შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი ან წევრები: ე.ა)   მკვეთრად გამოხატული – ქულა 3; ე.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული  – ქულა  2; ე.გ) ზომიერად გამოხატული – ქულა 1. ვ) მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, ამასთან, სიღარიბე არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბავშვების მომვლელის მომსახურებით –  ქულა 2; ზ) ხანდაზმული, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად – ქულა 2; თ) პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი შედგება  ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან –   ქულა 1; ი) ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში –   ქულა 1; კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული,  რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი – ქულა 2; ლ) სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასული: ლ.ა)  18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება ან სხვა თავშესაფარი –   ქულა 2; ლ.ბ) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება ან სხვა თავშესაფარი  და  არ აქვს შემოსავალი,  დამატებით – ქულა 1. მ) ოჯახის წევრთა რაოდენობა: მ.ა) 1-5 ჩათვლით – ქულა 1; მ.ბ) ყოველ მომდევნო წევრზე – ქულა 1; ნ) საცხოვრებელი ფართი არ აქვს საკუთრებაში და არც სხვა უძრავი ქონება გააჩნია  –   6 ქულა; ო)  აქვს დროებითი თავშესაფარი ნათესავებთან –   ქულა 1. მუხლი 6🔗. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები 1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა). 2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას. 3. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები. 4. ბენეფიციარი ოჯახის შრომისუნარიანი წევრი ვალდებულია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში („ვორქ. ნეტი“) და თუ ბენეფიცირი 3 შეთავაზებიდან, სუბიექტური მიზეზის გამო იტყვის უარს დასაქმებაზე, აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. 5. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა. მუხლი 7🔗. ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი ბენეფიციარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება მოხდება ყოველწლიურად ბენეფიციარის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენით: ა) ამონაწერი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ქულათა ოდენობით; ბ)  ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან ოჯახის წევრთა შემოსავლების  შესახებ; გ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელის/მოხელეთა მიერ წლის განმავლობაში პერიოდულად ბენეფიციარი ოჯახის ადგილზე გადამოწმებით. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადის ფორმასთან ერთად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის     სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი     დოკუმენტის ასლები; დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე       ქონების რეგისტრაციის  შესახებ; ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ; ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოდან; ზ)  ამ წესის მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;  თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს: თ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; თ.ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, (ფორმა    №IV – 100/ა). ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს: ი.ა) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; ი.ბ ) მეუღლის გარდაცვალების  და ქორწინების მოწმობის ქსეროასლები. კ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის ან მზრუნველობის  თაობაზე; ლ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები; მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ. ნ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან,  ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ.