ინდ./მეწარმე ჯუმბერ გოგიას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/23328-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში
მიღების შესახებ
201 8 წლის 1 7 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი-მოვალე – ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგია
(საიდენტიფიკაციო კოდი 62001005505)
წარმომადგენელი – ქეთევან ზანდუკელი
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 02 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას წარმომადგენელმა ქეთევან ზანდუკელმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინებით, ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას წარმომადგენელს ქეთევან ზანდუკელს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, მიუთითოს მისთვის ცნობილი უზრუნველყოფილი ან/და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების თაობაზე არსებული ინფორმაცია, ასევე გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვის შეუძლებლობის შესახებ, წარმოადგინოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმის ჯუმბერ გოგიას მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2018 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას წარმომადგენელმა ქეთევან ზანდუკელმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა ი.მ. ჯუმბერ გოგიას გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმის ჯუმბერ გოგიას მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინდ .მეწარმე ჯუმბერ გოგიას კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ვინაიდან მის მიმართ აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა 01.08.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს ჯამურად 152 791.11 ლარს, აქედან, ძირითადი გადასახადი – 69813.01 ლარი ჯარიმა – 25 911 ლარი, საურავი – 57 067.1 ლარი, რაც ყოველდღიურად იზრდება საურავის დარიცხვასთან ერთად. ინდ .მეწარმე ჯუმბერ გოგიას მთელ ქონებაზე 16.04.2015 წლის შემოსავლების სამსახურის 0055181 მიმართვის საფუძველზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არსებობს ინდ .მეწარმე ჯუმბერ გოგიას მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.
აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ინდ. მეწარმე ჯუმბერ გოგიას მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, მე-19-ე, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505) წარმომადგენლის ქეთევან ზანდუკელის განცხადება ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505) მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505) აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს ინდ./მეწარმე ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის , საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ” გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები ინდ.მეწარმე ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი № 6, დარბაზში №29.
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგი:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
10. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტომდე . განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ.
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოში, განჩინების გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი