იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 02.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-26/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო პირობებით მოგებული ლოტების გამოვლენის ფორმულის, საცხოვრებელი ფართის
მიმართ სოციალური საცხოვრისის ტექნიკური მოთხოვნების, სოციალური საცხოვრისის
მშენებლობის კონკურსის მონაწილის საკვალიფიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალისა და
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-26/ნ
2018 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა და მე-20 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗.
მიზანი და განხორციელების პრინციპები
1.
ამ წესის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შეძენისათვის შესაბამისი წესისა და პირობების დადგენა.
2.
ამ წესის განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს საჯაროობის, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და სამართლიანობის პრინციპები.
3.
კონკურსის წესით შერჩეულ უნდა იქნეს ის მენაშენე(ები), რომელთაგან მოხდება საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სოციალური მომსახურების სააგენტო“;
გ) კომისია – სააგენტოსთან არსებული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართების შესყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებას და ამ წესით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) დაპირება – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ამ წესით გათვალისწინებული მიზნისათვის, სააგენტოს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის თაობაზე, რომელიც მოიცავს შესასყიდი საცხოვრებელი ფართების რაოდენობას (ფართების მითითებით), ჯამურ ფართს, ჯამურ ღირებულებას (1 მ2.-ის ფასის მითითებით) და სააგენტოს მხრიდან ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების ვადებს და პირობებს;
ე) მენაშენე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას და ამ ნებართვის საფუძველზე, დაპროექტებული და/ან დაწყებული და/ან დამთავრებული აქვს მშენებლობა და/ან დასრულებული საცხოვრებელი ფართ(ებ)ი რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში;
ვ) საკონკურსო წინადადება – კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მენაშენის მიერ კომისიისათვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც შეიცავს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
ზ) საცხოვრებელი ფართი – სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული და მენაშენის მიერ მშენებლობის დასრულების შემდგომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებთან;
თ) ფინანსური ინსტიტუტი – შესაბამისი ლიცენზიის და/ან სერტიფიკატის მფლობელი ქართული თუ უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რაც მოიცავს კომერციულ და/ან საინვესტიციო ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და/ან სადაზღვევო კომპანიებს, რომელთანაც მენაშენეს, ამ წესის ფარგლებში, გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ჩატარება და მასში მონაწილე პირები
1.
კონკურსს ატარებს კომისია.
2.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მენაშენეებს.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო წინადადება
1. საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ საკონკურსო პირობებს:
ა) საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებს:
ა.ა) შესასყიდი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში, არ უნდა საჭიროებდეს დამატებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და საცხოვრებელი ფართის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა.ა.ა) იატაკების მოპირკეთება:
ა.ა.ა.ა) ფოიე, საერთო ოთახი, საძილეები – ლამინატი;
ა.ა.ა.ბ) სან. კვანძები, სამზარეულო – კერამიკული ფილები;
ა.ა.ბ) ჭერისა და კედლების მოპირკეთება:
ა.ა.ბ.ა) სან. კვანძები – კერამიკული ფილები, შეკიდული ჭერი;
ა.ა.ბ.ბ) სამზარეულო – კერამიკული ფილები ლოკალურად ხელსაბანებთან;
ა.ა.ბ.გ) სხვა ოთახები – შეღებვა წყალემულსიის საღებავით;
ა.ა.გ) კარ-ფანჯრები:
ა.ა.გ.ა) ლითონ-პლასტმასის ფანჯრები მინა-პაკეტით, სამზარეულოებში სარკმელებით ბუნებრივი ვენტილაციისათვის;
ა.ა.გ.ბ) საცხოვრებელ ფართში შესასვლელი კარები – ლითონის;
ა.ა.გ.გ) საცხოვრებელი ფართის შიგნით ოთახებში შესასვლელი კარები – მდფ;
ა.ა.გ.დ) სან. კვანძებისა და აივნებზე გასასვლელი კარებები – ლითონ-პლასტმასის;
ა.ა.დ) სანტექნიკური მოწყობილობები:
ა.ა.დ.ა) სამზარეულო – სამრეცხაო ნიჟარა შემრევით;
ა.ა.დ.ბ) სან. კვანძები – აბაზანა ან შხაპის ქვესადგამი შხაპით, შემრევითა და სიფონით, უნიტაზი, ტრაპი, ხელსაბანი ნიჟარა შემრევით;
ა.ა.ე) ელ. ტექნიკური მასალები:
ა.ა.ე.ა) სხვადასხვა ტიპის პლაფონები (სანათი, ჩამოსაკიდი);
ა.ა.ე.ბ) ავტომატები, ამომრთველები და როზეტები – სამშენებლო ნორმების მიხედვით;
ა.ა.ვ) ვენტილაცია – გამწოვი ვენტილატორები სააბაზანოებსა და სამზარეულოებში;
ა.ა.ზ) ინდივიდუალური მრიცხველები – დამონტაჟებული უნდა იყოს წყლის, ბუნებრივი აირისა და ელ. ენერგიის გარე ქსელებთან მიერთებული ინდივიდუალური მრიცხველები;
ა.ბ) საცხოვრებელი ფართი შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მენაშენის საკუთრება, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ამონაწერით;
ა.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის დროისათვის, უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.დ) საცხოვრებელი ფართები უნდა იყოს:
ა.დ.ა) ერთოთახიანი – 30,0 – 40,0 მ2;
ა.დ.ბ) ოროთახიანი – 45,0 – 60,0 მ2;
ა.დ.გ) სამოთახიანი – 65,0 – 80,0 მ2;
ა.დ.დ) ოთხოთახიანი – 85,0 – 100,0 მ2;
(შენიშვნა: აივნების ფართი არ უნდა აღემატებოდეს საცხოვრებელი ფართის სასარგებლო ფართის 15%-ს.);
ა.ე) დაპროექტებული და/ან დაწყებული და/ან დამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე;
ბ) კონკურსში მონაწილეობისათვის მენაშენის მიერ უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ბ.ა) იურიდიული პირებისათვის:
ბ.ა.ა) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ბ.ა.ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ.ა.გ) უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;
ბ.ა.დ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;
ბ.ა.ე) ცნობა სასამართლოდან იურიდიული პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;
ბ.ა.ვ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ბ.ბ) ფიზიკური პირებისათვის:
ბ.ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ.ბ.ბ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ბ.ბ.გ) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა/ამონაწერი ფიზიკური პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;
ბ.ბ.დ) ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან ნასამართლობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნასამართლევი სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის და სამოხელეო დანაშაულებისათვის;
ბ.გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის:
ბ.გ.ა) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ბ.გ.ბ) ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;
ბ.გ.გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობის რეგისტრაციისა და მის რეორგანიზაციაზე/ლიკვიდაციაზე საქმის წარმოების არ მიმდინარეობის თაობაზე;
ბ.გ.დ) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა/ამონაწერი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;
ბ.გ.ე) ცნობა სასამართლოდან ამხანაგობის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;
გ) კონკურსში მონაწილეობისათვის მენაშენეების მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
გ.ა) მოქმედი მშენებლობის ნებართვის ასლი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, იმ ასაშენებელი ცალკეული საცხოვრებელი ფართების მითითებით, რომლის შესყიდვის დაპირების მისაღებადაც ხდება საკონკურსო წინადადების წარდგენა;
გ.ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD დისკზე);
გ.გ) მშენებლობის დასასრულებლად აუცილებელი, დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ სამუშაოთა შესრულების კონკრეტული ვადები. სამუშაოების ჩამონათვალი უნდა გაიწეროს მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით;
გ.დ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა გაჩერებული, მიმდინარე ან დასრულებული მშენებლობის კონსტრუქციული მდგრადობისა და მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის შესახებ, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები შესაძლებელია დაზუსტდეს კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ წესს.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
1. კონკურსის მიზანია ამ წესის გათვალისწინებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზურნველსაყოფად გამარჯვებული მენაშენის გამოვლენა და სააგენტოს მიერ გამოვლენილ მენაშენესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ან დაპირების გაცემა.
2. კონკურსის მომზადების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომელიც ფუნქციონირებს სააგენტოს ბაზაზე.
3. შესყიდვის მომენტისათვის საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს დასრულებულ მდგომარეობაში და შეესაბამებოდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის წარდგინებით, კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პირობებს, საკონკურსო წინადადებების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს განსაზღვრავს კომისია.
5. ყოველი კონკრეტული კონკურსის გამოცხადებისათვის კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს კონკურსში მონაწილეობის დამატებითი პირობები, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ წესის ძირითად მოთხოვნებს.
6. კონკურსი უნდა გამოცხადდეს სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდების (www.moh.gov.ge; www.ssa.gov.ge) საშუალებით, ასევე შესაძლებელია გამოცხადდეს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდისა (www.procurement.gov.ge) და ნებისმიერი სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
7. კონკურსის მონაწილეს საკონკურსო წინადადებ(ები)ა შეაქვს სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა), დალუქული კონვერტით, რის შესახებაც დოკუმენტბრუნვის აღრიცხვის სისტემაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და გადაეცემა კომისიის სამდივნოს.
8. კომისიის სხდომის ჩატარებამდე დალუქული კონვერტები ინახება კომისიის სამდივნოში. კონკურსის დასრულების ვადის შემდეგ, სამუშაო დღეს შესული ყველა საკონკურსო წინადადება გადაეცემა კომისიას, რომელიც ხსნის კონვერტებს და შეისწავლის, თუ რამდენად სრულყოფილად არის წარდგენილი თითოეული საკონკურსო წინადადება.
9. შესწავლის შედეგად, კომისია მიმართავს მენაშენეს – განსაზღვრულ ვადაში დააზუსტოს საკონკურსო წინადადება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). ამ ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მენაშენის საკონკურსო წინადადება ეთიშება კონკურსს. კომისია საკონკურსო წინადადებების განხილვის შედეგად განსაზღვრულ ვადაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. საკონკურსო წინადადებების განხილვის დეტალები აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
10. კომისია, გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს საკონკურსო წინადადების დაბალ ფასს.
11. კომისიის გადაწყვეტილება ცხადდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდების (www.moh.gov.ge; www.ssa.gov.ge) საშუალებით.
12. კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს სააგენტო.
მუხლი 6🔗.
საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პირობები და ფორმები
1. სააგენტო, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამარჯვებულ მენაშენეზე წერილობითი ფორმით გასცემს დაპირებას ან მასთან აფორმებს მომავალი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამთავრებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ შენობაში მენაშენის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართის სააგენტოს მიერ შესყიდვის ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაპირება გაიცემა მენაშენის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებულ ვადებში სამუშაოების დასრულების პირობით.
3. ამ წესის მიზნებისათვის, საცხოვრებელი ფართის ნივთობრივ და უფლებრივ ნაკლში არ ჩაითვლება კრედიტის გამცემი ფინანსური ინსტიტუტის იპოთეკის უფლება საცხოვრებელ ფართზე, თუკი მენაშენე წარადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ წერილობით გაცემულ თანხმობას, ნასყიდობის ღირებულების ფინანსური ინსტიტუტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, საცხოვრებელ ფართზე იპოთეკის მოხსნის შესახებ.
4. სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, მენაშენის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ნასყიდობის ღირებულების სრული ან ნაწილობრივი საავანსო ანაზღაურების საკითხის თაობაზე, მენაშენის მიერ შესაბამისი უპირობო, გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე, რომლის ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.
მუხლი 7🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც მოიცავს კომისიისა და კომისიის სამდივნოს წევრებს, ასეთი საქმიანობის დაწყებამდე, ვალდებულია, წერილობითი ფორმით განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ.
2. კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექმნება ინტერესთა კონფლიქტი კონკურსის მონაწილესთან, თუ მათ შორის, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, კონკურსის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე, აღმოაჩენს ინტერესთა კონფლიქტის არსებობას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარეს და ამ საკითხზე კომისის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თავი აარიდოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას.
მუხლი 8🔗.
დაფინანსების წყაროები
1. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის საამისოდ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, შესაძლებელია, დაფინანსდეს ადგილობრივი, საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციების მიერ.
მუხლი 9🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 10🔗.
კომისიის საქმიანობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება ეთხოვოთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, აგრეთვე ექსპერტ(ებ)ს ან/და სპეციალისტ(ებ)ს.
2. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის სხდომები შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის სხდომისათვის განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, რომელიც ვალდებულია, კომისიის სხდომაზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის წარადგინოს ამ წესით გათვალისწინებული, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხი და დოკუმენტაცია.
6. კომისიის სამდივნოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. კომისის სამდივნოს ჰყავს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს სამდივნოს საქმიანობას.
7. კომისიის სამდივნოს უფროსის დავალებით, კომისიის სხდომის მდივნის ფუნქციას ასრულებს სამდივნოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა აღრიცხვას;
ბ) ამზადებს კომისიის სხდომის ოქმ(ებ)ს;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც სამდივნოს უფროსი შესათანხმებლად წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს;
დ) კომისიის სხდომის დღის წესრიგს გადასცემს კომისიის წევრებს და აცნობებს მათ კომისიის სხდომის ჩატარების დროს სხდომამდე 1 დღით ადრე მაინც;
ე) განსახილველ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით, კომისიის წევრების პოზიციას აფიქსირებს კომისიის სხდომის ოქმში.
8. ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მე-5 მუხლის საფუძველზე, კომისია სააგენტოსათვის ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გათვალისწინებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მენაშენის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ შესაბამისი დაპირების გაცემის თაობაზე;
ბ) მენაშენის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ შესაბამისი მომავალი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე;
გ) მენაშენის საკონკურსო წინადადებაზე უარის თქმის თაობაზე;
დ) ნასყიდობის ღირებულების სრული ან ნაწილობრივი საავანსო ანაზღაურების თაობაზე, რაც აისახება გაფორმებულ ან გასაფორმებელ მომავალი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში;
ე) საკითხის დამატებითი შესწავლისა და მომზადებისათვის გადადების თაობაზე.
9. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
10. კომისიის მიერ განხილული თითოეული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
11. კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, კომისიის სამდივნოს უფროსი და კომისიის სხდომის მდივანი.
12. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას უზრუნველყოფს სააგენტო.
13. კომისიის მუშაობის სხვა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეიტლებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.