საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2018 ძალადაკარგული 10.10.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№542
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.020858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №542

2018 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მუხლი 1

1. განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო) რეორგანიზაცია და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით (მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე) მისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

2. სააგენტოს:

ა) ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი);

ბ) დებულების დამტკიცება და სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს  სამინისტრომ.

3. სააგენტო ჩაითვალოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

4. სააგენტო წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით განსახორციელებელი კომპეტენციით აღიჭურვოს და შესაბამისი უფლებამოსილებები განახორციელოს 2019 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

1. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია.

2. სააგენტოს ხელმძღვანელმა (გარდამავალ პერიოდში − არაუგვიანეს 2019 წლის 1 თებერვლისა), საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით მომუშავე შესაბამის თანამშრომელთა (შტატით ან შტატგარეშე)  უკონკურსოდ გადაყვანა (დანიშვნა) სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე.

3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 35 01 02).

4. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მთავრობის/სამინისტროს/სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს სააგენტოს.

5.  ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ისარგებლოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).

6. სამინისტრომ უზრუნველყოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, ამ მიზნით:

ა) დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შექმნას სარეორგანიზაციო კომისია (შემდგომში − კომისია), განსაზღვროს მისი მიზნები, ფუნქციები და ამოცანები.  კომისიამ უზრუნველყოს  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით, სააგენტოსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა სააგენტოსთვის გადასაცემად, აგრეთვე საკადრო რესურსის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან სააგენტოში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს მინისტრი;

ბ) 2019 წლის 1 თებერვლამდე:

ბ.ა) უზრუნველყოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ბ.ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე