დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №259/04
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016357
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№259/04
2018 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 523 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს:
ა) მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს საპენსიო სააგენტოსათვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის მსურველი;
ბ) ფინანსური ინსტიტუტისათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სტატუსის მინიჭების (შემდგომში: ავტორიზაცია)/აღიარების და ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების პირობებს;
გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებსა და მოვალეობებს; ასევე მის მიერ პერიოდული და მიმდინარე ანგარიშგებების წარდგენის წესს.
2. პირისათვის დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ავტორიზაციასა და ამ ავტორიზაციიდან გამომდინარე უფლებამოსილების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაგროვებითი საპენსიო სქემა – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო სქემა;
ბ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე (მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო შენატანს ან/და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანი საპენსიო სააგენტოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
გ) საპენსიო სააგენტო – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის;
დ) აქტივების მმართველი კომპანია (აქტივების მმართველი) – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია;
ე) სპეციალიზებული დეპოზიტარი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარი;
ვ) განვითარებული ქვეყანა – „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა;
ზ) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
მოთხოვნები სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე
1. საპენსიო სააგენტოსათვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლება აქვს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც, მისთვის მინიჭებული ლიცენზიის ფარგლებში, შეუძლია განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა, აგრეთვე განვითარებული ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულ და ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის საფუძველზე აღიარებულ სპეციალიზებულ დეპოზიტარს.
2. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი საპენსიო სააგენტოსათვის დეპოზიტარული მომსახურების გასაწევად დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საკუთარი კაპიტალი, რომელიც გაანგარიშებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 (ხუთ) მილიონ ლარს;
ბ) უკანასკნელი სამი საანგარიშო წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტს ერთი საანგარიშო პერიოდი (წელი) მაინც დასრულებული უნდა ჰქონდეს მოგებით;
გ) ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე შესაბამისი საინფორმაციო სისტემები, რათა უზრუნველყოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
დ) ფინანსური ინსტიტუტი ან მისი მმართველი ორგანოს წევრები არ უნდა წარმოადგენდნენ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებულ პირებს;
ე) ფინანსურ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს გამართული კორპორაციული მართვის სისტემა, მათ შორის, უნდა ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრების ორი მესამედი, მაგრამ არანაკლებ 2 წევრისა, უნდა წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ წევრებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საპენსიო სააგენტოსთან დეპოზიტარული ხელშეკრულების გაფორმებამდე, უნდა მოიპოვოს ეროვნული ბანკისგან ავტორიზაცია. ამ მიზნით, ავტორიზაციის მაძიებელი ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) განაცხადი სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;
ბ) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი შენიშვნები უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული);
გ) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მომზადებული ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა, პოლიტიკა და პროცედურები, მათ დამტკიცებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების მითითებით; აგრეთვე, იმ გზების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება აღნიშნული პოლიტიკისა და პროცედურების იმპლემენტაცია და მონიტორინგი;
დ) სტრატეგია და ბიზნესგეგმა, თუ როგორ უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტი სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებას; აღნიშნული გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს ფინანსურ გეგმასა და ბიუჯეტს მომდევნო სამი წლისთვის;
ე) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ფინანსურ ინსტიტუტს ჰყავს შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) ამ წესის მე-7 მუხლის მიხედვით განსაზღვრული საინფორმაციო საშუალებების, სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მახასიათებლების აღწერა, რომლებიც უზრუნველყოფს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას;
ზ) ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ, ავტორიზაციის მინიჭების მომენტში, ფინანსური ინსტიტუტი უზრუნველყოფს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საპენსიო სააგენტოსთან დეპოზიტარული ხელშეკრულების გაფორმებამდე, უნდა მოიპოვოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი აღიარება. ამ პუნქტის მიზნებისათვის, აღიარების მოსაპოვებლად უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების – Standard & Poors (S&P), Moody’s ან Fitch-ის მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი, რომელიც უნდა აღემატებოდეს „A-“-ს ან მის ეკვივალენტურ რეიტინგს.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ავტორიზაციის/აღიარების მსურველ ფინანსურ ინსტიტუტს, წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა, დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, აგრეთვე განუსაზღვროს მათი წარმოდგენის ფორმა და ვადა.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ავტორიზაციის/აღიარების მსურველის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაადგინოს ხარვეზი და განსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა, ფორმა და პროცედურა.
მუხლი 4🔗.
სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაცია და მასზე უარის თქმა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების მსურველს უარი უთხრას ავტორიზაციის მინიჭებაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) წარდგენილი წერილობითი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არის არასრული, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ან/და ავტორიზაციის მაძიებლის მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში;
ბ) ავტორიზაციის მაძიებელს არ გააჩნია შესაბამისი რესურსები ან/და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის უწყვეტობა და დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
გ) ავტორიზაციის მაძიებელი და აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე ავტორიზაციის მაძიებელი და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან ავტორიზაციის მაძიებელი და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს რომელიმე წევრი ერთმანეთთან აფილირებულ პირებს წარმოადგენენ; აგრეთვე არსებობს სხვა სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი ავტორიზაციის მაძიებელსა და აქტივების მმართველ კომპანიას ან ავტორიზაციის მაძიებელსა და საპენსიო სააგენტოს შორის, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ეროვნული ბანკის მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას;
დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაციის მიღების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას ავტორიზაციის მაძიებლის არსებულ საქმიანობას ან ვეღარ შეასრულოს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში მასზე დაკისრებული ვალდებულებები;
ე) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების მსურველისათვის ავტორიზაციის მინიჭებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებს ან ფინანსური სისტემის სტაბილურობას.
2. ეროვნული ბანკი ავტორიზაციის მინიჭების ან უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან 30 დღის ვადაში. უარის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია ავტორიზაციის მაძიებელს წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 5🔗.
სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაციის გაუქმება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს ფინანსური ინსტიტუტისათვის ამ წესის შესაბამისად მინიჭებული ავტორიზაცია/აღიარება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სპეციალიზებული დეპოზიტარი ვეღარ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს, გაუუქმდა ლიცენზია ან დაიწყო მისი სალიკვიდაციო პროცესი;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარი მიმართავს ეროვნულ ბანკს ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების მოთხოვნით;
გ) ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ ავტორიზაციის/აღიარების მინიჭების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია იყო არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი;
დ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები ან ვეღარ ასრულებს საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
ე) სპეციალიზებული დეპოზიტარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა ავტორიზაციის/აღიარების მინიჭება;
ვ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა საფრთხეს უქმნის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებს ან/და მისი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ავტორიზაციის/აღიარების გაუქმება წარმოადგენს საპენსიო სააგენტოსთან დადებული დეპოზიტარული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ავტორიზაციის/აღიარების გაუქმებამდე ეროვნული ბანკი უნდა დარწმუნდეს, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულია ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან/და არსებობს სხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც გადაეცემა საპენსიო აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ორგანიზაციული მოთხოვნები
1. სპეციალიზებული დეპოზიტარის ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები, მისი ფინანსური მდგომარეობა, თანამშრომლების კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი უნდა იყოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და საპენსიო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.
2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს:
ა) ადეკვატური და მისი ზომის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლითაც ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები ფინანსური ინსტიტუტის სხვა ფუნქციებისგან, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მისი სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობები და რომლის მეშვეობითაც სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; აგრეთვე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული თანამშრომლების ცოდნასა და კომპეტენციაზე დამოკიდებულების ხარისხის მაქსიმალურად შემცირებას;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე თანამშრომლები;
გ) მის საქმიანობასთან დაკავშირებული არსებული ან/და პოტენციური საოპერაციო თუ სხვა სახის რისკების იდენტიფიკაციის, მართვისა და მიტიგაციის პოლიტიკა და პროცედურები;
დ) ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, შესაბამისი ადმინისტრაციული და აღრიცხვის პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს მისი საქმიანობის განხორციელებისას აღმოჩენილი ხარვეზებისა და სხვადასხვა ინციდენტების აღრიცხვის პროცედურასაც;
ე) ინფორმაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის, დაცვისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმები;
ვ) სამოქმედო გეგმა ფორსმაჟორული და გაუთვალისწინებელი მოვლენების დადგომის შემთხვევაში, ისე რომ უზრუნველყოს ძირითადი ოპერაციების და სერვისების უწყვეტად მიწოდება (ან ბიზნესუწყვეტობა).
3. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს მისი მმართველი ორგანოსა და თანამშრომლების, ასევე მათთან დაკავშირებული პირების პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს ამ პირების ჩართულობას იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელთან დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი ჯგუფის წევრია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მართვის პროცედურებსაც.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საქმიანობის ყოველ ეტაპზე განახორციელოს მის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების განახლება და შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 7🔗.
მოთხოვნები საინფორმაციო სისტემების მიმართ
1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს საინფორმაციო სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლითაც უზრუნველყოფს მის მიმართ არსებული საოპერაციო მოთხოვნების შესრულებასა და საოპერაციო რისკების შემცირებას.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარის საინფორმაციო სისტემები:
ა) უნდა იყოს მოქნილი და საკმარისი სიმძლავრის იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბიზნესისუწყვეტობის პრინციპის დაცვა;
ბ) უნდა შეეძლოს გამართულად ფუნქციონირება ბაზარზე შექმნილი სტრესული მდგომარეობის შემთხვევაში, კერძოდ, იძლეოდეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობისა და მოცულობის დავალებების შესრულების საშუალებას; აგრეთვე, უნდა უზრუნველყოფდეს საპენსიო აქტივების სხვა დეპოზიტართან სწრაფად გადატანის შესაძლებლობას;
გ) უნდა უზრუნველყოფდეს სისტემაში მოხვედრილი ინფორმაციის დაცვის მექანიზმებს;
დ) გააჩნდეს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმი;
3. სპეციალიზებული დეპოზიტარის საინფორმაციო სისტემების პერიოდული ტესტირება უნდა ხდებოდეს ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗.
ჩანაწერების წარმოება
1. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა აწარმოოს და დროულად განაახლოს ყველა დოკუმენტაცია და ჩანაწერი, რომლებიც უკავშირდება მის საქმიანობას, კერძოდ:
ა) ყველა მიღებულ ინსტრუქციასა და დავალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია როგორც მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით;
ბ) დეტალური ინფორმაცია ყველა განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით როგორც მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით;
გ) ინფორმაცია და დოკუმენტაცია იმ საკანონმდებლო თუ სხვა დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც აღმოჩენილ იქნა მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების პროცესში;
დ) ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასა და მოვალეობებთან და რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, მისი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად.
2. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს ჩანაწერების იმგვარად წარმოება და შენახვა, რომ დაცული იყოს ჩანაწერების სისწორე და სისრულე.
3. ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.
4. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით;
5. სპეციალიზებული დეპოზიტარის დოკუმენტაცია, ჩანაწერები და ტრანზაქციების მონაცემები დროულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗.
სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ წარსადგენი ანგარიშგებები
1. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა მოამზადოს და საპენსიო სააგენტოსა და აქტივების მმართველ კომპანიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველის დავალებით განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიში;
ბ) ამონაწერი დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების რეესტრიდან, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დღის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემის არსებული აქტივები.
2. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, თუ აღმოაჩენს, რომ საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლის ან სხვა საქმიანობის პროცესში ხდება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა ან მათი გადაწყვეტილებები არ შეესაბამება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას, აგრეთვე ყველა სხვა დარღვევის შესახებ, რომლებსაც აღმოაჩენს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესში.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მოამზადოს, ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს და გამოაქვეყნოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, საანგარიშგებო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ზემოაღნიშნული ფინანსური ანგარიშგება დადასტურებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ამასთან, წლიურ აუდიტირებულ ანგარიშგებას თანდართული უნდა ჰქონდეს იმავე აუდიტორის მიერ მომზადებული მმართველობის ანგარიშგება.
4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 7 კალენდარული დღისა, იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი (10%-ზე მეტი) ან თანამშრომელი გახდება სხვა სპეციალიზებული დეპოზიტარის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან თანამშრომელი;
ბ) მისი რომელიმე თანამშრომელი გახდა საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის თანამშრომელი;
გ) მისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა ჩამოვიდა ამ წესით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნაზე დაბლა. აღნიშნულ შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული და/ან მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მიმდინარე ანგარიში (შეტყობინება) ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამდე სულ მცირე 20 კალენდარული დღით ადრე, თუკი იგი:
ა) გადაწყვეტს რეორგანიზაციას. აღნიშნულ შემთხვევაში სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ეხება რეორგანიზაცია და რა არის მისი განხორციელების მიზეზი;
ბ) გადაწყვეტს მმართველი ორგანოს წევრის შეცვლას;
გ) გადაწყვეტს განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციების ნაწილის დელეგირება მესამე მხარეზე;
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ცვლილების განხორციელებამდე უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა არ გასცეს თანხმობა ცვლილებაზე, თუკი აღნიშნული ცვლილება ხელს შეუშლის სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას ან მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას; აგრეთვე, თუ აღნიშნული ცვლილება საფრთხეს შეუქმნის საპენსიო სქემის აქტივებს.
7. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ამ მუხლში ჩამოთვლილი ანგარიშგებები (შეტყობინებები) და ანგარიშები უნდა წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს Excel-ის და PDF-ის ფორმატში.
8. განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენად ჩაეთვლება აუდიტირებული ანგარიშგების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება; ამასთან, განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულ სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ ევალება ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებების ეროვნულ ბანკში წარმოდგენა.
მუხლი 10🔗.
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და მოვალეობები
1. დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; იგი უნდა მოქმედებდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე და მისი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს პატიოსნების, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა:
ა) უნდა უზრუნველყოს საპენსიო სქემის აქტივების (ფულადი სახსრები, დეპოზიტები და სხვა აქტივები) მიღება, შენახვა და მათი რეესტრის წარმოება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უნდა უზრუნველყოს საპენსიო სააგენტოს მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების აღრიცხვის შესაბამისობის მონიტორინგი საქართველოს კანონმდებლობასა და დაგროვებითი საპენსიო სქემის წესებთან;
გ) უნდა უზრუნველყოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო სააგენტოს მიერ მიცემული ინსტრუქციების შესრულება, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) უნდა უზრუნველყოს, რომ აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო სააგენტოს მიერ აქტივების შეძენა და განკარგვა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას;
ე) უნდა უზრუნველყოს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივებზე ტრანზაქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება განხორციელდეს დროულად;
ვ) უნდა უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ზ) აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო სააგენტოს რეგულარულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საპენსიო აქტივებისა და მათთან დაკავშირებით შესაბამისი კორპორატიული ქმედებების განხორციელების შესახებ.
3. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა საპენსიო აქტივები უნდა შეინახოს როგორც საკუთარი, ასევე სხვა მესამე პირის აქტივებისგან განცალკევებით და მოახდინოს მათი განკარგვა მხოლოდ საპენსიო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებისა და აქტივების მმართველისგან/საპენსიო სააგენტოსგან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად.
4. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა პერიოდულად უნდა განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიისა და საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო სააგენტოს წესებით/პოლიტიკით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით.
5. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს, რომ საპენსიო აქტივები სწორად იყოს რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელზე და არ მოხდეს ამ აქტივების გასხვისება ან გადაცემა სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩართულობის გარეშე; აგრეთვე, მან მუდმივად უნდა ამოწმოს საპენსიო სააგენტოსა და აქტივების მმართველი კომპანიის არსებულ ჩანაწერებსა და საკუთარ ჩანაწერებს შორის შესაბამისობა.
6. სპეციალიზებულ დეპოზიტარს აქვს უფლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის დელეგირება მოახდინოს მესამე პირზე, ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით. ამასთან, მესამე პირის მიერ ნებისმიერი შემდგომი დელეგირება მოითხოვს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას. დელეგირებული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაკარგზე, დარღვევაზე ან უზუსტობაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სპეციალიზებულ დეპოზიტარს.
7. საპენსიო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ჰქონდეს წვდომა დაგროვებითი საპენსიო სქემის ყველა ჩანაწერსა და დოკუმენტაციაზე, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
მუხლი 11🔗.
ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საპენსიო სააგენტოსთან გასაფორმებელი დეპოზიტარული ხელშეკრულების პირობები წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო სააგენტოს უფლებებსა და მოვალეობებს;
ბ) პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც მოხდება სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და ამ ვალდებულებათა შესრულების ვადებს;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;
დ) სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო სააგენტოს შორის ინფორმაციის მიმოცვლის გზებისა და პროცედურების აღწერას;
ე) ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას.
3. დეპოზიტარული ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის შესაძლოა შეწყდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ხელშეკრულების შეწყვეტის მსურველმა მხარემ, აღნიშნულის შესახებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს; აღნიშნული შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების აღწერასთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ეროვნულ ბანკსა და საპენსიო სააგენტოს.
4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება საპენსიო სააგენტოს მიერ ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევამდე და მასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ, დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.
მუხლი 12🔗.
სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობა
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხისმგებელია საპენსიო სქემის მონაწილეების დანაკარგებზე, რომლებიც გამოწვეულია მასზე დაკისრებული დეპოზიტარის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო.
2. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს მასთან შენახული საპენსიო სქემის აქტივების დაცვა დაკარგვისგან; აქტივის დაკარგვის შემთხვევაში იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ ჩაანაცვლოს აღნიშნული აქტივი იდენტური აქტივით ან აანაზღაუროს დაკარგული აქტივის სრული საბაზრო ღირებულება.