„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3547
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 14/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 8 ივლისის №1895-რს დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №84, 18.07.2005, მუხ. 940) 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2. სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება

სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველო ავითარებს შეიარაღებულ ძალებს, აძლიერებს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმებს, თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად და აყალიბებს კრიზისების მართვის მექანიზმებს.

სახელმწიფოს მიმართ ნებისმიერი სახის გარე აგრესიის განხორციელების შემთხვევაში საქართველო იხელმძღვანელებს ტოტალური და უპირობო თავდაცვის პრინციპით.

ამ მიზნით სახელმწიფო ქმნის სავალდებულო სარეზერვო სამსახურის და ეფექტიან სამობილიზაციო სისტემას, უზრუნველყოფს ამ სისტემისთვის აუცილებე ლ შეიარაღებასა და აღჭურვილობას, ავითარებს მისი მართვისა და კონტროლის მექანიზმებს.

გარე აგრესიის დაწყებიდან საქართველოსთვის შექმნილი საფრთხის სრულ ნეიტრალიზაციამდე ყველა სახელმწიფო უწყება საკუთარ საქმიანობას წარმართავს ტოტალური და უპირობო თავდაცვის მიზნების შესაბამისად.

ტოტალური და უპირობო თავდაცვის დოქტრინას შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველო ახორციელებს თავდაცვის ფართომასშტაბიან რეფორმას, რის შედეგადაც იქმნება ჩრდი-ლოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი, გაზრდილი შესაძლებლობების მქონე, თანამედროვე, ეფექტიანი და მდგრადი შეიარაღებული ძალები, რომელთაც ძალა შესწევთ დაძლიონ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხეები; საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ და მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობა, ასევე სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს რეფორმა ითვალისწინებს არა მარტო სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ შეიარაღების, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და შესაძლო ამოცანებზე მორგებული შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ოპტიმიზაციას. შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის გზაზე საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობარი ქვეყნების დახმარებას და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელებას და მდგრადობას საფუძვლად უდევს NATO-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და მიმდინარე თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა.

შეიარაღებულ ძალებზე ეფექტიანი დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის დაწესება თავდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაიქმნა სამოქალაქო უწყებად, რომელსაც სამოქალაქო მინისტრი ხელმძღვანელობს; მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს შორის ფუნქციების გამიჯვნა. თავდაცვის სისტემის ანგარიშვალდებულება გარანტირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკას, ამტკიცებს თავდაცვის ბიუჯეტს, აკონტროლებს თავდაცვის ხარჯებს, იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში და აკონტროლებს მათ შესრულებას.

 მრავალეროვნულ ანტიტერორისტულ, სამშვიდობო, სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო მდიდარ გამოცდილებას იღებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამით მას თავისი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მსოფლიოს ანტიტერორისტული კოალიციის წევრ საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ამჟამად კი სამშვიდობო მისიით იმყოფებიან კოსოვოსა და ერაყში.

საქართველო ქმნის კრიზისების მართვის სისტემას, რომელიც შეძლებს თავიდან აიცილოს და უპასუხოს კრიზისებს, დროულად და ეფექტიანად მოაგვაროს პოსტკრიზისული სიტუაციები და უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მყისიერი მიღება და იმპლემენტაცია. კრიზისების მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მოქმედება, ასევე კრიზისების მოგვარების პროცესში ჩართული სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული ინსტიტუტების ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ზუსტი განსაზღვრა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან იქმნება კრიზისების მართვის ცენტრალიზებული და ერთიანი სისტემა.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე               ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 7 სექტემბერი.

№3547-რს