შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულებისა და კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის №2/36717-16
330210316001627552
განჩინება
საქართველოს სახელით
2018 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე
განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. შპს „კომპანის ბლექ სი გრუპ”
(ს/კ 204477734 – დირექტორი ამირან მამუჭაძე)
2. შპს „ღვინის ქარხანა № 1”
(ს/კ 404401544 - დირექტორი – არჩილ ივარდავა)
მოვალე – შპს ,,ბლექ სი სატი” (ს/კ 417875115)
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
დავის საგანი – განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 1 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს „კომპანის ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა №1”-ის დირექტორმა არჩილ ივარდავამ და მოითხოვეს შპს „ბლექ სი სატის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
2017 წლის 2 მაისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ: კახა ჭკუასელი, ნიკოლოზ ცქიმანაური და ანეტა ხურციძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 17 მაისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,ბლექ სი სატის” გაკოტრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით შპს ,,ბლექ სი სატის ” მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს ,,ბლექ სი სატის” გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში (ტომი 3, ს.ფ. 157-159). ამავე მომართვით, გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს ,,ბლექ სი სატის ” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.
გაკოტრების მმართველი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 29 ოქტომბრის შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2018 წლის 21 ნოემბერს, 17:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს ,,ბლექ სი სატის” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა, თუმცა, 2018 წლის 21 ნოემბერს, 17:00 საათზე გახსნილი კრება გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო და შედგა 2018 წლის 12 დეკემბერს, 15:00 საათზე, რომელზეც გაკოტრების მმართველის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, თამთა მაჭარაშვილმა წარმოადგინა შპს ,,ბლექ სი სატის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად:
კომპანიას ბალანსზე ერიცხება რესივერები, რომლებიც გადაცემულია დროებით სარგებლობაში 8700 აბონენტზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული რესივერები არის კოდირებული და გამოიყენებოდა მხოლოდ ,,ბლექ სი სატის” პაკეტისათვის და მოვალის განცხადებით, შეუძლებელია მისი რეალიზება.
ორგანიზაციას გააჩნია დებიტორული მოთხოვნა 10 ორგანიზაციის მიმართ, ჯამში – 211457.6 (ორას თერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ექვსი თეთრი) ლარის ოდენობით. დებიტორებს გაეგზავნათ წერილები დავალიანების ჩარიცხვის მოთხოვნით.
2017 წლის 16 იანვარს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადმორიცხა დავალიანების თანხა 1464,52 ლარი (ტ.3, ს.ფ. 160).
სხვა დებიტორი ორგანიზაციები ზეპირი საუბრებით არ აღიარებენ დავალიანების არსებობას და ითხოვენ კომპანიისგან დავალიანების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას.
2017 წლის1 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბლექ სი სატის” დირექტორის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის დებიტორული დავალიანებების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია (ტ.3, ს.ფ. 161). ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კრედიტორებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
ასევე, კომპანიას სს ,,საქართველოს ბანკის” ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა 14210.84 (თოთხმეტი ათას ორას ათი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით (ტ.3, ს.ფ. 162). აღნიშნული თანხა არის გადმოსარიცხი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს ” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის შესაბამის ანგარიშზე, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება თანხის გადმორიცხვა, რადგან სს ,,საქართველოს ბანკის ” განცხადებით, ანგარიშზე ვრცელდება სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს ” ყადაღა, შესაბამასად, როგორც კი მოხდება საქმის დასრულება და გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, მოხდება შეზღუდვების გაუქმება აღმასრულებლის მიერ, რის შემდგომაც გაკოტრების მმართველი შეძლებს თანხის გადმორიცხვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ შპს ,,ბლექ სი სატიდან” ამოღებული გასანაწილებელი თანხა შეადგენს 15 675.36 (თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტ ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე, მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
,,ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:
ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;"
,,ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორიცელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე".
შესაბამისად, სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბიუროს მოთხოვნა შეადგენს შემდეგს:
- მეურვის ფუნქციის განხორციელებიდან – 5000 (ხუთი ათასი) ლარს;
- გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებიდან – 5000 (ხუთი ათასი) ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბლექ სი სატიდან“ ამონაგები თანხა – 15675.36 (თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტ ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარიდან 10 000 (ათი ათასი) ლარი უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე (15675-10000=5675.36).
მომდევნო რიგის მოთხოვნას წარმოადგენს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-4 რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნა, 1 005 815.75 (ერთი მილიონ ხუთი ათას რვაას თხუთმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.
შესაბამისად, შპს ,,ბლექ სი სატიდან ” ამონაგები ქონების თანხის ნაშთი, 5675.36 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი უნდა გადაერიცხოს მეოთხე რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორს – სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეალიზებულია შპს ,,ბლექ სი სატის” სამეურვეო ქონება და ამონაგები თანხა განაწილებულია წინამდებარე ანგარიშის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მოვალის რეგისტრაციის გაუქმებას სამეწარმეო რეესტრში და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებულად გამოცხადებას.
სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ბლექ სი სატის ” გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ბლექ სი სატის" მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ბლექ სი სატის ” სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონების რეალიზაციით შემოსული თანხა განაწილებულია, მოვალის სხვა რაიმე ქონება ვერ იქნა მოძიებული და გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,ბლექ სი სატის ” გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს ,,ბლექ სი სატის ” (ს/კ 417875115, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, თერგის ქ. N9) გაკოტრების საქმის წარმო ება და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,ბლექ სი სატის ” რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა);
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე