შპს „ასტორია 1“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/37399-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210318002787280

 №2/37399-18 (№1706-19)

  თბილისის საქალაქო სასამართლოს

 განჩინება

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, მოვალის გაკოტრებულად

გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2019 წლის   6 თებერვალი 

ქ. თბილისი

 

 სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლევან მიქაბერიძე

განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – შალვა კოპალეიშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

განცხადებელი (მოვალე) – შპს ,,ასტორია 1’

წარმომადგენელი – მეგი სარიშვილი

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების და შპს ,,ასტორია 1’’-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გამოარკვია:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ასტორია 1’’-ის წარმომადგენელმა მეგი სარიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

2. სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ასტორია 1’’-ს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, რადგან განცხადების საფუძველზე დადგინდა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ.

3. 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2019 წლის 3 იანვარს. ამასთან, განჩინება გაეგზავნა განმცხადებლის მიერ მითითებულ ერთადერთ კრედიტორს (თავისუფალი ზონის კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობით) ,,Uninvest''-ს.

4. 2019 წლის 1 თებერვალს შპს ,,ასტორია-1''-ის წარმომადგენელმა მეგი სარიშვილმა წარმოადგინა თავისუფალი ზონის კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობით ,,Uninvest''-ის პარტნიორის (აქციონერის) და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის კონსტანტინ იურის ძე ობუხოვის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ კრედიტორი არ აპირებს შპს ,,ასტორია-1''-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარდგენას სასამართლოში და თანახმაა მოვალე გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

5. 2019 წლის 1 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შალვა კოპალეიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ასტორია 1’’-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

5.1. წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს მიერ მოხდა შპს ,,ასტორია 1’’-ის მიერ არახანდაზმულ პერიოდში, განხორციელებული საქმიანობის შესწავლა (რისკების გადატარება), რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ საწარმოს 2016 – 2019 წლებში განხორციელებული საქმიანობა, სავარაუდოდ, შეიცვას საგადასახადო რისკებს. შესაბამისად, 2019 წლის 30 იანვრის N1690 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ასტორია 1’’-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, შესამოწმებელ პერიოდად კი განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქონების გარიდებას. შპს ,,ასტორია 1’’-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის წინასწარი შესწავლის საფუძველზე განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დანიშნული საგადასახადო შემოწმება გახდება გადასახადის გადამხდელის ვალის წარმოშობის საფუძველი და სსიპ – შემოსავლების სამსახურს მიენიჭება კრედიტორის სტატუსი.

5.2. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ასტორია 1’’-ს პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანება არ ფიქსირდება, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ გადამხდელის მიერ არახანდაზმულ პერიოდში - ეკონომიკური საქმიანობა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, რაც უპირობოდ წარმოშობს ბიუჯეტის წინაშე შესასრულებელ ვალდებულებას.

5.3. სსიპ – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს ,,ასტორია 1’’-ის მიერ 2018 წლის 20 მარტს წარდგენილია 2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვით ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებაა 6 780,05 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შექმნილია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მდგომარეობა, როდესაც პირი არის გადახდისუუნარო, თუმცა გააჩნია ქონება, რაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია.

6. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებებს, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე და შპს ,,ასტორია 1’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონზე და მის მიზანზე, რომელიც განკუთვნილია როგორც კრედიტორების, ისე მოვალეებისათვის და რომლის მეშვეობითაც ხდება მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს კიდეც კანონის პირველი მუხლის ფორმულირებიდან, რომლის მიხედვით, კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

6.2. იმავე კანონის მე-14 მუხლი ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანაზე უფლებამოსილი პირებს. კერძოდ, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა; გ) კრედიტორს, თუ იგი მოვალის მიმართ წარადგენს კანონიერ ძალაში შესულ სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ გამოტანილ არანაკლებ 2 სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მიქცეულია იძულების წესით აღსასრულებლად და საერთო თანხა აღემატება 50 000 ლარს; დ) კრედიტორს (კრედიტორებს), რომლის (რომელთა) მოთხოვნაც ბოლო ფინანსური ანგარიშგების მიხედვით აღემატება მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნათა საერთო რაოდენობის 30%-ს და მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა; ე) 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს; ვ) არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სასამართლომ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრედიტორის (კრედიტორების) გარდა, სხვა კრედიტორის (კრედიტორების) განცხადების საფუძველზედაც, თუ ეს კრედიტორი (კრედიტორები) წარადგენს (წარადგენენ) არგუმენტირებულ განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოვალეს უნდა მიეცეს ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად.

6.3. საგულისხმოა ის გარემოაბაც, რომ კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად,

ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან [როდესაც სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება] 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. კანონის მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) ,,ი'' პუნქტის თანახმად, კრედიტორია – პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა). მოთხოვნა კი, იმავე მუხლის ,,გ'' პუნქტით განმარტებულია, ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს.

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ასტორია 1’’-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება. ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ასტორია 1’’-ს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, რადგან განცხადების საფუძველზე დადგინდა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ.

6.5. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შპს ,,ასტორია 1''-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით (კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე), მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც განცხადებით მომართვის დროისათვის მოვალის მიმართ საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა არ გააჩნია. კერძოდ, განმცხადებლის განმარტებიდან ირკვევა, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს მიერ მოხდა შპს ,,ასტორია 1’’-ის მიერ არახანდაზმულ პერიოდში, განხორციელებული საქმიანობის შესწავლა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ საწარმოს 2016 – 2019 წლებში განხორციელებული საქმიანობა, სავარაუდოდ, შეიცვას საგადასახადო რისკებს. შესაბამისად, 2019 წლის 30 იანვრის N1690 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ასტორია 1’’-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, შესამოწმებელ პერიოდად კი განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქონების გარიდებას. შპს ,,ასტორია 1’’-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის წინასწარი შესწავლის საფუძველზე განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დანიშნული საგადასახადო შემოწმება გახდება გადასახადის გადამხდელის ვალის წარმოშობის საფუძველი და სსიპ – შემოსავლების სამსახურს მიენიჭება კრედიტორის სტატუსი. ამდენად, ცალსახაა, რომ განცხადებით სასამართლოსათვის მომართვის დროისათვის განმცხადებელს მოვალის მიმართ საფუძვლიანი მოთხოვნა არ გააჩნია. კრეტიტორის სტატუსის არსებობას განმცხადებელი უკავშირებს სამომავლო პერიოდს და ვარაუდს, რომელმაც შესაძლოა წარმოუშვას მას გარკვეული სახის და ოდენობის მოთხოვნა მოვალის მიმართ (თუმცა ეს მოთხოვნა შეიძლება არც წარმოიშვას). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ვარაუდი და არა მტკიცებითი ხასიათის პოზიცია, რომელიც ცალსახად იძლევა კონკრეტული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას ფინანსური ვალდებულების არსებობის შესახებ. გარდა ამისა, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გარკვეული სახის გარემოებების დადგენის მიზნით აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და სავალდებულო პროცედურების დაცვა (გავლა), რაც ბუნებრივად და ობიექტურად მოითხოვს გარკვეულ დროს, რაც ამ შემთხვევაში კონკრეტული კალენდარული თარიღის განსაზღვრით - პროგნოზირებადი არ არის. ამიტომ, განმცხადებლის პოზიცია არ მოდის შესაბამისობაში ,,გადახდისუუნარობის შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და ამ კანონით განსაზღვრულ ვადებთან. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის პოზიცია და განცხადებაში მითითებული გარემოებები არ იძლევა განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველს. ანუ, განცხადების წარმოდგენის დროისთვის სსიპ – შემოსავლების სამსახური არ წამოდგენს კრედიტორს სპეციალური კანონის მე-3 მუხლის ,,ი'' ქვეპუნქტის შესაბამისად, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

6.6. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სხვა კრედიტორს (კრედიტორებს) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავთ სასამართლოსათვის. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ 2019 წლის 1 თებერვალს შპს ,,ასტორია-1''-ის წარმომადგენელმა მეგი სარიშვილმა წარმოადგინა თავისუფალი ზონის კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობით ,,Uninvest''-ის პარტნიორის (აქციონერის) და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის კონსტანტინ იურის ძე ობუხოვის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ კრედიტორი არ აპირებს შპს ,,ასტორია-1''-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარდგენას სასამართლოში და თანახმაა მოვალე გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. ამიტომ, სახეზეა მოვალეს გაკოტრებულად გამოცხადებისა და მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, რაც გამომდინარეობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლით დადგენილი ქცევის წესებიდან. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. ჩვენს შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახური განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის დროისათვის არ ითვლება კანონის მიზნებიდან გამომდინარე კრედიტორად და მას უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სხვა კრედიტორს (კრედიტორებს) სასამართლოსათვის არ მოუმართავთ, შპს ,,ასტორია 1'' უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი, 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 დაადგინა:

1. უარი ეთქვას სსიპ – შემოსავლების სამსახურს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს ,,ასტორია-1'' (ს/ნ 405024209) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ასტორია-1'' -ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე  ლევან მიქაბერიძე.