საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 24.01.2019
ძალაში შესვლა 24.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №800/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2019
matsne.gov.ge 2,225 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2019 მიღება
24.01.2019 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ 91% 26.08.2015 შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 91% 26.11.2019 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 90% 29.06.2023 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 90% 27.08.2015 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 17.07.1998

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (შემდგომში − „სასამართლო“) და საქართველოს მთავრობა (შემდგომში − „მთავრობა“), პრეამბულა ითვალისწინებენ რა, 1998 წლის 17 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (შემდგომში − „რომის სტატუტი“) 103-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სახელმწიფოში იმ სახელმწიფოთა სიიდან, რომლებიც გამოხატავენ მზადყოფნას სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირების მიღებისათვის; ითვალისწინებენ რა, სასამართლოს პროცედურისა და მტკიცებულების წესების (შემდგომში − „წეს(ებ)ი“) მე-200 წესის მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ შესაძლოა, დადოს ორმხრივი შეთანხმებები სახელმწიფოებთან სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებულ პირთა მიღებისთვის სისტემის შექმნის მიზნით რომის სტატუტთან შესაბამისობაში; ითვალისწინებენ რა, პატიმრებთან მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, გენერალური ასამბლეის 2015 წლის 17 დეკემბრის 70/175 რეზოლუციით მიღებულ „პატიმრებთან მოპყრობის შესახებ მინიმალურ სტანდარტულ წესებს“ („ნელსონ მანდელას წესები“), გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის 43/173 რეზოლუციით მიღებულ „პრინციპთა ერთობლიობას ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა დასაცავად“ და გენერალური ასამბლეის 1990 წლის 14 დეკემბრის 45/111 რეზოლუციით მიღებულ „პატიმართა მოპყრობის ძირითად პრინციპებს“; აღნიშნავენ რა, მთავრობის მზადყოფნას, მიიღოს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირები; იმ მიზნით, რომ შეიქმნას ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში სასჯელების აღსრულების პირობებს; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 შეთანხმების მიზანი და ფარგლები შეთანხმება აწესრიგებს სასამართლოს მიერ შეფარდებული და საქართველოში მოსახდელი სასჯელების აღსრულებასთან დაკავშირებულ ან მისგან წამოჭრილ საკითხებს. წინამდებარე შეთანხმებით, ან სტატუტით ან წესებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საკითხები წესრიგდება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. მუხლი 2🔗 სასჯელშეფარდებული პირის განთავსებასთან დაკავშირებული პროცედურა და ინფორმაცია 1. სასამართლო პალატის მიერ ბრალდებულისათვის სასჯელის შეფარდების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარის აპარატმა (შემდგომში − „თავმჯდომარის აპარატი“) მთავრობას უნდა შეატყობინოს და სთხოვოს, გონივრულ ვადაში, პრაქტიკული მიზნებისთვის, აცნობოს თავისი მზადყოფნა სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მისაღებად. 2. თუ მთავრობა გამოხატავს მზაობას, პრაქტიკული მიზნებისთვის მიიღოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირი, თავმჯდომარის აპარატი მთავრობას მოსთხოვს, წარუდგინოს სასამართლოს განახლებული ინფორმაცია ეროვნული პენიტენციური სისტემის, მათ შორის, ახლად მიღებული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული სახელმძღვანელო წესების შესახებ. 3. თუ თავმჯდომარის აპარატი საქართველოს განსაზღვრავს, როგორც სახელმწიფოს, სადაც სასჯელშეფარდებულმა პირმა უნდა მოიხადოს სასჯელი, მან უნდა აცნობოს მთავრობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ. როდესაც მთავრობას ეცნობება სასჯელის აღსრულების სახელმწიფოდ განსაზღვრის შესახებ, თავმჯდომარის აპარატმა საქართველოს, სხვებს შორის, უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) სასჯელშეფარდებული პირის ვინაობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ფოტოსურათით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სახელის და გვარის, მოქალაქეობის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ; ბ) მსჯავრდებისა და სასჯელის შეფარდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების ასლი; გ) მოსახდელი სასჯელის ვადა, დაწყების თარიღი და სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადა; დ) თარიღი, როდესაც სასჯელშეფარდებულ პირს შეუძლია გადასინჯვის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის ვადის შემცირების შესახებ; ე) სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვის გათვალისწინებით, ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია სასჯელშეფარდებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომელსაც ის იღებს. 4. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დააფიქსიროს პოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და შეატყობინოს თავმჯდომარის აპარატს, ეთანხმება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელშეფარდებული პირის საქართველოში განთავსებაზე. მუხლი 3🔗 სასჯელშეფარდებული პირის გადაცემა 1. სასჯელშეფარდებული პირი უნდა გადაეცეს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მას შემდეგ, რაც მთავრობა თანხმობას განაცხადებს სასჯელის აღსრულების სახელმწიფოდ განსაზღვრაზე. 2. სასამართლოს განმწესრიგებელმა (შემდგომში − „განმწესრიგებელი“) უნდა უზრუნველყოს სასჯელშეფარდებული პირის სათანადო გადაცემა მთავრობასა და სასამართლოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან კონსულტაციით. გადაცემის დასრულების შემდეგ განმწესრიგებელი ამის შესახებ შეატყობინებს სასჯელშეფარდებული პირის მიერ „სამდივნოს რეგულაციების“ 186-ე რეგულაციის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულ პირს. ამ პირის საკონტაქტო მონაცემები უნდა გადაეცეს მთავრობას. მუხლი 4🔗 სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველობა და თავისუფლების აღკვეთის პირობები 1. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდა უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს ზედამხედველობას და შეესაბამებოდეს პატიმართა მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. 2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის აღსრულების და თავისუფლების აღკვეთის პირობების ზედამხედველობისთვის საჭირო ინფორმაციის ან მონაცემების მიწოდება არ უნდა შეაფერხოს სასჯელშეფარდებულმა პირმა ან მიწოდება დამოკიდებული არ უნდა იყოს მის თანხმობაზე. 3. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ზედამხედველობის მიზნით თავმჯდომარის აპარატი: ა) საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვს ნებისმიერ ინფორმაციას, ანგარიშს ან ექსპერტის დასკვნას მთავრობისგან ან სხვა ნებისმიერი სანდო წყაროსგან; ბ) როდესაც მისაღებია, განსაზღვრავს სასამართლოს მოსამართლეს ან სასამართლოს პერსონალის წევრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, მთავრობისთვის შეტყობინების შემდეგ შეხვდეს სასჯელშეფარდებულ პირს და მოისმინოს მისი შეხედულებები ეროვნული უწყებების დაუსწრებლად; გ) როდესაც მისაღებია, მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, გააკეთოს კომენტარი სასჯელშეფარდებული პირის მიერ ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოთქმულ შეხედულებებზე. 4. სასჯელშეფარდებულ პირსა და სასამართლოს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს შეუფერხებელი და კონფიდენციალური. თავმჯდომარის აპარატმა მთავრობასთან კონსულტაციით უნდა დაიცვას ეს მოთხოვნები, როდესაც შეიმუშავებს შესაბამის საშუალებებს სასჯელშეფარდებული პირის მიერ თავისუფლების აღკვეთის პირობების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდების უფლების განხორციელებისთვის. 5. თავისუფლების აღკვეთის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა შეესაბამებოდეს პატიმართა მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. არავითარ შემთხვევაში ეს პირობები არ უნდა იყოს მეტად ან ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე საქართველოში მსგავსი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირებისათვის ხელმისაწვდომი პირობები. 6. მთავრობამ უნდა შეატყობინოს სასამართლოს ნებისმიერი გარემოების, მათ შორის, რომის სტატუტის 103-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ფარგლებში შეთანხმებული პირობების განხორციელების შესახებ, რომელმაც შესაძლოა, არსებითი გავლენა მოახდინოს თავისუფლების აღკვეთის პირობებსა და ფარგლებზე. სასამართლოს ნებისმიერი მსგავსი ცნობილი ან მოსალოდნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს, სულ მცირე, 45 დღით ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობამ არ უნდა მიიღოს არანაირი ზომა, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს რომის სტატუტის 110-ე მუხლით ნაკისრ ვალდებულებებზე. 7. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავმჯდომარის აპარატს სასჯელშეფარდებულ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 8. თუ სასჯელშეფარდებული პირი აკმაყოფილებს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ციხის პროგრამის ან შეღავათის მოთხოვნებს, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს რაიმე ტიპის საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების გარეთ, მთავრობამ ამ ფაქტის შესახებ უნდა აცნობოს თავმჯდომარის აპარატს სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ან მოსაზრებებთან ერთად გონივრული ვადით ადრე, რათა სასამართლოს ჰქონდეს სამეთვალყურეო ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობა. 9. მთავრობამ ნებართვა უნდა მისცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (შემდგომში – „წჯსკ“), გამოიკვლიოს სასჯელშეფარდებული პირ(ებ)ის თავისუფლების აღკვეთისა და მოპყრობის პირობები ნებისმიერ დროს და პერიოდულად. ვიზიტების სიხშირე განისაზღვრება წჯსკ-ის მიერ. სასჯელის აღსრულების სახელმწიფოში წჯსკ-ის თითოეული ვიზიტის შემდეგ: ა) წჯსკ-მა მთავრობასა და თავმჯდომარის აპარატს უნდა წარუდგინოს კონფიდენციალური ანგარიში თავისი ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებთან ერთად; ბ) მთავრობამ და თავმჯდომარის აპარატმა ერთმანეთთან უნდა გაიარონ კონსულტაცია ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თავმჯდომარის აპარატი მთავრობას მოსთხოვს ანგარიშს წჯსკ-ის რეკომენდაციების შედეგად თავისუფლების აღკვეთის პირობებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ; გ) მთავრობა და თავმჯდომარის აპარატი წჯსკ-ს წარუდგენენ ერთობლივ პასუხს ანგარიშის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ერთობლივი პასუხი უნდა ეხებოდეს ანგარიშის შედეგებს და დეტალურ ზომებს მთავრობასა და თავმჯდომარის აპარატის მიერ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად. მუხლი 5🔗 სასამართლოს წინაშე წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ სასჯელშეფარდებული პირის საქართველოში გადაყვანის შემდეგ სასამართლო მიიღებს განჩინებას სასჯელშეფარდებული პირის სასამართლოს წინაშე წარდგენის შესახებ, სასჯელშეფარდებული პირი დროებით უნდა გადაეცეს სასამართლოს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი საქართველოში დაბრუნების პირობით. სასამართლოს პატიმრობაში ყოფნის ვადა უნდა გამოაკლდეს საქართველოში მოსახდელი დარჩენილი სასჯელის საერთო ვადას. მუხლი 6🔗 სისხლისსამართლებრივი დევნისა და დასჯის შეზღუდვა 1. „სასჯელშეფარდებული პირი არ უნდა გასამართლდეს საქართველოს სასამართლოს მიერ რომის სტატუტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასამართლომ უკვე მსჯავრდებულად ცნო ან გაამართლა ეს პირი. 2. საქართველოში პატიმრობაში მყოფი სასჯელშეფარდებული პირი არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასჯელს, ან ექსტრადიციას სხვა სახელმწიფოში ნებისმიერი იმ ქმედებისათვის, რომელშიც ეს პირი მონაწილეობდა საქართველოში გადაყვანამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სისხლისსამართლებრივი დევნა, სასჯელი ან ექსტრადიცია ნებადართულია სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის მიერ მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვემოთ მოცემული მე-3 – მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით. 3. თუ მთავრობა აპირებს სასჯელშეფარდებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას ან მის მიმართ სასჯელის აღსრულებას ნებისმიერი იმ ქმედებისათვის, რომელშიც ეს პირი მონაწილეობდა საქართველოში გადაყვანამდე, საქართველომ ამ განზრახვის შესახებ უნდა აცნობოს სასამართლოს თავმჯდომარის აპარატს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: (i) საქმის ფაქტების აღწერილობა და მათი სამართლებრივი კვალიფიკაცია; (ii) ნებისმიერი გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმების, მათ შორის, ხანდაზმულობისა და შესაბამისი სასჯელების ნორმების ასლი; (iii) სასჯელის შესახებ განაჩენის, დაკავების შესახებ განკარგულების ან სხვა მსგავსი ძალის მქონე დოკუმენტის, ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილების ასლი, რომლის აღსრულებასაც გეგმავს სახელმწიფო; (iv) ოქმი სასჯელშეფარდებული პირის მოსაზრებების შესახებ, რომელიც შედგა მას შემდეგ, რაც მან მიიღო საკმარისი ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის თაობაზე. 4. სხვა სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ თავმჯდომარის აპარატს უნდა გაუგზავნოს სრული მოთხოვნა მსჯავრდებული პირის მოსაზრებების თაობაზე შედგენილ ოქმთან ერთად, რომელიც შედგა მას შემდეგ, რაც მან მიიღო საკმარისი ინფორმაცია ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ. 5. თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა, ყველა შემთხვევაში მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან დამატებითი ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან ან ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოსაგან. 6. თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა, გადაწყვიტოს სხდომის ჩატარება. 7. თავმჯდომარის აპარატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამართალწარმოებაში მონაწილე ყველა მხარეს. 8. თუ სისხლისსამართლებრივი დევნის, სასჯელის ან სხვა სახელმწიფოში ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა შეეხება სასჯელის აღსრულებას, სასჯელშეფარდებულმა პირმა აღნიშნული სასჯელი შესაძლოა, მოიხადოს საქართველოში ან მოხდეს მისი სხვა სახელმწიფოში ექსტრადიცია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად მოიხდის სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს. 9. თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა, გასცეს სასჯელშეფარდებული პირის სხვა სახელმწიფოში დროებითი ექსტრადიციის ნებართვა სისხლისსამართლებრივი დევნის სამართალწარმოებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებს გარანტიას, რომელსაც მიიჩნევს საკმარისად, რომ სასჯელშეფარდებული პირი იმ სახელმწიფოში დარჩება პატიმრობაში და უკანვე გადაეცემა საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნის სამართალწარმოების დასრულების შემდეგ. 10. ამ მუხლის მე-2 – მე-9 პუნქტები წყვეტს მოქმედებას, თუ სასჯელშეფარდებული პირი ნებაყოფლობით დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლოს მიერ შეფარდებული სრული სასჯელის მოხდიდან 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან დაბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე მისი დატოვების შემდეგ. მუხლი 7🔗 სასჯელის გასაჩივრება, გადასინჯვა, შემცირება და გახანგრძლივება 1. წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული პირობების შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არის სავალდებულო საქართველოსთვის, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოს ის. 2. საქართველომ არ უნდა გაათავისუფლოს პირი პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის ვადის გასვლამდე. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სასჯელის აღსრულება, როგორც კი სასამართლოსგან მიიღებს შეტყობინებას ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ზომის შესახებ, რომლის შედეგად სასჯელი აღარ ექვემდებარება აღსრულებას. 3. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განიხილოს ნებისმიერი განაცხადი გასაჩივრების ან გადასინჯვის მოთხოვნით და მთავრობამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასჯელშეფარდებული პირის მიერ ნებისმიერი ამგვარი განაცხადის გაკეთებას. 4. მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის ნებისმიერი ფორმით შემცირების შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის შემცირებაზე მას შემდეგ, რაც მოუსმენს სასჯელშეფარდებულ პირს. 5. როდესაც თავმჯდომარის აპარატი გადაწყვეტს სასჯელის გახანგრძლივებას 146-ე წესის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა, მთავრობისგან მოითხოვოს კომენტარის გაკეთება. მუხლი 8🔗 პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევა 1. თუ სასჯელშეფარდებული პირი გაიქცევა პატიმრობიდან, მთავრობამ, რაც შეიძლება სწრაფად, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს განმწესრიგებელი ნებისმიერი იმ საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება. 2. თუ სასჯელშეფარდებული პირი გაიქცევა საპატიმროდან და დატოვებს საქართველოს, მთავრობამ შესაძლოა, თავმჯდომარის აპარატთან კონსულტაციის შემდეგ, არსებული ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, მოითხოვოს ამ პირის ექსტრადიცია ან გადაცემა იმ სახელმწიფოდან, რომელშიც ეს პირი იმყოფება, ან შესაძლოა, იშუამდგომლოს, რომ თავმჯდომარის აპარატმა მოითხოვოს პირის გადაცემა რომის სტატუტის მე-9 ნაწილის შესაბამისად. თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა, მოითხოვოს პირის გადაცემა საქართველოში ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხვა სახელმწიფოში. 3. თუ სახელმწიფო, რომელშიც იმყოფება სასჯელშეფარდებული პირი, დათანხმდება, რომ გადასცეს ის საქართველოს, საერთაშორისო შეთანხმებების ან თავისივე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობამ განმწესრიგებელს წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ. პირი საქართველოს უნდა გადაეცეს, რაც შეიძლება სწრაფად, თუ საჭიროა, განმწესრიგებელთან კონსულტაციით. განმწესრიგებელმა უნდა გაუწიოს ნებისმიერი საჭირო დახმარება, მათ შორის, თუ საჭიროა, შესაბამისი სახელმწიფოებისათვის ტრანზიტის მოთხოვნების წარდგენით, 207-ე წესის შესაბამისად. 4. თუ სასჯელშეფარდებული პირი გადაეცემა სასამართლოს, სასამართლომ იგი უნდა გადასცეს საქართველოს. მიუხედავად ამისა, თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა, საკუთარი ინიციატივით ან პროკურორის, ან მთავრობის მოთხოვნით, განსაზღვროს სხვა სახელმწიფო, მათ შორის, ის სახელმწიფოც, რომლის ტერიტორიაზეც გაიქცა სასჯელშეფარდებული პირი. 5. ყველა შემთხვევაში, დაკავების მთლიანი პერიოდი იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც სასჯელშეფარდებული პირი იყო დაკავებული პატიმრობიდან მისი გაქცევის შემდეგ, და როდესაც გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტი, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე გატარებული დაკავების პერიოდი იმ სახელმწიფოდან გადაცემის შემდეგ, რომელშიც იგი იმყოფებოდა, უნდა გამოაკლდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადას. მუხლი 9🔗 სასჯელის აღსრულების სახელმწიფოდ საქართველოს განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა 1. თავმჯდომარის აპარატმა საკუთარი ინიციატივით ან მთავრობის, ან სასჯელშეფარდებული პირის, ან პროკურორის მოთხოვნით, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გადაწყვიტოს სასჯელშეფარდებული პირის გადაცემა სხვა სახელმწიფოს საპატიმროსთვის. 2. სასჯელის აღსრულების სახელმწიფოდ საქართველოს განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლამდე, თავმჯდომარის აპარატმა შესაძლოა: ა) მოითხოვოს მთავრობის პოზიცია; ბ) განიხილოს სასჯელშეფარდებული პირისა და პროკურორის წერილობითი და ზეპირი მიმართვები; გ) განიხილოს ექსპერტის წერილობითი ან ზეპირი დასკვნა, მათ შორის, სასჯელშეფარდებული პირის შესახებ; დ) მოიპოვოს ნებისმიერი სხვა სათანადო ინფორმაცია ნებისმიერი სანდო წყაროდან. 3. თავმჯდომარის აპარატმა უნდა შეატყობინოს სასჯელშეფარდებულ პირს, პროკურორს, განმწესრიგებელსა და მთავრობას თავისი გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ. მუხლი 10🔗 სასჯელის მოხდის შემდეგ სასჯელშეფარდებული პირის გადაცემა 1. მთავრობამ უნდა შეატყობინოს თავმჯდომარის აპარატს: ა) სასჯელის მოხდის დასრულების განსაზღვრულ თარიღამდე 90 კალენდარული დღით ადრე, რომ დასრულდება სასჯელის მოხდა; ბ) სასჯელის მოხდის დასრულების განსაზღვრულ თარიღამდე 30 კალენდარული დღით ადრე ინფორმაცია მთავრობის განზრახვის შესახებ, მისცეს პირს მის ტერიტორიაზე დარჩენის ნებართვა ან ადგილმდებარეობა, სადაც იგი აპირებს პირის გადაცემას. 2. სასჯელის მოხდის შემდეგ სასჯელშეფარდებული პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა, გადაეცეს იმ სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია, მიიღოს იგი, ან სახელმწიფოს, რომელიც თანახმაა, მიიღოს იგი, ამ სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ პირის ნებისმიერი სურვილის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მთავრობა ამ პირს მისცემს თავის ტერიტორიაზე დარჩენის ნებართვას. 3. მე-6 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, საქართველომ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე შესაძლოა, გადაწყვიტოს პირის ექსტრადირება ან სხვაგვარად პირის გადაცემა იმ სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოითხოვა ექსტრადიცია ან პირის გადაცემა გასამართლებისთვის ან სასჯელის აღსრულებისთვის. მუხლი 11🔗 ხარჯები 1. საქართველოს ტერიტორიაზე სასჯელის აღსრულებისთვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები უნდა დაფაროს მთავრობამ. 2. სხვა ხარჯებს, მათ შორის, სასჯელშეფარდებული პირის ტრანსპორტირებას სასამართლოს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიიდან, და ტრანსპორტირებას საქართველოში და საქართველოდან, დაფარავს სასამართლო. 3. გაქცევის შემთხვევაში, სასჯელშეფარდებული პირის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფაროს სასამართლომ, თუ ამ ხარჯებს არ კისრულობს სხვა სახელმწიფო. მუხლი 12🔗 კომუნიკაციის არხები 1. მთავრობისთვის კომუნიკაციის არხი იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი. 2. სასამართლოსთვის კომუნიკაციის არხი იქნება თავმჯდომარის აპარატის იურიდიული და აღსრულების განყოფილება. მუხლი 13🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. მუხლი 14🔗 ცვლილებები და შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია იმავე პროცედურით, რაც განსაზღვრულია მისი ძალაში შესვლისთვის მე-13 მუხლში. 2. მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოითხოვოს თანხმობის პირობები სასჯელთა აღსრულების სახელმწიფოთა სიაში ჩაწერაზე თანხმობის შესახებ. ნებისმიერი შესწორება ან დამატება ასეთ პირობებში დაექვემდებარება დადასტურებას თავმჯდომარის აპარატის მიერ. 3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა შესაძლებელია კონსულტაციის შემდეგ ნებისმიერი მხარის მიერ, სულ მცირე ორი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით. ამგვარი შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს შეწყვეტის მომენტისათვის ძალაში შესული სასჯელების აღსრულებაზე და შეთანხმების დებულებები განაგრძობს მოქმედებას, სანამ არ დასრულდება ან არ შეწყდება სასჯელის მოხდა, ან არ მოხდება სასჯელშეფარდებული პირის გადაცემა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ამისათვის სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. ჰააგაში, 2019 წლის 24 იანვარს, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე. სასამართლოს სახელით                                                       საქართველოს მთავრობის სახელით ________________________________________ მოსამართლე რობერტ ფრემრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე     ________________________________________      თეა წულუკიანი      საქართველოს იუსტიციის მინისტრი